Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გიორგი ადამია: საქართველოს აზერბაიჯანის დაფინანსების ნახევარი მაინც რომ ჰქონდეს...

გიორგი ადამია: საქართველოს აზერბაიჯანის დაფინანსების ნახევარი მაინც რომ ჰქონდეს...

2013-08-06 14:50:00

"ზესტაფონი" მხოლოდ ახალი მწვრთნელით როდი დაიწყებს დამდეგ სეზონს, გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიცაა, მათ შორის - 32 წლის თავდამსხმელი გიორგი ადამია. ამ შემტევმა თავი ჯერ კიდევ თსუ-ში თამაშით გაგვაცნო, მერე 3 წელი (2001-04) თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელი იყო და ამ გუნდში საქართველოს ჩემპიონიც გახდა. კაცის მოტყუება, გოლის გატანა, თამაშის გამწვავება, მეტოქისთვის ფლანგიდან თავგზის აბნევა - ადამია ამ ყველაფერს ოსტატურად აკეთებდა. აზერბაიჯანულ გუნდებში ის ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო, ამ ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა, ერთხელ ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მისთვის არც ერთ მწვრთნელს არ მიუცია შანსი...ახლა ადამია "ზესტაფონშია" და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს რატკო დოსტანიჩის გუნდში...- "ზესტაფონს" თურქულ შეკრებაზე ახლდით. როგორია პირველი შთაბეჭდილებები ახალ კლუბში?- შთაბეჭდილება ძალიან კარგია. ჩემთვის მეტად სასიამოვნოა, რომ ამდენი ხნის შემდეგ საკუთარი ქვეყნის გუნდში დავბრუნდი. დასანანი ის არის, რომ სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით, "ზესტაფონმა" ახალი სეზონისთვის მზადება გვიან დაიწყო. სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმალურადაა. თუ როგორ მოვემზადეთ სეზონისთვის, ამას საქართველოს ჩემპიონატის მატჩები დაგვანახვებს.- ბაქოს "ინტერიდან" "ზესტაფონში" როგორ აღმოჩნდით?- სოსო გრიშიკაშვილისა და "ზესტაფონის" სპორტულ დირექტორ მიხეილ ხუციშვილის მონაწილეობით მოხდა ჩემი დაკავშირება ამ კლუბთან. - როგორც შევიტყვეთ, ბაქოს "ინტერიდან" თქვენი წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ ტრავმის შემდეგ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში და ვარჯიში გაგიძნელდებოდათ, "ინტერი" კი სწორედ ასეთ მოედანზე თამაშობს...- ასეთი "დიაგნოზი" იქაურმა ექიმებმა დასვეს და არა მგონია, სიმართლესთან ახლოს იყოს. შარშან მართლაც მძიმე ტრავმა მივიღე, კოჭის მყესები გამიწყდა და ოპერაციის შემდეგ რამდენჯერმე დამჭირდა სარეაბილიტაციო პროცედურები. სრულფასოვანი ვარჯიში მაშინღა დავიწყე, როცა "ზესტაფონში" მოვედი.- ახლა როგორ გრძნობთ თავს? კოჭის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა?- ახლა კარგად ვარ, მდგომარეობა უკეთესია, უბრალოდ, ბევრი დრო გამიცდა და გარკვეული პერიოდი დამჭირდება ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად. ვეცდები, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ყველაფერი.- თურქულ შეკრებაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრებში რატკო დოსტანიჩი რა პოზიციაზე გათამაშებდათ? - ცენტრალურ თავდამსხმელად ან უკანდახეულ ფორვარდად.- როგორ შეატყვეთ, დოსტანიჩს რა კონცეფცია აქვს, რაზე აკეთებდა აქცენტს?- თურქულ შეკრებაზე აქცენტი ტაქტიკურ მონახაზზე კეთდებოდა. პრესინგი, ბურთთან რაც შეიძლება მეტხანს ყოფნა... დოსტანიჩი უფრო თანამედროვე სტილს ანიჭებს უპირატესობას და არა - ბურთის მოცილებას და მეტოქის საჯარიმოსთან ჩაგდებას. ის ტექნიკური, კომბინაციური სტილის დამკვიდრებას ცდილობს.- იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ქართულ გუნდებთან დაკავშირებით გაქვთ, თუ შეგიძლიათ "ზესტაფონის" პოტენციალის შეფასება?- 9 წელია საქართველოში არ მითამაშია, თუმცა დაახლოებით ვიცი, რა დონის გუნდებთან მომიწევს თამაში. სეზონი რომ დაიწყება, მერე უფრო კარგად გავიცნობ სიტუაციას და მოდით, შეფასებებიც მომავლისთვის გადავდოთ.- რა იქნება "ზესტაფონის" მიზანი ამ სეზონში?- ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა.- წლეულს, აზერბაიჯანულმა გუნდებმა ევროსარბიელზე სუსტად იასპარეზეს. ამის მიზეზად რას მიიჩნევთ? ფაქტია, რომ იქაურ საკლუბო ფეხბურთში სულ უფრო და უფრო მეტი ფული იხარჯება...- "ყარაბაღს" თუ არ ჩავთვლით, აზერბაიჯანულმა გუნდებმა წლევანდელი ევროტურნირები მართლაც ჩააგდეს, არადა, შარშან ბაქოს "ნეფთჩიმ" ევროპის ლიგის ჯგუფში ითამაშა. მიუხედავად წლევანდელი წარუმატებლობისა, აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი მაინც წინ მიიწევს. სხვა საქმეა, რომ ასეთი რესურსით უფრო სწრაფადაც შეიძლება წინსვლა.- ქართულ საკლუბო ფეხბურთში რომ იყოს იმ დონის დაფინანსება, რაც აზერბაიჯანულ კლუბებშია, როგორ ფიქრობთ, განვითარების რა დონეზე იქნებოდნენ ჩვენი კლუბები?- ვფიქრობ, ამ რესურსის ნახევარიც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ქართულ კლუბებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მიეღწიათ. - 32 წლის ხართ. ეს ის პერიოდია, როცა ზოგ ფეხბურთელს უკვე ეტყობა ასაკი. ქართველ გულშემატკივარს ისეთი გიორგი ადამია ახსოვს, სწრაფად რომ აკეთებდა ყველაფერს და დრიბლინგი არ დაეწუნებოდა. საქართველოს ჩემპიონატში 9 წლის შემდეგ დაბრუნებული ადამია ისეთივე იქნება, როგორიც "ვიტ ჯორჯიაში" იყო?- ტრავმამ შემიშალა ხელი, თორემ... ისე კი, მჯერა, კვლავაც შემიძლია კარგად თამაში და მოტივირებულიც ვარ, იმაზე უკეთ გამომივიდეს, ვიდრე ამას "ვიტ ჯორჯიაში" ვახერხებდი. - აზერბაიჯანის ჩემპიონატში არა ერთი წარმატებული სეზონი გითამაშიათ, თუმცა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ გქონიათა. როგორ ფიქრობთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ აზერბაიჯანში თამაშობდით? - 9 წლის წინ რომ წავედი აზერბაიჯანში, არ იყო ისეთი დონე, როგორიც ახლაა. დონემ ნელ-ნელა მოიმატა, სახელიანი ფეხბურთელები ჩადიან, თუმცა ყველა ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობის წარმოჩენას, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონატი საკმაოდ რთული სათამაშოა და ნამდვილად არ არის იმ დონის, რომ იქ მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოიძახო...ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :