Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები აგებენ, მაგრამ...

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები აგებენ, მაგრამ...

2014-06-17 12:24:00

ივნისის ტესტებზე მეორე კვირის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს თასზე ჩვენი მეტოქის, ახალი ზელანდიის ნაკრების საშინაო მატჩმა გამოიწვია ინგლისის ეროვნულ გუნდთან, რომელიც ამ უდიდესი სარაგბო ფორუმის მასპინძელია.შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო ,საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვება "ოლ ბლექსმა" მინიმალური სხვაობით 28:27 მოიპოვა. ინგლისელები აშკარად სერიოზულ პროგრესს განიცდიან. თამაში მათი უპირატესობით დაწყო და მე-8 წუთისთვის უკვე 10:0-ს იგებდნენ.ცხადია, "ოლ ბლექსი" შინ ფარ-ხმალს არაფრით დაყრიდა. ნელ-ნელა თამაში გამოასწორა და 64-ე წუთზე 15 ქულით დაწინაურდა - 28:13. დასკვნით 15 წუთში ისევ ინგლისელებმა იყოჩაღეს, თუმცა, მხოლოდ 14 ქულის დაგროვება შეძლეს და მაინც დამარცხდნენ.საგულისხმოა, რომ "პომები" მსოფლიოს თასისთვის სერიოზულად ემზადებიან და ერთი წლის შემდეგ ნისლიანი ალბიონიდან, სავარაუდოდ, ვებ ელისის თასს არავის გაატანენ.ივნისის ტესტებზე მეორე შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ არგენტინის ეროვნულმა გუნდმა. "პუმებმა" ამჯერადაც ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს და 17:23 წააგეს.არგენტინელები, ისევე როგორც ირლანდიელები, შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობენ. "პუმები" მთავარ დამრტყმელ ძალას ოთხი ერის გათამაშებისთვის ასვენებენ. ეს შეჯიბრება ერთ თვეში დაიწყება და ჩვენი მომავალი მეტოქე, ცხადია, მას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. "სამყურებთან" მატჩებში კი გუნდის უახლოესი რეზერვის შემოწმება, ერთგვარი დათვალიერება ხდება.მარცხის მიუხედავად, არგენტინელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ. მატჩის პირველი ტაიმი, მართალია, მინიმალური სხვაობთ, მაგრამ მაინც მოიგეს - 10:9. გადამწყვეტი დასკვნითი რვა წუთი აღმოჩნდა, როცა სტუმრებმა საბოლოო უპირატესობას მიაღწიეს. ამ დროისთვის ისინი 13 ქულით დაწინაურდნენ - 23:10. ანგარიშის ექვს ქულამდე შემცირება კი "პუმებმა" მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს.ცხადია, ამ თამაშით არგენტინის ნაკრების რეალურ ძალას ვერ განვსაზღვრავთ, რადგან ძირითადი გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ოთხი ერის გათამაშებაში იასპარეზებს.საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქემ, ტონგას ეროვნულმა გუნდმა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასზე იასპარეზა და ფიჯის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 17:45 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებთან "ბორჯღალოსნებმა" ერთხელ ითამაშეს ნოემბრის ტესტებზე და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ. ტონგელები მსოფლიოს თასამდე ნოემბერში თბილისში გვეწვევიან და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რამდენად საფუძვლიანია ჩვენი ამბიცია მათი მსოფლიოს თასზე დამარცხების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ტონგელები მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმს განსაკუთრებული გულისყურით ეკიდებიან და იქ, ინგლისში სულ სხვა დონის გუნდით წარსდგებიან.ივნისის ტესტების სხვა თამაშებიდან გამოსარჩევია სამხრეთ აფრიკისა და უელსის ნაკრებების დაპირისპირება. "ბოკემ" ევროპელ მეტოქეს სოლიდური სხვაობით 38:16 მოუგო. ჰეინკე მეიერი მსოფლიოს თასისთვის სერიოზულ გუნდს ამზადებს. ამისთვის მან გუნდში ლეგენდარული მეორეხაზელები ბაკის ბოთა და ვიქტორ მეტფილდი დააბრუნა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასზე "ბოკე" ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.ივნისის ტესტებისამოა-იტალია 15:0, ახალი ზელანდია-ინგლისი 28:27, ავსტრალია-საფრანგეთი 6:0, სამხრეთ აფრიკა-უელსი 38:16, კანადა-შოტლანდია 17:19, არგენტინა-ირლანდია 17:23ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :