Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

''ბარსელონა'' ''სიტისთან'' ტაქტიკას შეცვლის - sportsmen.ge

''ბარსელონა'' ''სიტისთან'' ტაქტიკას შეცვლის - sportsmen.ge

2014-03-07 19:12:48

მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალების დრო. შუა კვირაში "ბარსელონა" "სიტის" უმასპინძლებს და "ეტიჰადზე" დაწყებული საქმის დამთავრებას შეეცდება. "ბარსა" წლევანდელ სეზონში ძირითადად 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს. თავდასხმის ხაზში მესის ნეიმარი-სანჩესი, ან პედრო-სანჩესი უწყვილდება. ნახევარდაცვას კი, ბუსკეცი-ჩავი-ინიესტა ამაგრებს. ამ ბოლო დროს, შესანიშნავ ფორმაში შევიდა ფაბრეგასი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩავის მაგივრად თამაშობს, ან ცვლილებაზე ინიესტას ნაცვლად შემოდის. თუმცა, არის მესამე ვარიანტიც, რომელსაც მარტინო პრინციპულ თამაშებში იყენებს. "ბლაუგრანა" გადამწყვეტ მატჩებში აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს და ცდილობს მეტოქეს თავისი პლიუსების გამოყენების საშუალება მოუსპოს. "ტატა" ბუსკეცი-ჩავი-სესკი-ინიესტას ჯადოსნურ კვარტეტს ერთად აყენებს. ასეთი შემთხვევა წელს ორჯერ დაფიქსირდა. 1) კლასიკოში. 2) "სიტისთან" "ეტიჰადზე". ყველას კარგად ახსოვს "ნოუ კამპზე" გამართული კლასიკო, რომელიც მასპინძლებმა 2-1 მოიგეს. მატჩამდე არავის ეგონა, რომ კარლო ანჩელოტი ჩვეულ ტაქტიკას რადიკალურად შეცვლიდა. იტალიელმა სპეციალისტმა ბენზემა სკამზე დატოვა და ცენტრფორვარდზე საერთოდ უარი თქვა. შემტევი ტრიო დი მარია-ბეილი-რონალდომ დააკომპლექტეს. ანჩელოტის ყველაზე დიდი შეცდომა ბეილის 9 ნომერად დაყენება იყო. ნახევარდაცვაში აიწია სერხიო რამოსმა, რომელმაც საყრდენის პოზიცია დაიკავა და ხედირას შეუწყვილდა. გამთამაშებლად ლუკა მოდრიჩი დადგა. ჩვეულ ტაქტიკურ სქემას გადაუხვია მარტინომაც, თუმცა ვიზავისგან განსხვავებით საინტერესო რამ შემოგვთავაზა. როგორც შემდეგ გამოჩნდა "ტატამ" გათვალა, რომ ანჩელოტი ცენტრს მაქსიმალურად დატვირთავდა, რათა მესისთვის სივრცეები შეეზღუდა. რამოსის საყრდენად დაყენება, სწორედ ლეოს თამაშიდან გამოთიშვის გამო მოხდა. ამ დროს მარტინომ "ლა პულგა" (მესის ზედმეტსახელი) მარჯვენა ფლანგზე გადაწია და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ფაბრეგასი დააყენა, რითიც მოედნის ცენტრი დაიკავა. "ბარსამ" თამაში ნეიმარზე ააგო. ბრაზილიელმა საბოლოოდ გაამართლა კიდეც. მეორე ტაიმში "ტატამ" შემტევით ხაზს სანჩესი დაამატა, რომელმაც ფაბერაგასი შეცვალა. საბოლოოდ ეს ცვლილებაც სწორი გამოდგა. ვერ ვიტყვით, რომ ზუსტად იგივე ტაქტიკა იყო "სიტისთან" მატჩშიც, მაგრამ შემადგენლობა ფაქტიურად იდენტური გახლდათ. ამჯერად მესის მარჯვენა ფრთაზე არ უთამაშია. იქ სანჩესი დადგა, ლეომ კი ცენტრფორვარდის პოზიცია დაიკავა. ნეიმარი საერთოდ თადარიგში დარჩა. მარცხენა ფლანგი ინიესტამ ჩაიბარა, რომელსაც ალბა აზღვევდა. ხანდახან კი, ფაბრეგასი უცვლიდა პოზიციას. საბოლოოდ ეს შეხვედრაც "ბარსამ" მოიგო. დავუბრუნდეთ 12 მარტს გასამართ მატჩს. მარტინო დაცვაში ფლანგებზე ალვეში-ალბას წყვილით ითამაშებს, ცენტრში კი მასკერანო დადგება, რომელსაც წესით ხერარდ პიკე უნდა შეუწყვილდეს. ესპანელმა მცველმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ნახევარდაცვაში ყველაფერი ნათელია. მაგიური ოთხეული (ბუსკეცი-ჩავი-სესკი-ინიესტა) გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. ესპანური პრესა ორ ვარიანტს ვარაუდობს, თუ რომელი დუეტით შეუტევს "ბარსა" "სიტის". 1) პელეგრინიმ გარისკა და თავიდანვე უკანმოუხედავად შეუტია, მაშინ მარტინო მესის ნეიმარს შეუწყვილებს. 2) ესპანელები არ გამორიცხავენ, რომ ჩილელმა სპეციალისტმა ვერ გარისკოს და პოზიციური შეტევები ამჯობინოს. ამ შემთხვევაში კი, "ტატა" პედროს, ან სანჩესს დააყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საინტერესო თამაში გველის. რეალურად გამოჩნდება, თუ რა შეუძლია "სიტის" და არის, თუ არა "ბარსელონა" ლიგის უმთავრესი ფავორიტი.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :