Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა

დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა



გაზაფხულზე, მრავალი ქრონიკული დაავადების დარად, მწვავდება დეპრესიული და ნევროზული გამოვლინებანი. მიზეზი ბიოლოგიური საათის მუშაობაში სინათლის რეჟიმის ცვლილებით გამოწვეული შეფერხებაა. როდესაც ადამიანი თავს კარგად ვერ გრძნობს, უჭირს ჩვეული საქმის კეთება, ეს იწვევს უკმაყოფილების გრძნობას როგორც საკუთარი თავის, ისე ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ, პესიმისტური აზრების მოძალებას. ფსიქოლოგი ელზა მესხი იმ მდგომარეობათა შესახებ გვესაუბრება, რომელთა გამწვავებაც გაზაფხულზე ადამიანს ბევრ უსიამოვნებას უჩენს. - სახელდობრ რომელი მდგომარეობები მწვავდება წელიწადის ამ დროს?- ყველაზე ხშირად - დეპრესიული მდგომარეობა, ნევროზი და ეგზოგენური ფსიქიკური აშლილობები. წელიწადის ამ დროს ატმოსფერული წნევისა და ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების, ასევე - დღის ხანგრძლივობის ცვლილების გამო მცირდება გარკვეული ჯგუფის ჰორმონთა გამომუშავება. მდგომარეობათაAგამწვავება ასევე უკავშირდება ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას, რომელიც გაზაფხულზე ყველაზე ძნელად ასატანია ზამთარში დასუსტებული ორგანიზმისთვის, მუდმივ დატვირთვას და დასვენების შესაძლებლობის უქონლობას. - რამდენი სახისაა დეპრესია და რა იწვევს მას?- მიზეზის მიხედვით ყველაზე ხშირია რეაქტიული დეპრესია. იგი დრამატული განცდების შედეგად ვითარდება ახლობლის, სამსახურის, საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკარგვისას. დეპრესია ენდოგენურია, თუ მისი მიზეზი არ არის საკმარისად ცხადი. ეს ფორმა ორგანიზმში ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების - ნეიროტრანსმიტერების - დონის მოშლას უკავშირდება, ისეთებისა, როგორებიცაა სეროტონინი (ახდენს უშუალო გავლენას ცნობიერებასა და გუნება-განწყობაზე), ნორადრენალინი და დოფამინი. ზოგჯერ ვითარდება მეტაბოლური დეპრესია, რაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის, წყალმარილოვან დარღვევას უკავშირდება, მაგალითად, კალიუმისა და ლითიუმის მარილების ცვლის მოშლისას. მწვავე დეპრესიულ მდგომარეობებს განსაზღვრავს იმ გენის მოქმედება, რომელიც განაგებს სეროტონინის სატრანსპორტო ცილის სინთეზს. ამ შემთხვევაში სპეციალისტები დეპრესიის გენეტიკურ ფორმაზე საუბრობენ. სტრესულია სტრესის შემდგომი დეპრესია, რომლის მიზეზიც სტრესის შედეგად ტვინის გადაჭარბებული დატვირთვაა. დეპრესია შესაძლოა განვითარდეს სამკურნალო პრეპარატის მოქმედების შედეგადაც, მაგალითად, ბეტა-ადრენალინის ჯგუფის პრეპარატების, ნეიროლეპტიკების, ჰორმონული პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ანალგეტიკების, წნევის დამწევების, იმუნოდეპრესიული საშუალებების, ქიმიოპრეპარატების ხანგრძლივი მიღების შემდეგ. ხშირად დეპრესია ვლინდება როგორც ზოგიერთი სომატური დაავადების სიმპტომი. ხშირია ნევროლოგიური, ენდოკრინული და ჰიპოვიტამინოზების თანმხლები წამლისმიერი დეპრესია. ცალკე გამოყოფენ ზამთრის, მშობიარობის შემდგომ და ფარულად მიმდინარე დეპრესიებს. ზამთრის დეპრესია, ჩვეულებრივ, შემოდგომის დამლევს იჩენს თავს და გარემოში მზის სინათლის დეფიციტს უკავშირდება - სინათლის უკმარისობა აქვეითებს სეროტონინის სინთეზს და, შესაბამისად, განწყობასაც. მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ორგანიზმში მიმდინარე რთული ჰორმონული ძვრებითაა განპირობებული. იგი დედის მიერ მშობიარობისას გადატანილ ძლიერ ტკივილს, ახალშობილის მომავლის გამო წუხილს და მისი დაკარგვის შიშს უკავშირდება. ფარული დეპრესიის სიმპტომები სხვადასხვა სახის ფიზიკური სისუსტით არის შენიღბული. ცნობილია მონოპოლარული და ბიპოლარული ტიპის აშლილობანი. მეორეს საზოგადოება მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის სახელით იცნობს. მონოპოლარული აშლილობისას ქვეითდება გუნება-განწყობილება და ადამიანი გარკვეული ხარისხის საქმიანობაზე ან ცხოვრებისეულ აქტივობაზე ამბობს უარს, ბიპოლარულის დროს კი გუნება-განწყობილების დაქვეითების პარალელურად შეინიშნება ეიფორია ნათელი და გაწონასწორებული შუალედებით. მანიაკური სინდრომის გამწვავებისას ადამიანი ფსიქომოტორულად ძლიერ აგზნებულია, იპყრობს ძლიერების, ყოვლისშემძლეობის შეგრძნება, რეაქციათა უჩვეულოდ სწრაფ სიჩქარეს ავლენს. - როგორ ამოვიცნოთ დაავადება?- მას ახასიათებს დეპრესიული ტრიადა:1. გუნება-განწყობილების დაქვეითება, სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა (ანჰედონია);2. აზროვნების მოშლილობა - უარყოფითი აზრები, ირგვლივ მიმდინარე მოვლენათა მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება;3. მოძრაობითი დამუხრუჭება. დეპრესიისას ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და ჩვეული საქმიანობისადმი ინტერესს, უქვეითდება თვითშეფასების მაჩვენებელი. დღეს ეს მდგომარეობა 40-50 წლის მოსახლეობის 10%-ს ტანჯავს. მათი 2/3 ქალია. 65 წლის შემდგომ დეპრესია დაახლოებით სამჯერ ნაკლები სიხშირით ვითარდება, ვიდრე მანამდე. - რას გვეტყვით შიზოფრენიაზე, ნევროზზე, ფსიქოზსა და სხვა დაავადებებზე?- ამ მდგომარეობებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა. გაზაფხულზე მათი რეციდივი იწყება, უპირველეს ყოვლისა, უძილობით და ძილის ჩვეული რეჟიმის მოშლით, ქვეითდება სექსუალური აქტივობა, ადამიანს გამუდმებით აქვს ფორიაქის შეგრძნება, საერთო სისუსტე, კარგავს მადას. ჩნდება ფსევდოსიმპტომები შინაგანი ორგანოების მხრივ: ერთნი გულის ტკივილს და სიკვდილის შიშს უჩივიან, მეორენი - კუჭ-ნაწლავის აშლილობას და სხვა. სწორედ ამიტომ ურჩევენ სპეციალისტები შიზოფრენიით ქრონიკულად მოავადეებს გაზაფხულის დადგომისას პროფილაქტიკური მიზნით სტაციონარში დაწოლას. - რომელი ეგზოგენური ფსიქიკური აშლილობები იჩენს ამ დროს თავს?- მწვავდება ისეთი აშლილობები, რომელთა მიზეზიც ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატზე დამოკიდებულება, ტოქსიკური ნივთიერებების მიღება, ძლიერი რადიაციული დასხივება, ქალას ტრავმები და სხვა ფაქტორებია. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ნებისმიერი იმ ნივთიერების მიღებაზე უარის თქმა და იმ მავნე ფაქტორის გავლენის თავიდან აცილება, რომელიც დამოკიდებულების მიზეზია. კარგია ქალაქიდან რამდენიმე დღით ბუნებაში გასვლა, რადგან ეგზოგენური მოშლილობის გამწვავება ხშირად გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს სხვა მძიმე სომატური დაავადებების განვითარებაში. - რომელი პრეპარატები ინიშნება ამ დროს?- ანტიდეპრესანტები და ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელთა წყალობით საგრძნობლად უმჯობესდება გუნება-განწყობა, მცირდება ან საერთოდ ქრება სევდა, ნაღველი, მოთენთილობა, აპათია, განგაშის შეგრძნება და ემოციური დაძაბულობა, იზრდება ფსიქიკური აქტივობა, წესრიგდება ძილი და მადა. - ხალხში ამ პრეპარატების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი მათ პანაცეად მიიჩნევენ, მეორენი კი მათ მიღებას მიჩვევის შიშით გაურბიან. როგორ უნდა მივიღოთ ისინი, რომ მაქსიმალური სარგებლობა მოგვიტანოს და იმავდროულად არაფერი გვავნოს?- შესაძლოა, ანტიდეპრესიული თერაპია ყოველთვის პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით არ დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამცირებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას. რაც შეეხება მიჩვევას, ამ კითხვაზე სპეციალისტთა პასუხი ერთმნიშვნელოვანია - პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება, არ იწვევს მიჩვევას და მათზე დამოკიდებულების განვითარებას. ისინი უბრალოდ ეხმარებიან ორგანიზმს იმ მექანიზმების აღდგენაში, რომლებიც პათოლოგიური პროცესის გამო დარღვეულია. ანტიდეპრესანტები აღადგენენ ადამიანის დაზიანებულ შინაგან სამყაროს და მას შემოქმედების უნარს უბრუნებენ. გახსოვდეთ, სწორად შერჩეულმა პრეპარატმა დადებითი ეფექტი 2-3 კვირაში მაინც უნდა გამოამჟღავნოს, თუმცა ზოგჯერ პოზიტიური ძვრები ერთი კვირის შემდეგაც ხდება შესამჩნევი. - რამდენ ხანს გრძელდება ანტიდეპრესიული თერაპია? - ჩვეულებრივ, 4-6 თვე, მძიმე შემთხვევებში კი ექიმები უფრო მეტხანს ურჩევენ პაციენტებს წამლების სმას. აშკარა თერაპიული ეფექტი შესამჩნევი ხდება უკვე 4-6 კვირის შემდეგ, თუმცა დეპრესიის სიმპტომთა სრული გაქრობის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, რაც ხელს უწყობს მკურნალობით მიღწეული ეფექტის გამყარებას და წინ ეღობება დეპრესიული მდგომარეობის განმეორებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წამლის დოზის და მისი მიღების სქემის შეცვლა. - შეიძლება თუ არა ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება სხვა წამლებთან ერთად? - ანტიდეპრესანტები ძლიერ ურთიერთქმედებენ სხვა პრეპარატებთან, ამიტომ ვიდრე მათ მიიღებდეთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ წამლის შესახებ, რომელსაც სვამთ, მათ შორის - ყველაზე უვნებელი მცენარეული წამლების შესახებაც კი. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად იკითხეთ იმ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა თერაპიის პროცესში იჩინოს თავი.  გაითვალისწინეთ: ბევრი ანტიდეპრესანტი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს, იწვევს მომატებულ ძილიანობასა და მოთენთილობას. აუცილებელია იმის გარკვევა, როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი ამა თუ იმ წამალზე, ამიტომ მკურნალობის პირველ დღეებში დარჩით შინ, ნუ მიუჯდებით საჭეს, ნურც ავტომატურ მოწყობილობებსა და ტექნიკურ აგრეგატებს მიუახლოვდებით. დანიშნულების მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გლაუკომა, შარდის შეკავება ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ვინაიდან ეს პრეპარატები აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას, აუცილებლად ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პერიოდში. დიდი სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო ანტიდეპრესიული პრეპარატების დანიშვნისას ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. უმჯობესია, ამ პერიოდებში საერთოდ არიდოთ თავი ამ სახის მედიკამენტების მიღებას. - როგორ გავუმკლავდეთ ფსიქიკური აშლილობის გამწვავებას?- აუცილებელია მეტი დასვენება და, რაც მთავარია, სრულფასოვანი ძილი. ამ პერიოდში 8 საათი მაინც უნდა იძინოთ. რეკომენდებულია ვიტამინოთერაპია და, რა თქმა უნდა, ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია, რათა შედგეს ინდივიდუალურ რეჟიმში პროფილაქტიკურ საშუალებათა მომცველი პროგრამა. სპეციალისტები ამ კატეგორიის ადამიანებს ურჩევენ, მეტი დაისვენონ, ისეირნონ სუფთა ჰაერზე, მისდიონ სპორტს. თუ სამსახური ამის შესაძლებლობას მისცემთ, რეკომენდებულია ერთკვირიანი შვებულებაც. დეპრესიისა და ფსიქიკური აშლილობების გამწვავებას მკაცრად სეზონური ხასიათი როდი აქვს - ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში მომხდარი ძვრების შედეგად, ამიტომ აუცილებელია მდგომარეობათაA დროული, ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :