Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გაუტკივარება



გაუტკივარება ტკივილის შეგრძნების ხელოვნური გზით დათრგუნვაა, რაც აუცილებელია ქირურგიული მანიპულაციებისა და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურის დროს. მედიცინის იმ დარგს, რომელიც გაუტკივარებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს შეისწავლის, ანესთეზიოლოგია ეწოდება. ტერმინი ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით "უგრძნობლობას" ნიშნავს. მედიცინაში ის ორ მოვლენას გულისხმობს: 1. გარეშე გამღიზიანებლებისადმი ტკივილის შეგრძნების შესუსტებას ან დაკარგვას; 2. გაუტკივარებას, რომელიც სპეციალური საშუალებებით მიიღწევა. ანესთეზიის ისტორიატკივილის დამარცხება და გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგენა - ეს ის ორი იდეაა, რომლებზეც კაცობრიობას ყველაზე მეტი უფიქრია, ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციისას ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-IV საუკუნეებში იყენებდნენ. ამას მოწმობს ებერსის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნით დათარიღებული პაპირუსი, რომელშიც ოპერაციამდე ტკივილის გაყუჩების პროცესია აღწერილი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად კი ლენცოფა, ოპიუმი და ალკოჰოლია გამოყენებული. ეს პირველი საანესთეზიო საშუალებებია, რომლებსაც არა მხოლოდ ეგვიპტელები, არამედ ძველ ბერძნები, რომაელები, ჩინელები და ინდოელებიც მიმართავდნენ. მართალია, ოპიუმს უხსოვარი დროიდან იცნობდნენ, მაგრამ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად ის მხოლოდ XIX საუკუნეში აღიარეს, მას შემდეგ, რაც მან ჩინეთიდან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ევროპაში ოპიატების სწრაფ გავრცელებას დიდად შეუწყო ხელი XIX საუკუნის დასაწყისში ოპიუმისგან აქტიური კომპონენტის - მორფინის მიღებამ. ეს უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება გამოდგა, რომელმაც მოგვიანებით მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. 1846 წლის ოქტომბერში ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გვარად მორტონმა, წარმატებული საჯარო ექსპერიმენტით ახალი საანესთეზიო საშუალება - აზოტის ქვეჟანგი, ეგრეთ წოდებული მალხენი აირი, დაარეგისტრირა, რომელიც საანესთეზიო ნივთიერებათა შორის უმალ ლიდერად იქცა, თუმცა მალხენი აირი მორტონს არ აღმოუჩენია - ეს ცნობილი ინგლისელი ქიმიკოსის ჰემფრი დევიდსის დამსახურება გახლდათ. რაც შეეხება ადგილობრივ გაუტკივარებას, როგორც ანესთეზიის ერთ-ერთ სახეს, მის აღმოჩენას გერმანელ ქირურგს კარლ ლუდვიგ შლაიხს უნდა ვუმადლოდეთ. 1892 წლის აპრილში მან ადგილობრივი ანესთეზიის აღმოჩენით გაუტკივარებისთვის ბრძოლა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ მეცნიერები, გამარჯვებით დაასრულა. 1898 წლის 24 აგვისტოს კი მედიცინას გერმანელი მეცნიერის, გენიალური ქირურგის ავგუსტ ბირის დამსახურებით სპინალური ანესთეზია მოევლინა. საანესთეზიო საშუალებანიანესთეტიკები - ასე ეწოდება იმ ქიმიურ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც სამედიცინო მანიპულაციებისას ტკივილი ითრგუნება. საანესთეზიო ნივთიერებების ორი ძირითადი ჯგუფია ცნობილი: 1.  შიდავენური პრეპარატები;  2. საინჰალაციო სანარკოზე პრეპარატები (აირები).შიდავენური ანესთეტიკები 4 კატეგორიად იყოფა:საძილე საშუალებებია ბარბიტურატები, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტის სწრაფ, კომფორტულ დაძინებას და ასევე სწრაფ გამოღვიძებას;ნარკოტიკულ ანალგეტიკებს (მაგალითად, მორფინს) ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ. ისინი აძლიერებენ სხვა სახის ტკივილგამაყუჩებელთა მოქმედებას;სედაციური (დამაწყნარებელი) საშუალებები უმთავრესად სხვა სახის ანესთეტიკებთან ერთად გამოიყენება. ისინი ვენაში მანამდე შეჰყავთ, ვიდრე პაციენტი საოპერაციოში მოხვდება;დისოციაციური მოქმედების პრეპარატები პაციენტს გარესამყაროს რეალობისგან თიშავენ. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სახის საანესთეზიო საშუალებებთან კომბინირებულად.საინჰალაციო სანარკოზე პრეპარატები აიროვანი ანესთეტიკებია, რომლებიც ზოგადი ანესთეზიისას დამოუკიდებლად ან შიდავენურ ანესთეტიკებთან ერთად გამოიყენება. სანარკოზე აირები ორგანიზმში შესუნთქვით აღწევენ, ამიტომ მათი მოქმედება სწრაფად იწყება და ასევე სწრაფად ხდება მათი ორგანიზმიდან გამოდევნა - მათი მოქმედება ოპერაციის დასრულებისთანავე წყდება.ყველაზე ხშირად სანარკოზე აირებად გამოიყენება აზოტის ნაერთები და ეთეროვანი ნივთიერებები. აიროვანი ანესთეტიკების ორგანიზმში შეყვანის წესებიზოგჯერ აიროვანი ანესთეტიკები სხეულში სპეციალური ნიღბის საშუალებით შეიყვანება. ნიღაბი მიერთებულია სანარკოზე აპარატთან, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმს ზუსტად დოზირებული ჟანგბადისა და ანესთეტიკის ნარევი მიეწოდება. მისივე საშუალებით გამოიდევნება სუნთქვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი. ზოგჯერ ნიღბის ანალოგიურ ფუნქციას ტრაქეაში ჩადგმული ფირფიტოვანი ენდოტრაქეული მილი ასრულებს, რომელიც სასულეში პაციენტის დაძინების შემდეგ თავსდება. ასეთი მილის გამოყენებისას სასუნთქი გზები და ფილტვები საიმედოდ არის დაცული კუჭის შიგთავსის მოხვედრისგან. ანესთეზიის სახეებითანამედროვე მედიცინაში ანესთეზიის სამ ძირითად ფორმას იყენებენ: 1. ადგილობრივს; 2. ზოგადს (ნარკოზი); 3. რეგიონულს.ადგილობრივი ანესთეზია ადგილობრივი ანალგეტიკის უშუალოდ სამანიპულაციო არეში შეყვანას ითვალისწინებს. ის უპირატესად გამოიყენება არცთუ დიდი მასშტაბის ქირურგიული მანიპულაციებისას. მას, ჩვეულებრივ, თავად ქირურგი ატარებს. ოპერაციისას პაციენტი გონზეა, მაგრამ მტკივნეულ შეგრძნებებს არ განიცდის, ოპერაციის დამთავრების შემდეგ კი შეუძლია, შინ საკუთარი ფეხით წავიდეს.ზოგადი ანესთეზია (ნარკოზი) გამოიყენება ისეთი ოპერაციების დროს, რომლებიც ხანგრძლივად ითხოვს ტკივილის დათრგუნვას და პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებზე დაკვირვებას. ნარკოზის დროს პაციენტის მთელი სხეული, თავის ტვინის ჩათვლით, სანარკოზე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ამიტომ ავადმყოფი ვერაფერს გრძნობს და არც არაფერი ახსოვს. ზოგადი ანესთეზია ტარდება ვენაში თხევადი პრეპარატის შეყვანით ან სანარკოზე აირის შესუნთქვით, რომელიც სანარკოზე აპარატიდან პაციენტს სპეციალური ნიღბის და ენდოტრაქეული მილის საშუალებით მიეწოდება.ზოგადი ანესთეზია, თავის მხრივ, სამ სახეობად იყოფა. ესენია:1. შიდავენური ანესთეზია; 2. ნიღბისეული ნარკოზი;3. კომბინირებული ენდოტრაქეული ნარკოზი.შიდავენური ანესთეზია - ამ დროს ანესთეტიკები პირდაპირ ვენაში შეჰყავთ. დაძინების შემდეგ პაციენტის სუნთქვა ღრმავდება და იშვიათდება, ამიტომ გაუტკივარებისას მას აუცილებლად უნდა მიეწოდოს ჟანგბადი. ოპერაციის შემდეგ პაციენტები ადვილად და სწრაფად იღვიძებენ და რამდენიმე საათის შემდეგ შეუძლიათ შინ დაბრუნება.ნიღბისეული ნარკოზი - ამ დროს სანარკოზე ინჰალაციური ანესთეტიკები ორგანიზმში სპეციალური ნიღბის საშუალებით ხვდება. ამ სახის ნარკოზის დროს ინჰალაციურ ანესთეტიკებს საკმაოდ ხშირად შიდავენურ სანარკოზე ნივთიერებებს ამატებენ.კომბინირებული ენდოტრაქეული ნარკოზი ხანგრძლივი ან/და ტრავმული ოპერაციებისას გამოიყენება. სიტყვა "კომბინირებული" ნიშნავს, რომ სხვადასხვა ჯგუფის საშუალებები ერთდროულად გამოიყენება, რისი მიზანიც მაქსიმალური გაუტკივარება და ქირურგისთვის მუშაობის ოპტიმალური პირობების შექმნაა. კომბინირებული ენდოტრაქეული ნარკოზისას პაციენტი დამოუკიდებლად არ სუნთქავს (მისი სუნთქვა გამორთულია სპეციალური პრეპარატის საშუალებით). ფილტვების ნაცვლად ამას სანარკოზე აპარატი აკეთებს, რომელზეც პაციენტია მიერთებული. ნებისმიერი სახის ზოგადი ანესთეზიის გამოყენებისას ანესთეზიოლოგი მთელი ოპერაციის განმავლობაში აკვირდება ანესთეზიის მიმდინარეობას, აკონტროლებს სისხლის წნევას, გულის შეკუმშვათა სიხშირეს, სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონეს და პაციენტის სხეულის ტემპერატურას. რეგიონული ანესთეზია სხეულის სხვადასხვა რეგიონის იზოლირებულ გაუტკივარებას ისახავს მიზნად. გაუტკივარება მიიღწევა ზურგის ტვინის  არეში (სპინალური, ეპიდურული ანესთეზია) ან ნერვულ ღეროებზე ადგილობრივი ანესთეტიკის ინექციის შედეგად. ამის მიხედვით, განასხვავებენ რეგიონული ანესთეზიის სამ ძირითად ფორმას: სპინალურ (სუბდურულ) ანესთეზიას, ეპიდურულ ანესთეზიას და ნერვულ ღეროთა ბლოკადას.სპინალური ანესთეზია. ზურგის ტვინი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უმთავრესი ინსტანციაა, რომლის საშუალებითაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე განლაგებული ნერვული დაბოლოებებიდან ტკივილის იმპულსები თავის ტვინს გადაეცემა, სადაც ფორმირდება კიდეც ტკივილის შეგრძნება. სწორედ ამიტომ სპინალური ანესთეზიისას ზურგის ტვინის გარემომცველ სივრცეში, კერძოდ, იმ ზონაში, საიდანაც ოპერაციის ზომის შესაბამისი ნერვული წნული გამოდის, თხევადი ანესთეტიკი შეჰყავთ. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას. სპინალური ანესთეზიისას ანესთეტიკი შედის არა ზურგის ტვინში, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ მის მახლობელ სივრცეში. შედეგად ტკივილის აღმქმელი იმპულსები მანამდე ითრგუნება, ვიდრე თავის ტვინს მიაღწევს.გაუტკივარების ეს სახე ყველაზე ხშირად მენჯის ღრუს ორგანოებისა და ქვედა კიდურების ოპერაციისას გამოიყენება. ანესთეზიისას პაციენტი გვერდზე წევს ან ზის. ნემსის შეყვანა აბსოლუტურად უმტკივნეულია, რადგან კანში წინასწარ შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკი.ოპერაციისას პაციენტს, სურვილისამებრ, შეუძლია იყოს გონზე და არ განიცდიდეს არავითარ ტკივილს ან დაიძინოს.ეპიდურული ანესთეზია. ზოგჯერ სპინალურის ნაცვლად ეპიდურული ანესთეზია ტარდება. ამ შემთხვევაში ანესთეტიკი თავ-ზურგტვინის მფარავი მაგარი გარსის ზემოთ მდებარე ეპიდურულ სივრცეში შეჰყავთ. მისი შეყვანა ხდება ნემსით ან კათეტერით (სპეციალური ძალიან წვრილი ფირფიტოვანი მილით). კათეტერი საშუალებას იძლევა, ოპერაციის მსვლელობისას შეყვანილ იქნეს ანესთეტის დამატებითი დოზა. ასევე, გამოიყენება ოპერაციის შემდგომი გაუტკივარებისთვის.ეპიდურული ანესთეზიისას ნემსის ჩადგმამდე კანი ადგილობრივი ანესთეტიკის საშუალებით უტკივარდება, ასე რომ, ეპიდურული ანესთეზიაც სრულიად უმტკივნეულოა.ნერვულ ღეროთა ბლოკადა. ზედა და ქვედა კიდურები, ასევე - სხეულის სხვა ნაწილები შესაძლოა, გაუტკივარდეს ანესთეტიკის შეყვანით უშუალოდ საჭირო ნერვულ ღეროთა სიახლოვეს. ამას ნერვულ ღეროთა ბლოკათა ჰქვია. მაგალითად, ნერვთა ჯგუფი, რომელიც ზედა კიდურებს აინერვირებს, მხრის წნულად იწოდება და მათი მოქმედების დაბლოკვა შესაძლებელია ანესთეტიკის ინექციით იღლიის ფოსოში ან კისრის არეში. მსგავსი მანიპულაცია შეიძლება განხორციელდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც.ანესთეზიის სახეობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა. მას, პაციენტის ორგანიზმისა და მდგომარეობის მახასიათებელი უამრავი ფაქტორისა თუ მაჩვენებლის გათვალისწინებით, სპეციალისტთა ჯგუფი განსაზღვრავს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :