Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

დიაბეტიანთა კვება და მასთან დაკავშირებული საკითხები

დიაბეტიანთა კვება და მასთან დაკავშირებული საკითხები



შაქრიანი დიაბეტი დღეს განიხილება არა როგორც დაავადება, არამედ როგორც ცხოვრების წესი. სხვა საქმეა, რომ კვების ახალ რეჟიმსა და წესზე გადართვა, გარკვეული შეზღუდვების დაცვა ყველა პაციენტისთვის არ არის ადვილი. როგორია ეს რეჟიმი, რა უნდა მიირთვან დიაბეტიანებმა, დღეში რამდენჯერ და როგორი რაოდენობით, რა არის რეკომენდებული მათთვის და რა - აკრძალული, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ქართულ-ამერიკული საოჯახო მედიცინის ცენტრის, კლინიკა “Medical House”-ის ექიმი ენდოკრინოლოგი, ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი თინა იორდანიშვილი გვესაუბრება: - შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც სწორი მკურნალობისა და მართვის პირობებში თავიდან აგვაცილებს დიაბეტით გამოწვეული ყოველგვარი გართულების რისკს, ისეთებისა, როგორებიც არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი, ქვედა კიდურების დაზიანება და წყლულები, მხედველობის დაქვეითება-დაკარგვა, თირკმლის უკმარისობა და სხვა. დაავადების სწორი მართვა გულისხმობს ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას და სწორად შერჩეულ მედიკამენტურ მკურნალობას. ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია, თავის მხრივ, სწორ კვებას და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას მოიცავს. აქ ფუნდამენტური დატვირთვა აქვს ცნება “რეგულარულს” - შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ მისი მართვაც მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ სისხლში გლუკოზის დონის მოწესრიგება დაავადებისგან განკურნებას გულისხმობს და უფლებას აძლევს, დაუბრუნდეს ცხოვრების ძველ წესს, რაც იმთავითვე შეცდომაა. შაქრიანი დიაბეტის დროს კვების სათანადო რეჟიმის დაცვა არ არის ისეთი რთული, როგორიც ბევრ პაციენტს წარმოუდგენია. უპირველესად, უნდა შედგეს კვების რეჟიმი. აუცილებელია კვება დღეში, მინიმუმ, სამჯერ. სასურველია, საკვების ძირითადი ულუფები დღის პირველ ნახევარში გადანაწილდეს, ხოლო ვახშამი შედარებით მსუბუქი იყოს.- რომელი პროდუქტი თუ საკვებია  სასარგებლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულისათვის, როგორც ამა თუ იმ გართულების საპროფილაქტიკო საშუალება? რა უნდა მიირთვას რეგულარულად? - პაციენტმა ყოველი კვებისას უნდა მიიღოს ნახშირწყლები შეზღუდული რაოდენობით: პური, მჭადი, მაკარონი, ბურღული, კარტოფილი, ბრინჯი; ჯერზე - ერთი მათგანი, ერთმანეთის მონაცვლეობით. სისხლში გლუკოზის დონეზე გავლენას არ ახდენს თევზი, ნაკლებცხიმიანი ხორცი, რძის მყარი ნაწარმი (ყველი და ხაჭო), ბოსტნეული. მათი მიღება პაციენტს შედარებით თავისუფლად (შეუზღუდავად) შეუძლია. სწორედ მათ ხარჯზე უნდა დანაყრდეს, ხოლო გარნირად მიაყოლოს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ნახშირწყლოვანი პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით. თითოეულ კვებას ჩაროზად შეიძლება დავაყოლოთ ერთი ცალი (100-150 გ) ხილი ან ერთი ჭიქა რძის თხევადი პროდუქტი (მაწონი, კეფირი, რძე). ხშირად დავობენ იმის თაობაზე, რომელი ხილი სწევს სისხლში შაქრის დონეს მაღლა და რომელი - დაბლა. მოარული აზრის თანახმად, რაც უფრო მჟავეა ხილი, მით უკეთესია (ტყემალი, ლიმონი, მჟავე ვაშლი, გრეიპფრუტი და სხვა) და მისი მიღება შეუზღუდავად შეიძლება. სინამდვილეში ხილის გლიკემიურ ინდექსს, მარტივად რომ ვთქვათ, მასში შაქრების შემცველობას, გემოსთან არაფერი აქვს საერთო. ყოველგვარი ხილი შეიცავს გლუკოზას და ფრუქტოზას, ამიტომ ყველა მათგანი იზღუდება. ასე რომ, ხილის არჩევით ნუ  გაწვალდებით, უბრალოდ, მიიღეთ თითო ულუფა (100-150 გრამი) თითო ჯერზე, სასურველია, გადაუმუშავებელი (ესე იგი არც გახეხილი, არც მოშუშული, არც ჩირი, არც ჯემი, არც კომპოტი ან მურაბა, თუნდაც უშაქრო). რაც უფრო მყარი, ხრაშუნა და უჯრედისით მდიდარია ხილი, მით უფრო სასარგე­ბლოა, ვინა­იდან, ორგ­ანიზმი, ერ­თი მხ­რ­ივ, მეტ ენერგიას ხარჯავს მის გადასამუშავებლად, მეორე მხრივ კი ნაკლებად ითვისებს ხილში არსებულ შაქრებს. თერმული და მექანიკური დამუშავება აზიანებს უჯრედისს და ხილში არსებული შაქრის ათვისებასაც აჩქარებს და აადვილებს. აკრძალულია ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, საზამთრო. - კიდევ რა ეკრძალებათ დიაბეტიანებს და რატომ?- კატეგორიულად ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები. ეს ის ნახშირწყლებია, რომლებიც პირის ღრუში მოხვედრისთანავე, გადაუმუშავებლად შეიწოვება სისხლში და მკვეთრად სწევს მაღლა გლუკოზის დონეს. ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს შაქარი, თაფლი, ფრუქტოზა, ხილის წვენები, ტკბილი სასმელები, მურაბები, ჯემები, კომპოტები,შოკოლადები, კანფეტები და საკონდიტრო ნაწარმი. მოგეხსენებათ, შაქრ­იანი დიაბეტით დაავადებულებს ტკბილის გაძლიერებული მოთხოვნილება აქ­ვთ. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეიძლება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც დამტკბარია შაქრის ხელოვნური შემცვლელებით ან მცენარეული დამატკბობლებით, როგორიც არის, მაგალითად, მცენარე სტევია. ასეთებია, მაგალითად, დიეტური სასმელები - ე.წ. Light da Zero, შავი შოკოლადი. რაც შეეხება სხვა დიაბეტურ პროდუქტებს, ისინი გადახედვას მოითხოვს, ვინაიდან შესაძლოა არ შეიცავდეს შაქარს, მაგრამ სისხლში გლუკოზის დონეზე მაინც ახდენდეს გავლენას სხვა ინგრედიენტების (მაგალითად, ფქვილის, რძის) ხარჯზე. დიაბეტიანთა რაციონის შერჩევისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს ირღვევა არა მარტო ნახშირწყლოვანი, არამედ ცხიმოვანი ცვლაც და სისხლში ქოლესტერინის დონე იმატებს. ამიტომაც იზღუდება არა მარტო ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, არამედ ცხიმიც, ვინაიდან ორი რისკფაქტორის - მაღალი შაქრისა და მაღალი ქოლესტერინის - თანაარსებობისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი ერთიორად მაღალია. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხოველური ცხიმის შემცველი პროდუქტები: კარაქი, არაჟანი, ნაღები, მაიონეზი, ქონიანი ხორცი, ხორცის ნახარში, შაშხი, ლორი, კვერცხის გული და სხვა.- კალორიებზე რას გვეტყვით? რამდენად კალორიული უნდა იყოს დიაბეტიანის რაციონი? და საერთოდ, როდესაც საუბრობენ რაციონალურ და დაბალანსებულ კვებაზე, რას გულისხმობენ?- დღიური კალორაჟის გამოთვლა და ულუფების შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, სხეულის მასის ინდექსის (წონა, სიმაღლე) და დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით. საზოგადოდ კი რაციონალური და დაბალანსებული კვება, რეჟიმის დაცვასთან ერთად, გულისხმობს ჯანსაღ საკვებს, სასურველ რაციონს, სათანადო მოცულობის ულუფებს და სხვა დეტალებს, რომლებიც ინდივიდუალურად განისაზღვრება ყოველი ცალკეული პაციენტისთვის. - კვების რეჟიმს ზოგჯერ მისი დამცველებიც კი არღვევენ დღესასწაულებზე თუ სხვა გამონაკლის შემთხვევებში, გურმანებს და ტკბილეულის მოყვარულებს კი ძალიან უჭირთ შეზღუდვის დაცვა. ხშირად გაგვიგონია: „სულმა წამძლია! ისე მომინდა, რომ არ მეჭამა, ალბათ, გავგიჟდებოდი! ვეღარ მოვითმინე! სულ რომ მოვმკვდარიყავი, მაინც შევჭამდი!” ზოგიერთი ექიმი ასეთ პაციენტებს ეუბნება, ტანჯვა-წამებას სჯობია, კვების რეჟიმი დაარღვიოთო. რას გვეტყვით ამის თაობაზე? თუ ადამიანი იცავს კვების რეჟიმს, წესებს, რომელთა დაცვა დიაბეტით დაავადებულს მოეთხოვება, ათასში ერთხელ რეჟიმის დარღვევა და წესიდან გადახვევა რას ავნებს მას?- თუ პაციენტი მოწესრიგებულია  და ზედმიწევნით იცავს კვების რეჟიმსა და დიეტურ რეკომენდაციებს, „ათასში ერთხელ” დიეტის დარღვევა (რაც საყვარელი, მაგრამ არასასურველი საკვების მიღებას და, შესაბამისად, სისხლში გლუკოზის აწევას გულისხმობს) ნამდვილად არ გამოიწვევს სავალალო შედეგს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს. სანახევროდ დიეტის დაცვა თუ შაქრის დონის სანახევროდ მოწესრიგება შაქრიანი დიაბეტის გართულებებისგან ვერ დაგვიცავს. ამიტომ, მოდი, ვცადოთ და შევხედოთ დიაბეტს დადებითი კუთხით - როგორც ფაქტორს, რომლის წყალობით იძულებული ვართ უკეთესობისკენ შევიცვალოთ ცხოვრების წესი, მივდიოთ კვების სწორ რეჟიმს, უარი ვთქვათ არაჯანსაღ პროდუქტებზე, ნაკლები ზიანი მივაყენოთ საკუთარ ორგანიზმს, თავიდან ავიცილოთ მრავალი დაავადება, გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და ამ მცირედი, მაგრამ რეგულარული ძალისხმევით სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :