Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ახალშობილი და სოკოვანი ინფექცია

ახალშობილი და სოკოვანი ინფექცია



მყავს ახალშობილი შვილი. პირის ღრუში გაუჩნდა რძიანა. მითხრეს, სოკოაო. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? საერთოდ, როგორ ავადდება ახალშობილი სოკოთი? ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა სოკოვანი ინფექციით ბავშვების, მათ შორის - ახალშობილების ავადობა. ახალშობილს სოკოვანი ინფექცია სამშობიარო გზებში გავლისას ხვდება, როდესაც დედა თავად არის ინფიცირებული სოკოვანი ინფექციით. როგორ ვლინდება დაავადებაკანის, ლორწოვანი გარსების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფიცირება ვლინდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გაჩენილი გამონაყარით, პირღებინებით, დიარეით, ხოლო გავრცობილი პროცესის შემთხვევაში - სეფსისითა და მენინგიტით. სოკოვანი ინფექციის გავრცელებას (გენერალიზებას) ის უწყობს ხელს, რომ ახალშობილთა ორგანიზმის დამცავი ფაქტორები (იმუნიტეტი), ნივთიერებათა ცვლის, საჭმლის მონელებისა და სუნთქვის პროცესები ჩამოუყალიბებელია. ახალშობილის ინფიცირება ხდება დაავადებულ სამშობიარო გზებში გავლის დროს, დაავადება კი დაბადებიდან მეშვიდე-მეათე დღეს იჩენს თავს. სოკოვანი (კანდიდური) ინფექცია ვლინდება შორისის გამოყელვის, სტომატიტის, რძიანას ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ფსევდომებრანული კანდიდოზის სახით. ახალშობილებში კანდიდოზით ავადობა 2-5%-ს აღწევს. აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) ინფიცირებულ ძუძუთა ბავშვებში რძიანა არაინფიცირებულთან შედარებით 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ჯანმრთელი ახალშობილისთვის რძიანა პრობლემას არ წარმოადგენს. ის, როგორც წესი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივ, უსისტემო მიღებას უკავშირდება. ასეთი ფონის გარეშე განვითარებული მორეციდივე რძიანას დროს უთუოდ უნდა გამოირიცხოს დიაბეტი და იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. ახალშობილთა სოკოვანი ინფექციის დროს ყურადღებას იპყრობს ერითემული (წითელი) ლაქები კანზე, განსაკუთრებით - საზარდულისა და იღლიის მიდამოში, თეთრი ხაჭოსებრი ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე.  როგორ ინფიცირდება ახალშობილიინფიცირების ერთ-ერთი გზა - ინფიცირებულ სამშობიარო გზებში გავლა - უკვე ვახსენეთ. ინფიცირება შეიძლება სხვა გზითაც. ახალშობილებს თერმორეგულაციის მექანიზმი ჩამოუყალიბებელი აქვთ. თუ მეტისმეტად თბილად ჩავაცვით, ორგანიზმი გადახურდება, გაოფლიანდება, საფენების მექანიკური ზემოქმედება კანს დააზიანებს. დაზიანებულ საფარველზე კი ადვილად დასახლდება სოკო და განვითარდება კანის მიკოზი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკოზი, როგორც წესი, შერწყმულია თანდაყოლილ ლაქტოზურ უკმარისობასთან, ცელიაკიასთან, მუკოვისციდოზთან, ხელოვნური კვების დროს - ცილის აუტანლობასთან, ნაწლავურ ინფექციებთან, რომლებიც ახალშობილებში იწვევს დისბაქტერიოზს - მუცლის შებერვას, ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას, მუცლის ტკივილს, საჭმლის მონელების დარღვევას, სხეულის მასის კლებას. შედარებით მოზრდილებს, გარდა დისბაქტერიოზისა, უვითარდებათ ქრონიკული გასტროდუოდენიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია, პანკრეასის ფუნქციის დარღვევა, ენტერობიოზი. წლამდე ასაკის ჩვილებში კანდიდური ინფექციის კერები შესაძლოა გავრცელდეს ტუჩებზე, ლორწოვან გარსებზე, ნუშურებზე, სასის რკალებზე, რბილ და მაგარ სასაზე. ნადების მოცილება იწვევს ადგილობრივ სისხლდენას. ბავშვებს აწუხებთ პირის ღრუს ტკივილი, რაც თავის მხრივ ხელს უშლის საკვების მიღებას.  რა შეიძლება დააზიანოს სოკოვანმა ინფექციამსოკოვანი ინფექცია აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს, ბრონქებს, ფილტვებს, ყელ-ყურ-ცხვირისა და სასის გამომყოფ სისტემებს. გოგონებში ხშირია საშოსა და საშვილოსნოს სოკოვანი ანთებითი პროცესი, ვულვოვაგინიტი, განსაკუთრებით - პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) ასაკში. კლინიკურად ის ქავილით, ადგილობრივი სიწითლით, თეთრი ხაჭოსებრი ნადებით, ანთებითი ფიფქებით, შარდვის პროცესის დარღვევით გამოვლინდება. სოკოვანი ინფექცია და ანტიბიოტიკებიგარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, მიკოზი შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა და არასწორმა მიღებამ, სხივურმა თერაპიამ, ხშირმა კათეტერიზაციამ, ინსტრუმენტების დამუშავებისას სანიტარიული ნორმების დარღვევამ და სხვა. გაუმართლებელია ანტიბიოტიკების დანიშვნა დაუსაბუთებლად ანუ მაშინ, როცა არ დასტურდება ბაქტერიული ინფექცია, რაც შესაბამის ცვლილებას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზში. ეს მარტივი ანალიზი ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს სამედიცინო დაწესებულებაში. ვირუსული ინფექციის დროს კი ანტიბიოტიკით მკურნალობა დაუშვებელია - გარდა იმისა, რომ დაავადების გახანგრძლივება იმუნიტეტის დაქვეითებასა და დისბაქტერიოზს იწვევს, ამ ფონზე ხშირად ვითარდება სოკოვანი ინფექცია.  თანდაყოლილი სოკოვანი ინფექციაარსებობს სოკოვანი ინფექციის თანდაყოლილი ფორმა, რომელიც დედისგან ნაყოფის მასიური ინფიცირების შედეგია. ამ დროს კანის დაზიანება გავრცელებულია და ვლინდება ნაოჭების გამოყელვით, ანთებით კერებზე თეთრი ნადების არსებობით, ბუშტუკოვანი გამონაყარით. კანდიდური პნევმონიის დართვა დაავადების პროგნოზს საგრძნობლად ამძიმებს.  სოკოვანი ინფექციის მკურნალობაპირის ღრუს კანდიდოზი, იგივე რძიანა, ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე ბავშვებში იკურნება ნისტატინის სუსპენზიით, კლოტრიმაზოლით, თუმცა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში კლოტრიმაზოლის ეფექტურობა ბოლომდე არ არის დასაბუთებული. თერაპიული ეფექტი შედარებით სუსტია იმუნიტეტდაქვეითებულ ავადმყოფებში. კანისმიერ გამოვლინებათა დროს მიმართავენ ადგილობრივ მკურნალობას სოკოს საწინააღმდეგო (ანტიმიკოზური) კრემებითა და გელებით. ვულვოვაგინიტი წარმატებით იკურნება ადგილობრივი ვაგინალური მალამოებით ან სპეციალური ვაგინალური სანთლებით და ჩვეულებრივი ნისტატინით, კლოტრიმაზოლით. მიკოზის მკურნალობისას სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად აუცილებელია ორგანიზმის გამაძლიერებელი და სიმპტომური საშუალებების გამოყენება. ბავშვებისთვის ყველაზე მისაღები ანტიმიკოზური საშუალებაა დიფლუკანი (ფლუკონაზოლი), რომელიც გამოდის ვენაში გადასასხმელი ხსნარის, კაფსულებისა და სუსპენზიის ფორმით. მკურნალობის ხანგრძლივობა (1-2 კვირიდან 1-2 თვემდე) დაავადების ფორმასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. პირის ღრუს ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს პროგნოზი საიმედოა, სეფსისის შემთხვევაში - მძიმე. კანდიდას ოჯახის საფუარა სოკო, ბავშვთა სოკოვანი ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზი, ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. გვხვდება ბოსტნეულზე, ხილზე, ასევე ბინადრობს ადამიანის კანზე, ლორწოვან გარსებზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. დაავადებას განაპირობებს ქსოვილებში სოკოს შეღწევა (ქსოვილოვანი ფორმა). პარაზიტულ მდგომარეობაში მის გადასვლას ხელს უწყობს დისბაქტერიოზი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება და სხვა.  როგორ დავიცვათ ბავშვი მიკოზისგანდაიცავით სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ახალშობილებს სათანადოდ დაუმუშავეთ კანი და პირის ღრუ. ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ ბავშვს არავითარი მედიკამენტი, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკი. რაც მთავარია, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა თქვენი შვილი ყოველგვარი ინფექციისგან დაზღვეული იყოს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :