Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ჩვენი საზაფხულო მენიუ



დადგება თუ არა ზაფხული, ბავშვი მადას კარგავს. რა ვაჭამოთ ასეთ დროს პატარას? ამ და სხვა კითხვებზე პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ნანა ჟღენტი გვიპასუხებს: - ზაფხულში ბავშვს ძირითადად ხილი და ბოსტნეული უნდა ვაჭამოთ. ერთ წელს გადაცილებულებს უკვე შეიძლება მივცეთ ძნელად ასათვისებელი ბოსტნეული - კომბოსტო (უმჯობესია ყვავილოვანი), ბოლოკი, ყაბაყი. ბოსტნეულის მკვეთრი სუნი რომ შეარბილოთ, ნადუღი წყალი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით მდუღარე, მერე კი დარბილებამდე ხარშეთ. თუ ბავშვს კუჭის მოქმედება კარგი აქვს, შეიძლება შევთავაზოთ უმი ბოსტნეულიც. მაგალითად, გაფცქვნილი პომიდორი, გახეხილი სტაფილო, სალათის ფურცლები. თავდაპირველად მიეცით მცირე ულუფა და დააკვირდით, როგორ მოინელებს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შეგიძლიათ მოუმზადოთ უმი ბოსტნეულის სალათა უმი ზეთით (ზეთი სასურველია სიმინდისა იყოს). უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, მოასხით ფორთოხლის ან ლიმონის წვენი. ასეთი სალათა სასარგებლოც არის და მადასაც გაუღვიძებს ზაფხულის სიცხისგან გათანგულ პატარას. ასევე შეგიძლიათ მისცეთ ბოსტნეულის წვენი. მაგალითად, სტაფილოსი, ჭარხლისა. უმი ბოსტნეული და მისი წვენი გაცილებით სჯობია მოხარშულ ბოსტნეულს - ვიტამინებისა და მინერალური მარილების ნაწილი ხომ ხარშვისას იშლება. - თუ პატარა ბოსტნეულს არ ჭამს?..- მიეცით ხილი. ის ამით არაფერს კარგავს. ბოსტნეული რამდენიმე ხნით დაივიწყეთ, მერე კი ხელახლა შესთავაზეთ. - ხილი რა სახით მივცეთ?- ერთ წელს გადაცილებულ ბავშვს ხილი შეგიძლიათ კი აღარ გაუხეხოთ, არამედ წვრილად დაუჭრათ. თუ კუჭის მოქმედება კარგი აქვს, მიეცით ატამი, ჭერამი, გარგარი, ალუბალი, ალუჩა, ვაშლი. ოღონდ ძალიან მწიფე და გაფცქვნილი. თუ არ გაფქცვნით, მაშინ საგულდაგულოდ გარეცხეთ გამდინარე წყლით. ზოგიერთი კენკრა, მაგალითად, მარწყვი, ალერგიას იწვევს, ამიტომ ჯერ ერთი ცალი მიეცით, დაუკვირდით და თუ კანზე გამონაყარს ვერ შეამჩნევთ, შეგიძლიათ, ულუფა გაუზარდოთ. სანამ კარგად დაღეჭვას ისწავლის, მიეცით კოვზით გასრესილი, მერე კი, როცა პირის ღრუ კბილებით შეევსება - მთელ-მთელი, ცალობით. ასევე მიაჩვიეთ ალუბალს, ალუჩას. კურკოვან ხილს გამოაცალეთ კურკა და დაუტკბობლად აჭამეთ. ასვით პატარებს უმი ხილის წვენიც, ოღონდ ჭამამდე არ დაალევინოთ, რომ მადა არ გაუფუჭდეთ და საკვებზე უარი არ თქვან. უმჯობესია დაალევინოთ დილის გასეირნებიდან დაბრუნების შემდეგ, ჭამამდე 1,5 საათით ადრე. შეგიძლიათ მოუხარშოთ უმი ხილის კომპოტიც, - ყოველდღე ახალ-ახალი, ნაკლებად ტკბილი, - და წყლის მაგივრადაც ასვათ, ოღონდ გახსოვდეთ, ხილის წვენითა და კომპოტით წყლის მთლიანად შეცვლა არ შეიძლება. წყალი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში. შეგიძლიათ, ასვათ მინერალური წყალიც, მხოლოდ უგაზო. ნესვი და საზამთრო ორი წლიდან მიეცით, ოღონდ ფრთხილად, მცირე ულუფებით, ისიც - კარგად დამწიფებული. რაც შეეხება ჩირს, შავი ქლიავის, გარგარის ჩირის, ქიშმიშის ჭამა ორი წლიდან დააწყებინეთ. ჩირი კარგად უნდა გაირეცხოს და წვრილად დაიჭრას. თვალი ადევნეთ, რომ კბილებზე არ დარჩეს მიკრული, ვინაიდან კარიესს იწვევს. - შეიძლება თუ არა ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების მიცემა?- ნაყინი შეიძლება გავასინჯოთ, მაგრამ ამან სისტემატური ხასიათი არ უნდა მიიღოს. ნაყინი გადაიღეთ ლამბაქზე და კოვზით ჩაუდეთ პირში. ლიმონათი და სხვა გამაგრილებელი სასმელებიც გაასინჯეთ, მაგრამ არა რეგულარულად. თუ ბავშვი ალერგიულია, თავი არიდეთ ისეთი სასმელების მიცემას, როგორიც არის კოკა-კოლა, სპრაიტი, ფანტა. შეგიძლიათ, გაამრავალფეროვნოთ ზაფხულის მენიუ - შესთავაზეთ პატარას ხილისა და ხაჭოს ნარევი ან ხილისა და რძის კოქტეილი. მათი მომზადება ბლენდერით შეიძლება.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :