Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ბავშვის ჰიგიენა

ბავშვის ჰიგიენა



იმაზე საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ჰიგიენა, დღეს ალბათ უხერხულიც კია, მაგრამ სწორად ვუტარებთ თუ არა ყოველდღიურ ჰიგიენურ პროცედურებს ჩვენს პატარებს? ამაზე პედიატრი ნინო ყურაშვილი გვესაუბრება.- როცა სახლში პატარა ბავშვია, სისუფთავე და ჰიგიენა ერთიორად მნიშვნელოვანია, მეტადრე ზაფხულობით, როდესაც იმატებს კუჭ-ნაწლავის ინფექციებით დაავადების ალბათობა - ამის მიზეზი ხომ მეტწილად ჰიგიენის დაუცველობაა. როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება? - კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებები ჰიგიენური რეჟიმის დარღვევის მანიშნებელია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჩვილი ბავშვის მიმართ. ის, ვისაც მასთან უშუალო კონტაქტი აქვს, ზედმიწევნით უნდა იცავდეს პირად ჰიგიენას. განსაკუთრებულ ყურადღებას მო­ითხოვს ჩვილის პირადი ნივთების, ჭურჭლის, სათამაშოების, თეთრეულის, საწოლის სისუფთავე. თუ ჩვილი ხელოვნურ კვებაზეა, რისკი უფრო მაღალია, ამიტომ გირჩევთ, ყოველი კვების შემდეგ ცხელი წყლით გარეცხოთ ბოთლი და საწოვარა, რომლითაც ბავშვს კვებავთ. არ დატოვოთ საკვები ბოთლში. თუ პატარამ ბოლომდე არ შეჭამა კუთვნილი ულუფა, გადაღვარეთ და ბოთლი გარეცხეთ. საკვებისა და წყლისთვის ერთსა და იმავე ბოთლს ნუ გამოიყენებთ, შეიძინეთ რამდენიმე.  ნუ დატოვებთ მაგიდაზე ღია ჭურჭელს. შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კარადაში ან გადააფარეთ რამდენიმე ფენად გაკეცილი დოლბანდი. სანამ ჩვილს მატყუარას პირში ჩაუდებთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი. როცა პატარას საწოვარა პირში არ უდევს, ის სპეციალურ ბუდეში ან თავდახურულ ჭურჭელში უნდა იყოს მოთავსებული. ქუჩიდან შემოსული, ნუ შეხვალთ ბავშვის ოთახში საგარეო ფეხსაცმელებით, მაშინვე გამოიცვალეთ. მით უმეტეს, თუ პატარა უკვე ხოხავს. ფეხსაცმელი კი შეინახეთ კარადაში, შემოსასვლელში.  სახლში შესვლისთანავე გამოიცვალეთ ტანისამოსიც, დაიბანეთ ხელები საპნით და მხოლოდ ამის შემდეგ აიყვანეთ ხელში პატარა. ნუ მიაწვდით ბავშვს იატაკზე დავარდნილ სათამაშოს გაურეცხავად. ხშირად დაბანეთ ხელები საპნით და ძირში დააჭერით ფრჩხილები. ნუ გააჩერებთ სახლში შინაურ ცხოველებს. - საჭიროა თუ არა ბოთლის სტერილიზაცია? ცხელ წყალში გარეცხვა საკმარისი არ არის?- სტერილიზაცია აუცილებელია, ამაზე შევთანხმდეთ. ოღონდ სტერილიზაცია უკეთდება უკვე გარეცხილ, სუფთა ჭურჭელს. ახალშობილის ჭურჭელი ყოველი ხმარების შემდეგ უნდა გასტერილდეს. არსებობს სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი: გაზქურაზე, ელექტროქურაზე: საჭიროა დიდი ქვაბი, რომელშიც ჭურჭელი მთლიანად მოთავსდება. მას ვძირავთ წყალში. წყალმა უნდა იდუღოს 20 წუთი. ბოთლის თავზე წამოსაცმელი საწოვარა, მატყუარა საწოვარა და თვით ბოთლის თავსახური სტერილდება ცალკე და არა ბოთლთან ერთად. მიკროტალღურ ღუმელში: მინის დიდ ჭურჭელში ვათავსებთ ბოთლს, მთლიანად ვფარავთ წყლით, ვახურავთ თავსახურს და ღუმელს ვაყენებთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე. სტერილიზაციის ხანგრძლივობაა 6-8 წუთი. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, თუმცა მას აქვს მინუსიც - სტერილიზაციისთვის საჭირო მაქსიმალური ტემპერატურის მიღწევა ვერ ხერხდება, თანაც სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები აგრესიულად მოქმედებს ბოთლის ნახატებზე. შესაძლოა დეფორმაცია განიცადოს თვით ბოთლმაც, წაიშალოს რაოდენობის მაჩვენებელი ხაზები, ამიტომ ბოთლის შეძენისას კარგად დაუკვირდით, მითითებულია თუ არა ეტიკეტზე, რომ ჭურჭლის სარეცხ მაქანაში მისი გარეცხვა არ შეიძლება. ორთქლის სტერილიზატორში: ეს არის თანამედროვე ელექტრომოწყობილობა, რომელიც სპეციალურად ბავშვის ჭურჭლის სტერილიზაციისთვის არის განკუთვნილი. მას დააყენებთ ავტომატურ რეჟიმზე. როცა გამოირთვება, შეგიძლიათ, შიგ 3 საათით დატოვოთ ჭურჭელი - იგი სტერილური რჩება. ამ მოწყობილობაში ერთდროულად ორი ბოთლის გასტერილებაა შესაძლებელი. - როგორ შევინახოთ გასტერილებული ბოთლები სუფთად?- შეგიძლიათ, პირქვე დადგათ სუფთა ტილოზე და ზემოდანაც სუფთა ტილო გადააფაროთ, ხოლო საწოვარა თავდახურულ სუფთა ჭურჭელში შეინახოთ. ბავშვის სუფთა, გასტერილებული ჭურჭელი უნდა ინახებოდეს ცალკე, ოჯახის სხვა წევრების საერთო ჭურჭლისგან განცალკევებით. - ბავშვი ჰიგიენურ პროცედურებს პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ. სანამ პირად ჰიგიენაზე თვითონ დაიწყებს ზრუნვას, მას უფროსები უნდა დაეხმარონ. ახალშობილს ყოველდღიურად სჭირდება კანის, ჭიპის, პირის ღრუს, თვალის, ყურის, ცხვირის გასუფთავება. მაგრამ ვიცით კი სწორად ამ პროცედურების ჩატარება? მაგალითად, როგორ უნდა დავაჭრათ პატარას ფრჩხილები?- ფრჩხილების სწორი მოვლა მეტად მნიშვნელოვანია - როგორც ჰიგიენის თვალსაზრისით, ასევე იმისთვისაც, რომ ბავშვს პატარაობიდანვე გამოუმუშავდეს მათი მოვლის ჩვევა. ბავშვებს ფრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ და თუ დროზე არ დავაჭერით, მათ ქვეშ ჭუჭყი დაგროვდება, ეს უკანასკნელი კი ინფექციისა და  ჭიებით ინვაზიის წყაროა - პატარებს ხომ ძალიან უყვართ თითების პირში ჩადება. 2-3 წლიდან, როცა პატარები ქვიშაში თამაშს იწყებენ, ჭუჭყი მოჭრილი ფრჩხილების ქვეშაც გროვდება, ამიტომ ხელების დაბანის შემდეგ საჭიროა ფრჩხილების გასუფთავება ჩხირზე წამოცმული ბამბით. ბავშვი თანდათან მიეჩვევა ჰიგიენას და შემდგომ თვითონვე ჩაიტარებს პროცედურებს. - რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავაჭრათ პატარას ფრჩხილები და როგორ?- ჩვილს ხელის თითებზე ფრჩხილები კვირაში 1-2-ჯერ უნდა დავაჭრათ, ხოლო ფეხებზე - კვირაში ერთხელ, რადგან ფეხის ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ხელისა. ზოგიერთი ახალშობილი ძალიან გრძელი ფრჩხილებით იბადება. ისინი მაშინვე უნდა დავაჭრათ, რათა პატარამ სხეული არ დაიკაწროს. არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ფრჩხილების დაჭრისას უნდა დავიცვათ: ჩვილს ფრჩხილები უნდა დავაჭრათ ღრმა ძილის დროს, როცა ხელები მოდუნებული აქვს, თითები - გაშლილი. ფრჩხილების დაჭრა ადვილია ბანაობის შემდეგ - ცხელი წყალი მათ არბილებს. პროცედურისთვის უნდა გამოვიყენოთ მომრგვალებული, გლუვპირიანი მაკრატელი, რომელიც მხოლოდ ბავშვისა იქნება და სხვა არავინ გამოიყენებს. კანი რომ არ დაზიანდეს, პატარას თითის ბალიშებს ქვემოდან თითი მიაჭირეთ - ასე ფრჩხილი უკეთ გამოჩნდება. თუ ამ პროცედურის დამოუკიდებლად ჩატარება გიჭირთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები - სთხოვეთ, ბავშვს ხელი დაუჭირონ. თუ გეშინიათ ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ აჭრით ჩვილს ფრჩხილებს, ჩააცვით ზედატანი ბოლოებამოკერილი სახელოებით, რათა ტანი და სახე არ დაიკაწროს. ფეხის ფრჩხილების მოვლა უფრო რთულია, მაგრამ ნუ აღელდებით - ჩვილს ფრჩხილი კანში არ ჩაეზრდება. თუ პატარას წვეთი სისხლი მაინც გამოუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცედურა არასწორად ჩატარდა. არ დაიბნეთ, სუფთა სტერილური ბამბა მაგრად მიაჭირეთ სისხლიან ადგილზე, მერე კი იოდი დააწვეთეთ და რამდენიმე დღე დააკვირდით, რომ ანთება არ განვითარდეს. - როგორ მოვიქცეთ, ანთება რომ არ გამოგვეპაროს?- ანთების ადგილას კანი თავდაპირველად შეშუპებული, გაწითლებული და მტკივნეულია, მერე კი იწყება ჩირქოვანი პროცესი - პანარიციუმი. თუ მას არ ვუმკურნალეთ, შეშუპება თითის ფალანგზე მთელი ფრჩხილის გასწვრივ გავრცელდება. ასეთ დროს თითი შესივებულია, გახურებული, კანი - მუქი წითელი. ჩვილი წუხს, ჭირვეულობს. უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ, მაგრამ თუ მაინც ვერ გადავურჩით, უნდა მოვიქცეთ ასე: მოვამზადოთ ცხელი მარილწყალი - 1 ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 5-7 სადილის კოვზი ზღვის ან მსხვილი სუფრის მარილი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაგრილოთ, რომ ბავშვს თითი არ დასწვას. ჯერ თვითონ შევამოწმოთ და მერეღა ჩავაყოფინოთ პატარას თითი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ პროცედურა შეიძლება გავიმეოროთ. მარილის აბაზანის შემდეგ ბავშვს თითი გავუმშრალოთ და დავადოთ ნახვევი დიმექსიდის 10%-იანი ხსნარით. 3-4 საათში სახვევი უნდა გამოვუცვალოთ. მარილიანი აბაზანებისა და ნახვევის მონაცვლეობით 5-7 დღეში ანთებითი პროცესი ჩაქრება და შეშუპება ჩაცხრება. - როგორ გავუწმინდოთ ჩვილს ყურები?- ჩვილს ყოველდღე სჭირდება ყურების გაწმენდა, რათა ინფექცია არ შეეჭრას და, საზოგადოდ, თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. გოგირდისგან უნდა გავასუფთავოთ მხოლოდ ყურის ნიჟარები და გარეთა სასმენი მილი. ბამბის ტამპონს უფრო ღრმად ნუ შეიტანთ - შესაძლოა, დაგროვილი გოგირდი მილში ღრმად შევიდეს ან დაფის აპკი დაზიანდეს. პროცედურა ჩაატარეთ ძალიან ფრთხილად, სპეციალური საბავშვო ყურის ტამპონებით, რომლებსაც დაასველებთ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ყურის ნიჟარა დასწიეთ ქვემოთ და უკან. წრიული მოძრაობებით ფრთხილად გაასუფთავეთ გარეთა სასმენი მილი გოგირდისგან. გარეთა სასმენ მილში შესაძლოა ჩარჩეს ბამბა. მისი ამოღება სპეციალისტს მიანდეთ. თქვენ თვითონ ამის გაკეთებას ნუ ეცდებით - შესაძლოა, ბამბა უფრო ღრმად შეიტანოთ. ყოველდღიური ჰიგიენური დამუშავება სჭირდება ასევე კანს ყურის ნიჟარის უკან. ნიჟარა ფრთხილად გადმოკეცეთ წინ და თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით გაასუფთავეთ ბუნებრივი ნაკეცი. ჩვილებს ყურის უკან, ბუნებრივ ნაკეცში, ხშირად უჩნდებათ ფუფხი. ამ ადგილას შეგიძლიათ შეაზილოთ საბავშვო კრემი ან ზეთი. შესაძლოა, ყურის ნიჟარის უკან, კანზე, შეამჩნიოთ წვრილი თეთრთავა გამონაყარი. ეს ადგილები დაამუშავეთ ორკბილას სპირტნარევი ნაყენით. თუ პროცესი გახანგრძლივდა, აჩვენეთ ექიმს. ყურების გასუფთავება უმჯობესია საღამოს, დაბანის შემდეგ - კანი დარბილებულია, ჰიგიენური პროცედურები სასიამოვნოა და ნაკლებად შემაწუხებელი. რაც მთავარია, ჰიგიენური პროცედურების დროს ესაუბრეთ ჩვილს, გაუღიმეთ. იგი ამ პროცედურებს თამაშად აღიქვამს და მათდამი დადებითად განეწყობა. - რა შეიძლება მოხდეს, თუ ყურის გაწმენდის პროცედურა არასწორად ჩავატარეთ?- შუა ყურის ანთება, ოტიტი, ათიდან 6 შემთხვევაში ბავშვს პირველად წლამდე ასაკში ემართება. ის უმეტესად გადატანილ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება, მაგრამ მისი პროვოცირება ასევე შეუძლია ყურების გაწმენდის დროს მიღებულ ტრავმას. გოგირდისგან ყურების ღრმა გასუფთავება ხშირად არ არის სასურველი - 1-2 კვირაში ერთხელ ჯანმრთელ ყურებში თვითგაწმენდის პროცესი მიმდინარეობს, თანაც გოგირდს ბაქტერიების საწინააღმდეგო ფუნქცია აკისრია. როცა წამოიზრდება, ასწავლეთ ბავშვს ცხვირის სწორად მოხოცვა: ცალი ნესტო თითით უნდა იყოს დახშული, ხოლო პირი - ოდნავ ღია. გადააჩვიეთ პატარა სურდოს დროს გამონადენის უკან შესუნთქვას. ყურების გაწმენდის დროს მიზანშეწონილი არ არის: სპირტის გამოყენება. მისი მაღალი კონცენტრაცია აზიანებს კანს და შესაძლოა, დამწვრობა გამოიწვიოს. ჩხირზე ან ასანთაზე ხელით დახვეული ბამბის ტამპონად გამოყენება. ამით შესაძლოა დავაზიანოთ ყური - გავხვრიტოთ დაფის აპკი. თუ ჩხირი ჩატყდა, მიმართეთ სპეცილისტს მის ამოსაღებად. ჯანმრთელი ყურების ჰიგიენური პროცედურებისთვის ყურის სამკურნალო წვეთების გამოყენება. ჰიგიენური პროცდურების ჩატარების შესახებ კონსულტაცია უმჯობესია ოჯახის ექიმთან გაიაროთ, რათა თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო გართულებები.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :