Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

B და C ჰეპატიტების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა



B ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პრინციპებსა და მეთოდებზე გვესაუბრება სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის კლინიკური  ვირუსოლოგიის და მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე ლანა გაწერელია:- B და C ჰეპატიტები ფართოდ გავრცელებული დაავადებები გახლავთ. მსოფლიოში დაახლოებით 350-400 მილიონი კაცი B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებელია, ხოლო 180 მილიონი C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. წელიწადში 300 000-მდე კაცი ამ ვირუსებით გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიებით იღუპება. საქართველოში  ჩატარებული გამოკვლევის  მონაცემებით, ჯანმრთელი მოსახლეობის 7% ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით, ხოლო დაახლოებით 2% B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებელია. მოგეხსენებათ, ღვიძლის ციროზის, კიბოსა და ღვიძლის უკმარისობის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ B და C ვირუსული ჰეპატიტებია. ამ დაავადებებს წამყვანი ადგილი უჭირავს ავადობის, სიკვდილიანობის, ჰოსპიტალიზაციისა და შრომისუუნარობის მიზეზთა შორის, ამიტომაც B და C ვირუსული ჰეპატიტები მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს, რომლის აქტუალურობა დღითი დღე იზრდება. შეგახსენებთ, რომ B და C ჰეპატიტების გადაცემის გზები მსგავსია. გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული სისხლის ან მისი რომელიმე კომპონენტის გადასხმით, დაბინძურებული ნემსის ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, ვერტიკალური გზით (დედისგან შვილზე), სქესობრივი (როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალური) კონტაქტით (C ჰეპატიტის შემთხვევაში, B-სგან განსხვავებით, სქესობრივი გზით გადაცემა იშვიათია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია გამოკვლევა ჩაიტარონ ინტრავენურმა ნარკომანებმა, სისხლის რეციპიენტებმა, მრავალი სქესობრივი პარტნიორის მყოლმა პირებმა, მათ, ვისაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა, ვენდაავადებულებმა, ყველა ორსულმა, ჰემოდიალიზზე მყოფმა პირებმა, მედპერსონალმა, ინფიცირებულ პირთა პარტნიორებმა და, საზოგადოდ, ყველამ, ვინც კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. B და C ჰეპატიტების ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს აქვთ განსაზღვრული კლინიკური ნიშნები (სიყვითლე, სისუსტე და სხვა). მაგრამ უმეტესად ეს დაავადებები ასიმპტომურად მიმდინარეობს, ამიტომ B და C ჰეპატიტების საიმედო დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული და ინსტუმენტული გამოკვლევების საფუძველზე.- რომელი ლაბორატორიული გამოკვლევა ტარდება B ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის?- უპირველეს ყოვლისა, სასურველია, ჩატარდეს გამოკვლევა HBsAg-სა და ანტი HBc ანტისხეულებზე იმუნოფერმენტული მეთოდით. თუ HBsAg და ანტი HBc ორგანიზმში არ აღმოჩნდა, ესე იგიBადამიანი ჰეპატიტის ვირუსით არ არის ინფიცირებული. ასეთ დროს მას რეკომენდაცია ეძლევა, ჩაიტაროს ვაქცინაცია B ჰეპატიტზე. თუ HBsAg არ აღმოჩნდა, ხოლო ანტი HBc ანტისხეულები დადებითია, საქმე გვაქვს გადატანილ Bდა, სავარაუდოდ, განკურნებულ B ჰეპატიტთან. ამ დროს ვაქცინაციის საჭიროება აღარ არის. დადებითი HBsAg ნიშნავს მწვავე ან ქრონიკულB ჰეპატიტს, რომელთა დიფერენცირებისთვის საჭიროა დინამიკური დაკვირვება და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ყველა HBsAg-დადებით პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, ჩაიტაროს სეროლოგიური ტესტები HBeAg-ის, ანტი-HBe-ს, HBcIgM-ის განსასაზღვრავად. ეს გამოკვლევები დაავადების სტადიასა და ფორმაზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. HBsAg-დადებით პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ფუნქციური ტესტები: გამოკვლეულ იქნეს ალანინ  და ასპარტატამინოტრანფერაზები (ALT, AST), გამაგლუტამილტრანპეპტიდაზა (Gamma-GT), ბილირუბინი და სხვა. HBsAg-დადებით ავადმყოფებში მნიშვნელოვანია დნმ-ს განსაზღვრა ეგრეთ წოდებული მყისიერი (რეალური დროის) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ზუსტი და მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ სისხლში B ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის (დნმ) მინიმალური რაოდენობა და ერთეულის სიზუსტით განვსაზღვროთ ვირუსის კონცენტრაცია (ვირუსული დატვირთვა) სისხლის ერთეულში, რაც აუცილებელი პირობაა დაავადების მართვის ოპტიმალური რეჟიმის შესარჩევად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, გენოტიპირების საშუალებით განისაზღვროს B ჰეპატიტის ვირუსის 8 ძირითადი ტიპი, რაც ასევე მნიშვნელოვანია მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის შესარჩევად. ბიოქიმიურისგან განსხვავებით, აღნიშნული გამოკვლევები მხოლოდ სპეციალიზებულ ჰეპატოლოგიურ ცენტრებში ტარდება. ყველას, ვისაც აქვს დადებითი HBsAg, უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა D ჰეპატიტზე, ვინაიდან ამ ვირუსით კოინფექცია ან სუპერინფექცია საგრძნობლად ამძიმებს B ჰეპატიტის მიმდინარეობას და დაავადების მართვის სრულიად განსხვავებულ მენეჯმენტს მოითხოვს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპა" ქვეყნის წამყვანი ჰეპატოლოგიური ცენტრები გახლავთ. ამ დაწესებულებებში ხორციელდება ყოველგვარი ინსტრუმენტული, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევა უახლესი მაღალტექნოლოგიური  მეთოდების გამოყენებით, შესაბამისად, არ არსებობს პაციენტის ან სისხლის უცხოეთში გაგზავნის არავითარი საჭიროება. აღნიშნული ცენტრები აღჭურვილია უახლესი, მსოფლიო სტანდარტების დონის მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ლაბორატორიებში მუშაობენ გამოცდილი, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმ-ლაბორანტები. ყველა მათგანს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დასაუფლებლად გავლილი აქვს გრძელვადიანი სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის წამყვან ცენტრებში. C ჰეპატიტის ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდებზე გვესაუბრება  სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის კლინიკური  ვირუსოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ექიმი-ვირუსოლოგი მარიკა ქარჩავა:- C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ისევე როგორც B ჰეპატიტისა, რამდენიმე ეტაპად იყოფა: სკრინინგულად, კონფირმაციულად და სხვა. დიაგნოსტიკის პირველი ეტაპია C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულის აღმოჩენა იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) ან  ეგრეთ წოდებული სწრაფი მარტივი მეთოდით. C ჰეპატიტის პირველადი ანუ სკრინინგული გამოკვლევისათვის სასურველია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მესამე და მეოთხე თაობის ტესტები, რომლებიც მაღალი სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევა. ამ ტესტების გამოყენება ამცირებს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგების მიღების ალბათობას. C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითი შედეგი უნდა გადამოწმდეს კონფირმაციული (იმუნობლოტინგის) მეთოდით, რომლის დადებითი შედეგიც აბსოლუტურად სარწმუნოდ ითვლება.სკრინინგული ანალიზით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში კვლევა გრძელდება უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური მეთოდებით, რომლებიც განსაზღვრავს სისხლში ჩ ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკურ მასალას, რნმ-ს, მყისიერი (რეალური დროის) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. თანამიმდევრულად ტარდება რნმ-ს განსაზღვრის ჯერ  თვისობრივი, ხოლო შემდგომ რაოდენობრივი ტესტები. C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს თვისობრივი გამოკვლევის უარყოფითი შედეგი იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გამრავლება, რეპლიკაცია, არ ხდება და საქმე გვაქვს ორიდან ერთ შემთხვევასთან - ან ლატენტურ ჰეპატიტთან, ან ადრე გადატანილ და განკურნებულ ჩ ჰეპატიტთან. ამ შემთხვევაში სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა 6 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს საკონტროლო გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც განისაზღვრება დაავადების მართვის ტაქტიკა. ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ს თვისობრივი გამოკვლევის დადებითი შედეგი იმას ნიშნავს, რომ ხდება ვირუსის გამრავლება, რეპლიკაცია, და საქმე გვაქვს დაავადების აქტიურ ფორმასთან.ამ შემთხვევაში აუცილებელია შემდგომი გამოკვლევა და სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. შემდგომი გამოკვლევა ვირუსის რაოდენობრივ განსაზღვრასა და ვირუსის გენოტიპირებას გულისხმობს. რაოდენობრივი ტესტი - მყისიერი (რეალური დროის) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი, რომელიც ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, სადღეისოდ ყველაზე ზუსტი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც, ისევე როგორც B  ჰეპატიტის შემთხვევაში, ვლინდება ვირუსის გენეტიკური მასალის მინიმალური რაოდენობა და პრაქტიკულად ერთეულის სიზუსტით განისაზღვრება სისხლში ვირუსის კონცენტრაცია ძალზე დიდ დიაპაზონსა და გაცილებით მოკლე ხანში. რაოდენობრივი ტესტის პარალელურად პაციენტს უტარდება ჩ ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება. გენოტიპირების ტესტით ვადგენთ, ვირუსის რომელი გენოტიპითა და სუბტიპით არის ინფიცირებული პაციენტი. C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპების განსაზღვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ხანგრძლივობისა და რეჟიმის შესარჩევად, აგრეთვე - მკურნალობის შედეგის პროგნოზირებისთვის. მაგალითად, პირველი და მეოთხე გენოტიპით ინფიცირების შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს სულ ცოტა ერთწლიან მკურნალობას პეგილირებული ინტერფერონით და რიბავირინით, განკურნების შანსი კი მხოლოდ 40-45%-ია, ხოლო მეორე და მესამე გენოტიპის შემთხვევაში  მკურნალობა 6 თვე გრძელდება, განკურნების შანსი კი 70-80%-ია. როგორც B ჰეპატიტიან, ასევე C ჰეპატიტიან პაციენტებს უტარდებათ ღვიძლის ბიოქიმიური ტესტები. გარდა ამისა, B და C ჰეპატიტიან  ავადმყოფებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ მუცლის ღრუს ორგანოების (უპირველეს ყოვლისა, ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის ელასტოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში - ეზოფაგოსკოპია.ღვიძლის ელასტოგრაფია წარმოადგენს ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდს. აქამდე ამ უკანასკნელთა დიაგნოსტიკა შესაძლებელი იყო მხოლოდ ღვიძლის ბიოფსიის საშუალებით, რომელიც ფაქტობრივად მცირე ზომის ოპერაციაა, ძვირადღირებულია და თან სდევს სერიოზული დისკომფორტი. ღვიძლის ელასტოგრაფია არაინვაზიური ანუ უსისხლო მეთოდია, რომლითაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და უმოკლეს დროში შეიძლება ზუსტად განისაზღვროს ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის ხარისხი. ამ აპარატის შექმნა დიდი მიღწევაა სამედიცინო ინტრუმენტული დიაგნოსტიკის პრაქტიკაში. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მან რევოლუცია მოახდინა ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტიკაში. 2007 წლიდან ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება საქართველოში, კლინიკა "ჰეპაში", ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის დიაგნოსტიკისთვის. ეზოფაგოსკოპია საჭიროა, როდესაც სავარაუდოა საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. გარდა ამისა, რიგ შემთხვევაში აუცილებელია სხვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაც (ავტოიმუნური ჰეპატიტის მარკერები, რკინის და სპილენძის ცვლის გამოკვლევა, ციროზის და ფიბროზის სეროლოგიური მარკერების განსაზღვრა და სხვა). ზემოთ ჩამოთვლილი  ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ზუსტად დავსვათ B და C ჰეპატიტის დიაგნოზი, შევაფასოთ დაავადების ფორმა, სტადია და განვსაზღვროთ მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმი, ამისთვის კი აუცილებელია, ყველა ეს გამოკვლევა მაღალკვალიფიციურ სპეციალიზებულ ცენტრებში ჩატარდეს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :