Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები



1896 წელს ბრიტანელმა ბაქტერიოლოგმა ერნესტ ჰანკინმა შეამჩნია, რომ მდინარე განგის ნაპირას მცხოვრებ ხალხს ინფექციური დაავადებები არ ემართებოდა. მან გამოკვლევა დაიწყო და მდინარის წყალში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელად იყენებდა, პათოგენურ მიკროორგანიზმთა ვირუსები აღმოაჩინა. ასე გაიცნო კაცობრიობამ ბაქტერიოფაგები, რაც ლათინურად "ბაქტერიათა შთამნთქმელებს" ნიშნავს. ბაქტერიოფაგებისა და ფაგოთერაპიის შესახებ ექიმი ლამზირა ოთარაშვილი გვესაუბრება: - ბაქტერიოფაგები, ბაქტერიათა ვირუსები, ვირუსთა სამეფოს განსაკუთრებული წარმომადგენლები არიან. მათი თავისებურება ისაა, რომ ბაქტერიის უჯრედში გამრავლების უნარი შესწევთ. თანამედროვე კლასიფიკაციით, ცნობილია ბაქტერიოფაგების 13 ოჯახი, რომლებიც 140-ამდე გვარს და 5300-ამდე სახეობას აერთიანებს. - როგორია მათი აგებულება?- ელექტრონული მიკროსკოპების ფართოდ დანერგვამ მეცნიერებას შესაძლებლობა მისცა, საფუძვლიანად შეესწავლა ბაქტერიოფაგების აგებულება და დაედგინა, რომ მათ დიდ ნაწილს გაცილებით რთული აგებულება აქვს, ვიდრე ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ვირუსებს. ისინი საკმაოდ მცირე ზომისანი არიან, შეიცავენ ცილას და გენეტიკური ინფორმაციის მატარებელ დნმ-ს ან რნმ-ს მოლეკულას. გარემოში ფაგები არიან ყველგან, სადაც კი ბაქტერიები ბინადრობენ - წყალში, ნიადაგში, წვიმის წვეთებში, საგნებზე, ხილსა და ბოსტნეულზე, ცხოველის ბეწვზე, ადამიანის კანზე და ორგანიზმის შიგნით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი შავმიწა ნიადაგში. - როგორი მექანიზმით აზიანებენ ბაქტერიოფაგები დაავადებების გამომწვევ მიკრობთა უჯრედებს?-  ყოველი სახეობის ბაქტერიოფაგს თავისი სამიზნე ბაქტერია ჰყავს, რომლის უჯრედშიც აღწევს სპეციალური მექანიზმის წყალობით და იქ მანამდე მრავლდება, ვიდრე არ გახეთქავს, არ დაშლის უჯრედის კედელს. ბაქტერიისგან ნარჩენებიღა რჩება, სამაგიეროდ, დღის სინათლეზე გამოდის 150-200 ახალი ფაგი, რომლებიც ახალ სამიზნე ბაქტერიებს ეძებენ, რათა კვლავ გამრავლდნენ. ერთ ფაგს, სახეობისდა მიხედვით, ბაქტერიის უჯრედში შესაღწევად და გასამრავლებლად 15-დან 40 წუთამდე სჭირდება. - რა სახის ფაგები გამოიყენება თანამედროვე ფაგოთერაპიაში და რა განსხვავებაა მათ შორის?- იმისდა მიხედვით, რამდენ კომპონენტს შეიცავს და რამდენი ბაქტერიის წინააღმდეგ გამოიყენება, არსებობს ერთ, ორ, სამ, ოთხ და პოლიკომპონენტიანი ფაგები. ისინი აბებისა და სითხეების, მალამოებისა და სანთლების სახით გამოდის. ადამიანის ორგანიზმში ფაგი რამდენიმე გზით ხვდება: პერორალურად (კუჭ-ნაწლავის გზით), რექტალურად (სწორი ნაწლავიდან), ადგილობრივად (კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ლორწოვანი გარსების მეშვეობით, სავლებისა და მალამოს სახით), აეროზოლებისა და ინტრაპლევრული ინექციების მეშვეობით. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია ფაგის ორგანიზმში ინტრავენური გზით შეყვანა. - რის მიხედვით განისაზღვრება სამკურნალო დოზა?- ფაგოთერაპიის დროს დოზირება მთლიანად ავადმყოფის მდგომარეობაზე, დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ასე რომ, დოზა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ფაგოთერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა ფაგისადმი მგრძნობელობაზე. - რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ფაგოთერაპია და აქვს თუ არა მას უკუჩვენება ან გვერდითი მოვლენა? - ფაგოთერაპია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირა გრძელდება, შემდეგ პაციენტი ისვენებს და, საჭიროებისამებრ, იმეორებს რამდენიმეკვირიან კურსს. უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები ფაგოთერაპიას თითქმის არ აქვს, თუმცა ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ფაგის ზემოქმედებით დაშლილი ბაქტერია სისხლში ენდოტოქსინს გამოყოფს და შესაძლოა თავი იჩინოს უმნიშვნელო გვერდითმა მოვლენებმა. - რომელი დაავადებების სამკურნალო ფაგები არსებობს?- ფაგებს უმთავრესად ჭრილობების, ჩირქოვანი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. ამისთვის არის შექმნილი სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური მონოფაგები, ეშერიხია-პროტეუსის, სტრეპტოკოკულ-სტაფილოკოკური დიფაგები, პოლიპიოფაგი და სხვა. - რა უპირატესობა აქვს ბაქტერიოფაგებს ანტიბიოტიკებთან შედარებით და რატომ განიხილავენ მათ ანტიბიოტიკების ალტერნატივად?- ფაგები მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბაქტერიებზე, ამიტომ დისბიოზი (ბაქტერიათა შორის ბალანსის დარღვევა) და მეორეული ინფექციის წარმოშობა გამორიცხულია. ფაგები არ არღვევენ ორგანიზმის შინაგან ბალანსს, განუწყვეტლივ მრავლდებიან, თანაც ისე, რომ არ იწვევენ გვერდით ეფექტებს, არ ასუსტებენ იმუნიტეტს და ხელს არ უწყობენ ბაქტერიათა გამძლე ფორმების ჩამოყალიბებას. ბაქტერიოფაგები მრავლდებიან ინფექციის ადგილას, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტად არიან საჭირო, ანტიბიოტიკებს კი ამის უნარი არ შესწევთ; ისინი განიცდიან მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) გავლენას, გამოდიან ორგანიზმიდან და არც ინფექციის ადგილას კონცენტრირდებიან. ანტიბიოტიკისადმი ფაგის უპირატესობაა გვერდითი ეფექტების არარსებობაც: ბაქტერიოფაგის გამოყენებას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყვება, მაშინ როცა ანტიბიოტიკოთერაპიისთვის დამახასიათებელია ნაწლავური დარღვევები, ალერგიები და მეორეული, მაგალითად, სოკოვანი ინფექციები. მნიშვნელოვანი ფაქტორია რეზისტენტობაც. მაგალითად, ფაგრეზისტენტული ბაქტერიები მგრძნობიარენი რჩებიან სხვა, მოქმედების ასეთივე დიაპაზონის მქონე ფაგების მიმართ. აქედან გამომდინარე ახალი ფაგის შერჩევა შედარებით მალე, რამდენიმე დღეში ხდება, ანტიბიოტიკრეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ ახალი ანტიბიოტიკის დამუშავება კი ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება. - რის გათვალისწინებაა საჭირო ფაგოთერაპიის დროს?- ფაგის მასპინძლის ვიწრო დიაპაზონისა და პრეპარატის მაღალსპეციფიკურობის გამო აუცილებელია, თერაპიულ გამოყენებამდე დადგინდეს მისი მგრძნობელობა ეტიოლოგიური აგენტის მიმართ. უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებსაც ახლავს სპეციფიკური მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ეფექტიანობის შესახებ. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, სახელდობრ რომელი ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს მის მიერ გამოყენებულ ფაგურ პრეპარატს. ხდება ხოლმე, რომ არსებული ფაგები ამოთესილ მიკრობებზე უშუალოდ არ მოქმედებს ან ცუდად მოქმედებს. ასეთ დროს პაციენტისთვის უნდა დამზადდეს ინდივიდუალური ფაგი, რომელიც კონკრეტული მიკროორგანიზმის საწინააღმდეგოდ იქნება შექმნილი. - ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ რამდენიმე სიტყვით იმ ბაქტერიულ პრეპარატთა შესახებაც მოვუთხრობთ ჩვენს მკითხველს, რომლებიც დღეს მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.- ამ პრეპარატებს პრობიოტიკები ეწოდება. პრობიოტიკები შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც თითქმის უვნებელნი არიან და სარგებლობაც კი მოაქვთ ორგანიზმისთვის, აუმჯობესებენ მის ზოგად მდგომარეობას. ეს ბაქტერიები არ იღუპებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიებს იცავს. მათ მიეკუთვნება ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაქტერიის სუბსტრაქტები, ზოგიერთი კვებითი ბოჭკო (ოლიგოსაქარიდები). პრობიოტიკები ორ ჯგუფად: თხევად და მშრალ ფორმებად იყოფა. მშრალი პრობიოტიკები გამომშრალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ფხვნილის სახით, კაფსულებში და აბებში ინახება. მშრალი პრობიოტიკი შეიცავს ანაბიოზის ანუ მთვლემარე მდგომარეობაში მყოფ ბაქტერიულ შტამებს. მიღების შემდეგ 1-4 საათია საჭირო, რათა ბაქტერია "გამოფხიზლდეს" და პრეპარატმა თავისი თვისებები გამოავლინოს. თხევადი პრობიოტიკები შედგება ბაქტერიებისგან, რომლებიც ფიზიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში არიან და ორგანიზმში მოხვედრისას დაუყოვნებლივ იწყებენ მოქმედებას. ამ პრეპარატებში შედის: 1. სპეციალური საკვები არე, რომელიც ბაქტერიებს სჭირდებათ; 2. ზოგიერთი შემავსებელი ინგრედიენტი, რომელიც აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას (ეს შეიძლება იყოს წყალში ხსნადი ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ამინმჟავები); 3. მეტაბოლიტები - ბაქტერიათა ცხოველქმედების პროდუქტები. - როგორ მოქმედებენ პრობიოტიკები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ?- თრგუნავენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიათა ცხოველქმედებას; არღვევენ წონასწორობას სასარგებლო ბაქტერიათა სასარგებლოდ; ნაწლავის კედელზე ადგილს იკავებენ და ამგვარად იცავენ მას მავნე მიკროორგანიზმებით დასახლებისგან; ნაწლავებში ქმნიან ისეთ მჟავატუტოვან გარემოს, რომლის პირობებში მავნე მიკრობებს გამრავლება უჭირთ; მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის უჯრედების გამომუშავებას. - გარდა დისბაქტერიოზისა და დიარეისა, რომელი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ პრობიოტიკებს?- პრობიოტიკები აქვეითებენ ქოლესტერინს და ორგანიზმიდან მავნე ლიპიდების გამოდევნას უწყობენ ხელს. ლაქტობაქტერინი დიდ დახმარებას უწევს მედიკოსებს კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობაში. ეს პრეპარატი თრგუნავს ჰელიკობაქტერიის მავნე მოქმედებას. პრობიოტიკები აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. მათ, ჩვეულებრივ, ხანგრძლივად იღებენ პაციენტები. სოკოვანი ინფექციის დროს ისინი გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, რომლებსაც ამ ინფექციის დასუსტება და განადგურება შეუძლია. პრობიოტიკებს იყენებენ ორსულობის დროსაც, როდესაც საჭიროა ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაცია მშობიარობამდე და მეძუძურობის პერიოდისთვის. მათ იყენებენ აგრეთვე უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, გაციებისა და გრიპისას. უნდა გვახსოვდეს, რომ პრობიოტიკების ზედოზირება არ ხდება - "ზედმეტი" ბაქტერიები ორგანიზმიდან გამოიდევნებიან, რადგან ვერ ახერხებენ ნაწლავის ლორწოვანის თავისუფალ რეცეპტორებთან მიერთებას.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :