Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გავაკეთოთ აღმოჩენები



მყავს ხუთი წლის შვილი. საოცრად ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს, უამრავ კითხვას სვამს, განსაკუთრებით - სეირნობისას. წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა კითხვა უჩნდება. როგორ ავუხსნა ყველაფერი მისთვის გასაგები, მარტივი ენით? რაზე გავამახვილო ყურადღება? ჩვეულებრივი გასეირნება ბავშვთან ერთად შეიძლება ძალიან საინტერესო და სასარგებლო გავხადოთ, თუ ყურადღებას მივაქცევთ პატარას მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას. მაშ ასე - რას მივაპყროთ ბავშვის ყურადღება? წელიწადის დროებიწელიწადის სხვადასხვა დროს გარემო სხვადასხვანაირია, შესაბამისად, ბავშვის აღქმაშიც სხვადასხვანაირად შემოდის: გაზაფხული - ახალგაღვიძებული ბუნება, სიმწვანე, აყვავებული ხეები, ბუჩქები, ყვავილები, ნათელი ცა, ამ ფონზე - მხიარული და მოღიმარი ადამიანები, გაზაფხულის სურნელი... ყოველივე ეს, ბუნებრივია, სიამოვნებას ჰგვრის ბავშვის თვალსა და გონებას. ზაფხული - მცხუნვარე, ოქროსფერი მზე, ნაირფერი ტანსაცმელი, ლაშქრობა, პიკნიკი, ბუნებასთან სიახლოვე, მთებისა და ზღვის სილამაზე. შემოდგომა - ულამაზესი ფერები და პეიზაჟები, ნაირ-ნაირი ხილი. ზამთარი - თეთრად გადაპენტილი არემარე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ამ დროს გამორჩეულად ამაღლებულია პატარების გუნება-განწყობილებაც. ცა: ფერთა თამაში ის ცოცხალია, ყოველწამიერად იცვლება, ისევე როგორც ადამიანის სახე. ასე პატარა გაეცნობა სიტყვებს: "იღრუბლება", "ნათელი", "მოწმენდილი", "სუფთა", "მოქუფრული", "მოწყენილი" და ა. შ. ცაზე ფერები ერთმანეთს ენაცვლება: ის ხან ბაცი ცისფერია, ხან იასამნისფერი, ხან მელნისფერი, ხან ვარდისფერი, ოქროსფერი, ხან - ცეცხლისფერი... როგორ მივაპყროთ ამას ბავშვის ყურადღება? შეთანხმდით: ამ სახლსა და ამ სახლს შორის "ჩვენი ცაა" - და დააკვირდით მას, აღწერეთ. ღრუბლები ხშირად მოგვაგონებენ ამა თუ იმ ცხოველს, ფრინველს, მთას და ა. შ. სცადეთ, მოიგონოთ ისტორიები ფანტასტიკური პერსონაჟების შესახებ, რომელთაც მიამსგავსებთ ღრუბლებს, რასაც იმწუთას დაინახავს თქვენი პატარა. ეს პერსონაჟი შეიძლება იყოს კეთილი, მხიარული, ბრაზიანი, ბოროტი... ბავშვი იმსჯელებს, რაც ხელს შეუწყობს მისი მეტყველების განვითარებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფანტაზიის, წარმოსახვის უნარის განვითარებას. რას მოგვითხრობენ მცენარეებიპატარა ნატურალისტები ზოგჯერ უფროსებზე დაკვირვებულნი არიან, გაცილებით ყურადღებიანნი. უყვართ მცენარეების კვლევა, აკვირდებიან მწერებს... დააკვირდით ბავშვთან ერთად სხვადასხვა მცენარეს, განსაკუთრებით იმათ, რომელთაც აქვთ სათესლე კოლოფი, მაგალითად, თალგამურას. მოწყვიტეთ ასეთი კოლოფი და გადმოყარეთ თესლი. თესლი შეიძლება ჩავიყაროთ ჯიბეში (შეიძლება ტილოს თოფრაკის საგანგებოდ წაღებაც), წავიღოთ შინ და დავთესოთ. რატომ არის კენკროვანთა უმეტესობა წითელი ფერის? ალბათ იმისთვის, რომ ადვილად შევამჩნიოთ. ბავშვს შეიძლება ვაჩვენოთ ცხოველები, რომლებიც კენკრას შეექცევიან - აი, ვისთვის არის ეს მცენარეები წითელი! ყურადღება მიაქციეთ ფიჭვის წიწვებსა და გირჩებს. გაზაფხულზე წიწვები რბილ ფუნჯებს ჰგავს, პატარებს უყვართ მათთან შეხება. ზაფხულში გირჩები მაგრდება და მკვრივდება, მაგრამ მწვანე ფერს ინარჩუნებს. როგორები არიან ისინი შემოდგომაზე? ზამთარში? ჰგავს თუ არა ფიჭვი ფოთლოვან ხეებს? ზოგიერთი ჰგავს და წიწვებიც ისევე სცვივა, როგორც ფოთლოვან ხეებს - ფოთლები. ნეტავ რატომ? ტბა, მდინარე, გუბურა აზროვნების კიდევ ერთი წყაროა. წყალი ხან თხევადია, ხან მყარი, გაყინული; სხვადასხვა ფერისაა: ტბა - მომწვანო, ზღვა - ლურჯი და ასე შემდეგ. წყალში მრავალი სხვადასხვა ჯურის ცოცხალი არსება ბინადრობს. გრძნობადი შთაბეჭდილებების შესანიშნავი წყაროა შემოდგომის ფოთლები. შეიძლება მოაწყოთ შეჯიბრებაც - ვინ უფრო ლამაზ ფოთოლს იპოვის. ამ დროს ბავშვს შეგიძლიათ მიანიშნოთ: "შეხედე, მას ბაცი წითელი შეფერილობა აქვს, მოწითალო ლაქები, ხოლო შიგნით ჯერ კიდევ მწვანეა. ეს ფოთოლი კი ყვითელია, ყავისფრად დაძარღვული". ასე ბავშვი ფერთა სამყაროში გაერკვევა, განუვითარდება გემოვნება, სილამაზის აღქმის უნარი. თუ ცოტათი ბოტანიკაშიც გავერკვევით, შეიძლება ბევრი რამ ვუამბოთ პატარას მცენარეების შესახებ, რომელთაც ის ფეხით თელავს. შინ დაბრუნებული ბავშვი ბებიას და ბაბუას, უფროს დაიკოს ან ძამიკოს მოუყვება, რა ნახა. ეს იმას ნიშნავს, რომ გასეირნებამ სარგებლობა მოიტანა - ბავშვმა შეიძინა ცოდნა, შთაბეჭდილებები და მათი გაზიარების მოთხოვნილებაც გაუჩნდა. როცა ასეთი გასეირნება ხშირია, ეს გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე, პიროვნულ თვისებებზე. მას ეყვარება ბუნება. არასოდეს იქნება გულგრილი მის მიმართ.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :