Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ენტერობიოზი



რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ ჩემი შვილი ხშირად იქავებდა უკანა ტანს. ანალიზმა აჩვენა, რომ აქვს ენტერობიოზი. თუ შეიძლება, მოგვიყევით ამ დაავადების შესახებ - რა იწვევს, როგორ ვლინდება, ხანგრძლივია თუ არა მკურნალობა.   რა არის ენტერობიოზი ენტერობიოზი ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზია. ჰელმინთოზები ისეთ დაავადებებს ეწოდება, რომლებსაც პარაზიტული ჭიები იწვევს. ენტერობიოზის გამომწვევია თეთრი ფერის წვრილი ჭია Enterobius vermicularis ან Oxyuris vermicularis. ენტერობიუსს მეორენაირად მახვილას უწოდებენ. მისი კვერცხი 4-6 საათში მწიფდება და მასში მოძრავი მატლი ყალიბდება. თუ მომწიფებული კვერცხი ადამიანის პირის ღრუში მოხვდა, იგი ენტერობიოზით დაავადდება. ენტერობიუსი დაავადებული ადამიანის ნაწლავში ცხოვრობს. გარეთ უმთავრესად ღამით გამოდის და კვერცხებს პერიანალური ხვრელის ირგვლივ არსებულ ნაოჭებში დებს.როგორ ავადდება ადამიანი დაავადების წყაროა ენტერობიოზით დაავადებული ადამიანი. გამომწვევი საკმაოდ გამძლეა გარემო ფაქტორებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ენტერობიუსის კვერცხები გარემოში ცხოველმყოფელობის უნარს 25 დღემდე ინარჩუნებენ. გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით, კვერცხებით დაბინძურებული საკვების, ხელების საშუალებით. კვერცხები შეიძლება იყოს სათამაშოებზე, თეთრეულზე, ხალიჩაზე, აბაზანაში, ტუალეტში. არსებობს ინვაზიის მტვრისმიერი გზაც - მახვილას კვერცხები საკმაოდ მსუბუქია და შესაძლოა, ადამიანს ისინი მტვერთან ერთად გადაეყლაპოს. ენტერობიოზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არსებობს რისკჯგუფიც - 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები. ენტერობიოზით ინვაზირებულ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს რეინვაზია და ავტოინვაზია - განმეორებითი დაინფიცირება როგორც სხვა წყაროდან, ასევე საკუთარი თავისგან.რა ხდება ინვაზიის დროსენტერობიუსის კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება და იქიდან გამოსული ლარვები მიემაგრება, ზოგჯერ კი ჩაეზრდება წვრილ ნაწლავს ან მსხვილი ნაწლავის პროქსიმულ ნაწილს. 12-14 დღის შემდეგ ლარვა სქესობრივ სიმწიფეს აღწევს. ნაწლავის კედელში ჩაზრდილი მახვილას გარშემო წარმოიქმნება გრანულომები, რომლებიც ეოზინოფილებისგან, ლიმფოციტებისა და მაკროფაგებისგან შედგება. ეს გრანულომები ნაწლავთა დისკინეზიას იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ენტერობიოზის დროს ალერგიული რეაქციები უფრო ნაკლებად არის გამოხატული, ვიდრე სხვა ჰელმინთოზების დროს. სქესობრივად მომწიფებული მდედრი მახვილები კვერცხების დასადებად ნაწლავიდან ანალური ხვრელისკენ მიემართებიან. ამ დროს ისინი შესაძლოა შეიჭრან ქალის სასქესო ორგანოებში, შეიტანონ მათში ნაწლავური მიკრობული ფლორა და ანთებითი პროცესის პროვოცირება მოახდინონ. რას უჩივის ავადმყოფიდაავადების საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 15 დღეა. განასხვავებენ ენტერობიოზის უსიმპტომო და გამოხატულ ფორმებს. უკანასკნელ შემთხვევაში წამყვანი სიმპტომია პერიანალური ქავილი, რომელიც უმეტესად საღამოობით და ღამით იჩენს თავს - ამ დროს მახვილები გარეთ გამოდიან. ქავილი 1-3 დღე გრძელდება, შემდეგ ქრება და 2-3 კვირის შემდეგ ისევ იწყება. მასობრივი ინვაზიის დროს ქავილი შემაწუხებელი და მუდმივია. ინტენსიური ქავილის გამო ავადმყოფს უკანა ტანის მიდამოში ნაკაწრები უჩნდება. ნაკაწრების ადგილას შესაძლოა ინფექცია შეიჭრას, შედეგად კი სფინქტერიტი და პარაპროქტიტი განვითარდეს. ზოგიერთ ავადმყოფს აწუხებს მუცლის მოვლითი ტკივილი, უმადობა. ხშირია გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი. დარღვეულია ნაწლავური ფლორა. შესაძლოა თავი იჩინოს სისუსტემ, დაღლილობამ, გაღიზიანებადობამ, მოუსვენარმა ძილმა, ძილში კბილების კრაჭუნმა. იშვიათია სუბფებრილური ტემპერატურა, ჭინჭრის ციება. ენტერობიოზმა ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ენურეზი (ღამით უნებლიე შარდვა), ონანიზმი. ქალის სასქესო ორგანოებში მახვილას შეჭრა ხელს უწყობს სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების (ვულვიტის, ვაგინიტის, ენდომეტრიტის) განვითარებას. ხშირია შარდსასქესო გზების ინფექციები. მახვილა შესაძლოა შეძვრეს ბრმა ნაწლავში (ჭიანაწლავში) და მისი ანთება გამოიწვიოს. ბავშვებში ენტერობიოზი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ზრდასა და წონაში ჩამორჩენას.როგორ ხდება ენტერობიოზზე გამოკვლევა საკმაოდ ინფორმაციულია პერიანალური ნაოჭებიდან აღებული ანაფხეკის გამოკვლევა კვერცხების აღმოსაჩენად. ანაფხეკის აღება ხდება დილით, დეფეკაციამდე, ხის ფითხით, ბამბის ტამპონით ან წებოვანი თასმით. აღებულ მასალას მიკროსკოპით აკვირდებიან. აუცილებელია ჩატარდეს მასალის სამჯერადი გამოკვლევა 3-5-დღიანი ინტერვალით. იმის გამო, რომ ენტერობიოზი ადამიანისგან ადამიანს ადვილად გადაედება, გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ მათაც, ვინც დაავადებულის გვერდით იმყოფება. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პოლიკლინიკაში ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. როგორ მკურნალობენ ენტერობიოზსმკურნალობას ექიმი ნიშნავს. დეჰელმინთიზაცია ტარდება პირანტელით (კომბანტრინი), მებენდაზოლით (ვერმოქსი) და სხვა ანტიჰელმინთური პრეპარატებით. ისინი უნდა დაინიშნოს აუცილებლად პათოგენეზური მკურნალობის ფონზე, რომელიც მიმართულია მიკროფლორის ნორმალიზაციისკენ (ფერმენტები, ბიოპრეპარატები), ორგანიზმის დესენსიბილიზაციისკენ, იმუნური სისტემის აქტივობის გაზრდისკენ (ვიტამინებით, ადაპტოგენებით). მკურნალობა წარმატებულია მხოლოდ პირადი ჰიგიენის წესების დაცვისას. როგორ დავიცვათ თავი ენტერობიოზისგან :* მიაჩვიეთ ბავშვები პირად ჰიგიენას.* გადააჩვიეთ პირში თითებისა და სათამაშოების ჩადებას.* ხშირად დაბანეთ ხელები საპნით.* მოკლედ დააჭერით ფრჩხილები.* ღამით ჩააცვით მოხერხებული ტრუსი.* ხშირად ცვალეთ ლოგინის თეთრეული და დააუთოვეთ ცხელი უთოთი. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგინი და პირსახოცი.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :