Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ექსპერიმენტი ბავშვებზე: საჭიროა თუ არა ეს?

ექსპერიმენტი ბავშვებზე: საჭიროა თუ არა ეს?



შემთხვევა განსჯისათვისერთმა მაღალმა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა ბავშვი კონსულტაციაზე მიიყვანა ჯერ ექიმთან, მერე - ფსიქოლოგთან. ის იქ თავისი სურვილით არ მისულა - პედაგოგებმა აიძულეს. საქმე ის არის, რომ მამამ, სპეციალობით ინჟინერმა, გადაწყვიტა, თავისი 10 წლის ვაჟი გენიოსად აღეზარდა. ბიჭი რვა წლის იყო, როცა მამამ თავის თავში პედაგოგიური მონაცემები აღმოაჩინა და შეუდგა შვილის აღზრდას თავის მიერ შემუშავებული სისტემით. იგი დღედაღამ ამეცადინებდა ბავშვს, ასწავლიდა ლიტერატურათმცოდნეობას, კოსმოსური მედიცინის საფუძვლებს... სწორედ იმხანად მამას უსიამოვნებები ჰქონდა სამსახურში, ცოლმაც მიატოვა - ვერ გაუძლო მის ახირებულ ხასიათს. და აი, მამამ მთელი ენერგია პედაგოგიური ექსპერიმენტებისკენ მიმართა. ის დაჟინებით მიისწრაფოდა დასახული მიზნისკენ და ანგარიშს არ უწევდა ბავშვის შესაძლებლობებს. მისი შვილის მასწავლებლები თავდაპირველად ირონიულად ეკიდებოდნენ მამის ექსპერიმენტებს. ეგონათ, დრო გავიდოდა, მამა დამშვიდდებოდა, სხვა საქმეს გამონახავდა და ბიჭს თავს დაანებებდა. მაგრამ რაც დრო გადიოდა, პედაგოგები მით უფრო წუხდნენ: ბიჭი იღლებოდა, დასვენება და თავისუფლება უნდოდა, მამა კი ისეთი საგნების სწავლას აიძულებდა, რომლებიც შესაძლოა მას არც არასოდეს დასჭირვებოდა. მამას იბარებდნენ სკოლაში, უხსნიდნენ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ ამაოდ. საჭირო გახდა ბიჭის ფსიქიატრთან გაგზავნა, რადგან მას უკვე გამოაჩნდა ფსიქიკური პათოლოგიის სიმპტომები. ექიმმა ბავშვს მკურნალობა დაუნიშნა, მაგრამ მამამ ამაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მამაც და შვილიც ფსიქოლოგთან მიიყვანეს, თუმცა მუშაობა მამასთან უფრო იყო საჭირო. ფსიქოლოგის არავითარ დარიგებას მამა არ დაემორჩილა. ერთადერთი, რაც მოხერხდა, ის იყო, რომ ბავშვი ნახევარი წლით სპეციალურ სანატორიუმში მოათავსეს. მან დაისვენა, მომჯობინდა, გაკაჟდა... ამასობაში მამა მეორედ დაქორწინდა და მთელი თავისი ძალა და ენერგია ახალი ოჯახისკენ გადაიტანა, შვილის წამებას კი თავი დაანება. *  *  *ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რაიმე გატაცება რომ არ ჰქონდეს. ჰობის საშუალებით ადამიანები ისვენებენ ყოველდღიური ცხოვრებისგან. ერთნი საფოსტო მარკებს აგროვებენ, მეორენი - ძველებურ ფულს, მესამენი მოგზაურობენ... ყველას თავისი გასართობი აქვს, უმეტესად - სრულიად უვნებელი, მაგრამ არის ერთი "გატაცება", რომელსაც შეუძლებელია გულგრილად აუაროს გვერდი ფსიქოლოგმა. როდესაც პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეცარება და თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, ზრდასრული ადამიანი მთელ ენერგიას იმისთვის ხარჯავს, რომ რაიმე განსაკუთრებული მეთოდით აღზარდოს შვილი. იგონებს ნაირ-ნაირ პედაგოგიურ მეთოდებს, ყოველმხრივ უწევს მათ რეკლამას და ამით იპყრობს ყურადღებას. ხშირად მას ბაძავენ სხვა მშობლებიც, რომელთაც ამქვეყნად ადგილი ვერ იპოვეს, ადვილად ემორჩილებიან შთაგონებას ან გადაწყვეტილი აქვთ, საკუთარი შვილებისგან ამოიგონ ყველაფერი, რაც თავად დაუკარგავთ. მეცნიერები ასეთ ექსპერიმენტებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან: არ არის საჭირო ადამიანის ბუნების ზედმიწევნით ცოდნა იმის მისახვედრად, რომ შეუძლებელია, გადაახტე ბიოლოგიურ და სოციალურ კანონებს, რომ ადამიანის ფსიქიკა თანამიმდევრულად ვითარდება, რომ ამ განვითარების ხელოვნური დაჩქარება კონკრეტული ბავშვის შესაძლებლობათა გაუთვალისწინებლად, საუკეთესო შემთხვევაში, უსარგებლოა, უარესში კი ბავშვის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. არსებობს მშობლების კატეგორია, - მცირე, მაგრამ ძალიან აქტიური, - რომელიც გულდასმით უტარებს შვილებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ტესტს, რათა ზუსტად განსაზღვროს, რას წარმოადგენს, უმაღლესი ნერვული მოქმედების რომელ ტიპს მიეკუთვნება იგი, მერე კი უკვე "მეცნიერულ" საფუძველზე იწყებს მის აღზრდას: უნერგავს იმ თვისებებს, რომლებიც თვითონ მოსწონს, ანდა ცდილობს ჩაახშოს ის თვისებები, რომლებიც არ მოსწონს. ამგვარი ექსპერიმენტები იშვიათად არის უმტკივნეულო; უმეტესად ბავშვს ემართება ნევროზი, უჩნდება აშლილობა... ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ბავშვის ადრეული განვითარების წინააღმდეგ ვილაშქრებდეთ, მაგრამ ეს ძალიან გონივრულად უნდა გაკეთდეს. არსებობს თეორია, რომლის თანახმად, 5-6 წლის ბავშვის ტვინს შეუძლია უმტკივნეულოდ, ნებისმიერი რაოდენობით აითვისოს თანამიმდევრობით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია. ცნობილია "შემოქმედებითი ნიჭის წარმოქმნის ჰიპოთეზა", რომლის არსი ასეთია: თუ ხელიდან გავუშვებთ ადამიანის ნიჭის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს, დაკარგულის ანაზღაურება მით უფრო ძნელი და ნაკლებშედეგიანი იქნება, რაც უფრო გვიან დაიწყება ეს, რადგან ნიჭის ეფექტური განვითარების შესაძლებლობა ქრება და ეს შეუქცევადი პროცესია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სწავლება ყველაზე ნაყოფიერია განსაზღვრულ პერიოდში. ასეთ პერიოდად მიაჩნიათ 4-5 წლამდე ასაკი (სწორედ ამ ასაკშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მშობლის ზომიერი და გონივრული სიყვარული). თუ ბავშვმა არ აითვისა წინა ინფორმაცია, იგი ვერც მომდევნოს აითვისებს, მაგრამ თუ მას მივეცით მოკლე ხანში ამა თუ იმ ინფორმაციის ათვისების საშუალება, იგი შეძლებს, აითვისოს ადამიანური ცოდნის მომდევნო შრეებიც.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :