Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ათეროსკლეროზის სამკურნალო პრეპარატები

ათეროსკლეროზის სამკურნალო პრეპარატები



ათეროსკლეროზის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. ის ორი ძირითადი მიმართულებით უნდა ხორციელდებოდეს და მოიცავდეს როგორც საკუთრივ ათეროსკლეროზის, ასევე დაზიანებული ორგანოების ფუნქციურ დარღვევათა და, რა თქმა უნდა, თრომბოემბოლიურ გართულებათა მკურნალობას. არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად და უმალ უშველის. თითოეულ პაციენტს დაავადების მიმდინარეობის მისეული სპეციფიკა და თავისებურებები ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ათეროსკლეროზის მკურნალობა მეტად რთული ამოცანაა. სადღეისოდ პათოლოგიურ პროცესზე ზემოქმედების რამდენიმე გზაა შერჩეული: ორგანიზმში ქოლესტერინის შეღწევის შემცირება; ორგანოებსა და ქსოვილებში ქოლესტერინის სინთეზის შემცირება; ორგანიზმიდან ქიოლესტერინისა და მისი ცვლის პროდუქტების გამოდევნის გაძლიერება; ლიპიდების ჟანგვის დაქვეითება; ქალებში მენოპაუზის პერიოდში ესტროგენჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება; ინფექციის გამომწვევებზე ზემოქმედება. ორგანიზმში ქოლესტერინის შეღწევის შემცირება შესაძლებელია დიეტის საშუალებით, საკვები რაციონიდან ცხიმებისა და ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების გამორიცხვით. აღნიშნული დიეტა ერთდროულად ემსახურება როგორც ათეროსკლეროზის მკურნალობას, ასევე მის პროფილაქტიკასაც. ამჟამად მთელ მსოფლიოში ათეროსკლეროზის სამკურნალოდ ოთხი ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება: 1) ნიკოტინის მჟავას პრეპარატები. ამ პრეპარატების უპირველესი ღირსება მათი დაბალი ფასია, თუმცა ეფექტის მისაღწევად მათი საკმაოდ დიდი დოზებია საჭირო - 1,5-3 გრამი დღე-ღამეში, რაც სააფთიაქო ქსელში არსებულ ნიკოტინის მჟავას აბებზე გადაანგარიშებით შეადგენს 0,05-გრამიან 30-60 აბს. ამ რაოდენობის აბის მიღებამ კი შესაძლოა ცხელების შეგრძნება, თავისა და კუჭის ტკივილი გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული ნიკოტინის მჟავას უზმოზე მიღება, ისევე როგორც პრეპარატზე ჩაისა და ყავის მიყოლება. ნიკოტინის მჟავა ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ანტიათეროგენული ლიპოპროტეინების შემცველობას. თუმცა ასეთი მკურნალობა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ღვიძლის დაავადებები აწუხებთ, ვინაიდან ნიკოტინის მჟავამ შესაძლოა ღვიძლის ფუნქცია რამდენადმე დაარღვიოს და ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას დაუდოს სათავე. 2) ფიბრატები A. ამ ჯგუფის პრეპარატებიდან აღსანიშნავია გევილანი, ატრომიდი, მისკლერონი. ისინი აქვეითებენ ორგანიზმში ცხიმების სინთეზს. ფიბრატები, საზოგადოდ, სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებენ, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისას ზრდიან. საყურადღებოა, რომ მათაც შესწევთ უნარი, დაარღვიონ ღვიძლის ნორმალური ფუნქციობა და ხელი შეუწყონ ნაღვლის ბუშტში კენჭების განვითარებას. შედარებით მსუბუქად გამოხატული გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია თავისა და მუცლის ტკივილი, აგრეთვე - რესპირატორული პრობლემები და ტკივილი ზურგის არეში.3) ნაღვლის მჟავათა სეკვესტრანტები. ამ ჯგუფის პრეპარატები ბოჭავენ ნაწლავებში ნაღვლის მჟავებს და ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მათ გამოდევნას, ხოლო რამდენადაც ნაღვლის მჟავები ქოლესტერინისა და ცხიმების ცვლის პროდუქტებია, აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები, ფაქტობრივად, აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინისა და ცხიმების დონეს. ნაღვლის მჟავათა სეკვესტრანტებს მიეკუთვნება ქოლესტიდი და ქოლესტირამინი. მათ ძალიან ცუდი გემო აქვთ, ამიტომ მათი მიღება წვენის მიყოლებით არის რეკომენდებული. ნაღვლის მჟავათა სეკვესტრანტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეკრულობა, მეტეორიზმი და სხვა სახის დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატები არღვევენ სხვა მედიკამენტების შეწოვას, ამიტომ სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება რეკომენდებულია ნაღვლის მჟავათა სეკვესტრანტების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მათი მიღებიდან 4 საათის შემდეგ.4) სტატინები - ქოლესტერინისა და ცხიმების დონის დაქვეითება სისხლში ყველაზე ძლიერად ამ ჯგუფის პრეპარატებით არის შესაძლებელი. სტატინების გავლენით ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზი მცირდება, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აქვეითებენ სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს და ზომიერად ზრდიან მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას. სტატინები მიიღება სოკოებისგან (ზოკორი, მევაკორი, პრავაქოლი) ან იწარმოება სინთეზური გზით (ლესკოლი). აღნიშნული პრეპარატები ინიშნება დღეში ერთხელ, საღამოს, რადგან ქოლესტერინის გამომუშავება ღამით ძლიერდება. სტატინების ეფექტურობა არაერთი კვლევით არის დადასტურებული. სამწუხაროდ, ამ ჯგუფის პრეპარატებიც არღვევენ ღვიძლის ფუნქციას და სხვა უარყოფითი მოვლენებიც ახასიათებთ. მათი მიღება ხშირად იწვევს თავის ტკივილს, გულისრევასა და ღებინებას, შეკრულობას ან, პირიქით, ფაღარათს, გამონაყარს კანზე და კუნთების ტკივილს. საყურადღებოა, რომ ათეროსკლეროზის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იცავს ექიმის რეკომენდაციებს, რაციონალური კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპებს. ვიტამინები ათეროსკლეროზის სამკურნალოდქოლესტერინის ცვლასა და არტერიათა კედლებში ათერომული ფოლაქების ჩალაგებაზე დიდ გავლენას ახდენს ვიტამინები. ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი) დიდი დოზები, გარდა იმისა, რომ ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ღვიძლით მის გამოდევნასაც აძლიერებს. საყურადღებოა, რომ ასკორბინის მჟავასთან ერთად იოდის ნაყენითაც ატარებენ თერაპიას. ათეროსკლეროზის მკურნალობაში იოდის პრეპარატებმა ბოლო ხანს კვლავ მიიპყრო ყურადღება. იოდის გავლენით ძლიერდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, რასაც თან ახლავს თიროქსინის გამოყოფა, ამ ჰორმონის გავლენით კი, როგორც ცნობილია, სისხლში ქოლესტერინის დონე ქვეითდება. C ვიტამინთან ერთად ფართოდ გამოიყენება B ჯგუფის ვიტამინებიც, რომლებსაც ლიპოტროპული თვისებები ახასიათებს. აღნიშნული თვისებები განპირობებულია მათში ქოლინისა და მეთიონინის - ძირითადი ლიპოტროპული საშუალებების - არსებობით. B12 და B3 ვიტამინების გავლენით არა მხოლოდ ქვეითდება ქოლესტერინის დონე, არამედ იზრდება ლეციტინის რაოდენობა, რაც ზრდის ლეციტინ-ქოლესტერინის კოეფიციენტს. ქოლინი დადებითად მოქმედებს ლიპოიდების ცვლაზე,  ამიტომაც რეკომენდებულია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. ქოლინის წყალობით საგრძნობლად ქვეითდება ქოლესტერინის და მნიშვნელოვნად იზრდება ფოსფოლიპიდების (ლეციტინის) დონე,  რაც ხელს უშლის სისხლძარღვთა კედლების დაზიანებას. ანალოგიური მოქმედება აქვს მეთიონინს, რომელიც ასევე წარმატებით გამოიყენება ათეროსკლეროზის მკურნალობაში. სხვა პრეპარატებიათეროსკლეროზის სამკურნალოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. ესენია: ანტიოქსიდანტები: E, A, C ვიტამინები; ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები; ჰორმონშემცვლელი პრეპარატები (ესტროგენები); ანტიკოაგულანტები. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვებში ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის აღმოფხვრას. აღმოჩნდა, რომ უმეტესად სწორედ დასახელებული ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობაა ათეროსკლეროზის განვითარების ძირითადი მიზეზი და საფუძველი ისეთი ვერაგი გართულებებისა, როგორებიც არის ინფარქტი, ინსულტი და არითმია, რომელიც, თავის მხრივ, გულის მწვავე უკმარისობასა და ლეტალურ შედეგს განაპირობებს. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების - ეიკონოლისა და ეიფიტოლის - გამოყენება 6-7-ჯერ ამცირებს სიკვდილიანობას მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, 2,5-ჯერ ზრდის გულის ელექტრული სტაბილურობის ზღურბლს ანუ ძლიერი ანტიარითმიული ეფექტით გამოირჩევა. ცალკეული პრეპარატების დახასიათება ეიკონოლი აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას; 6-7-ჯერ ამცირებს სიკვდილიანობას მიოკარდიუმის ინფარქტის დროს; 2-3-ჯერ ზრდის გულის ელექტრული სტაბილურობის ზღურბლს; ძლიერი ანტიარითმიული საშუალებაა; ხელს უშლის ორგანიზმის ნაადრევად დაბერებას. შემადგენლობა: ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები; ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 30%; მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 42%; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - არაუმცირეს 20%; ცხიმში ხსნადი ვიტამინები A, D, E. ეიკონოლი წარმოადგენს საკვების ბიოლოგიურად აქტიურ ნატურალურ დანამატს. ჟელატინის კაფსულები შეიცავს შემაერთებელი (ხრტილოვანი) ქსოვილის პროტეინებს, ამინმჟავებს - პროლინსა და გლიცინს.  რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ მოქმედებასა და ფარმაკოდინამიკას, აქვს ანტიათეროსკლეროზული,  ჰიპოლიპიდემიური,  ჰიპოტენზიური, შედედებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიათეროსკლეროზული და ჰიპოლიპიდემიური მოქმედება განპირობებულია იმით, რომ ეიკონოლი ცვლის უჯრედთა მემბრანების თხევად თვისებებს, ზრდის მემბრანების რეცეპტორთა ფუნქციურ აქტივობას, რითაც ხელს უწყობს ლიპოპროტეიდების ფერმენტებთან ურთიერთქმედების და, ზოგადად, ლიპოპროტეიდების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. შედეგად ჰიპერლიპიდემია (სისხლში ლიპოპროტეიდების მომატებული დონე) ქვეითდება და, როგორც წესი, ათეროსკლეროზული პროცესის აქტივობა იკლებს. შედედების საწინააღმდეგო და თრომბოლიზური მოქმედება დაკავშირებულია უჯრედული მემბრანების, მათ შორის თრომბოციტების მემბრანების შემადგენლობის ცვლილებასთან. ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია ვაზოდილატატორული (სისხლძარღვთა გამაფართოებელი) პროსტაგლანდინების სინთეზზე ზემოქმედებით, აგრეთვე ზეგავლენით იმ ვაზოაქტიურ სუბსტანციებზე, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციასთან (დეპრესორული ადენოზინის გამოთავისუფლება, პლაზმური ნორადრენალინის დონის დაქვეითება, უჯრედშიდა კალციუმის ტრანსპორტირების დათრგუნვა).     ეიკონოლის კლინიკური გამოყენება: სხვადასხვა ლოკალიზაციის ათეროსკლეროზი, ათეროგენული დისლიპიდემია, ათეროსკლეროზისადმი მემკვიდრეობითი განწყობა, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ტვინის იშემიური დაავადება, დისცირკულარული ენცეფალოპათია, არითმია; ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი გარდამავალი კოჭლობის სინდრომით; ათეროსკლეროზული არტერიული ჰიპერტენზია და დისცირკულარული ენცეფალოპათია სისხლძარღვების ოპერაციის შემდგომ; თვალის დაავადებები; ფსორიაზი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წითელი ბრტყელი ლიქენი, მორეციდივე სტომატიტი, ტროფიკული წყლულები, ბავშვთა ალერგიული დაავადებები, დერმატოზები; ჰიპერლიპიდემია ნეფროზული სინდრომის დროს, პიელონეფრიტი; რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი; ორსულთა ტოქსიკოზი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ონკოლოგიური პათოლოგიები; როგორც პროტექტორული საშუალება სხივური და ქიმიოთერაპიის დროს; ქოლეცისტიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და ალკოჰოლური ჰეპატიტი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი; ორგანიზმის ნაადრევად დაბერება; ანტიოქსიდანტი და იმუნომოდულატორი; აქვეითებს ალკოჰოლისადმი სწრაფვას. პროფილაქტიკური კურსი სასარგებლოა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, მეცნიერებისა და მფრინავებისთვის, ყველა იმ პირისა თუ სპეციალისტისთვის, რომელთა მოღვაწეობაც მოითხოვს დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავებას მეხსიერებაში და გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღებას. გამოყენების წესი: ეფექტური დოზა - 5-6 კაფსულა 3-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა - 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში; ბავშვთა დოზა - 1-2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ; მიღების კურსი მოიცავს: 3-6 თვეს - ათეროსკლეროზისა და სისტემური დავადებების დროს, 2-3 თვეს - დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების დროს, 2 თვეს - პროფილაქტიკური მიღებისას. უკუჩვენებები: ჰეპატობილიარული დაავადებების გამწვავება, ჰემორაგიული სიდრომი, კომპონენტების აუტანლობა. ეიფიტოლი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაწმენდას; აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას; აქვს მკვეთრად გამოხატული ანტისკლეროზული და ანტიარითმიული მოქმედება; ზრდის სისხლძარღვთა ელასტიკურობას; ამაგრებს გულის კუნთს (კარდიოპროტექტორია); ხელს უშლის მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას (კორონაროდილატატორია); წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ცხიმოვანი ნადებებისაგან; აღადგენს სახსრებში მოძრაობას; აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას და ცნობიერებას; ამცირებს თავბრუხვევისა და თავის ტკივილის სიხშირეს, აგრეთვე ძილის დარღვევებს. ეიფიტოლი წარმოადგენს ნატურალურ საკვებ პროდუქტს, ნივთიერებათა ცვლის აქტიურ ბიორეგულატორს, რომელიც გამომუშავდება თევზის ქსოვილოვანი ცხიმიდან. რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ ჯგუფს, ეიფიტოლი ერთსა და იმავე დროს არის ანტიაგრეგანტი და ჰიპოლიპიდემიური საშუალება, ვიტამინი და ვიტამინის მსგავსი პრეპარატი, ზოგადმატონიზებელი და ადაპტოგენი, საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ფარმაკოდინამიკა: ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს უჯრედთა მემბრანების თხევადი თვისებების შეცვლა და მემბრანების რეცეპტორთა ფუნქციური აქტივობის გაზრდა; თრომბოლიზური მოქმედება დაკავშირებულია თრომბოციტების მემრანებზე ზემოქმედებასა და შედეგად თრომბების წარმოქმნის შეფერხებასთან. ეიფიტოლი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებებას), ხელს უწყობს ჰემოკოაგულაციის ნორმალიზებას და ახალი თრომბების ლიზისს (დაშლას); ზღვისა და მცენარეული წარმოშობის კომპონენტთა უნიკალური შერწყმა განაპირობებს ეიფიტოლის ფართოსპექტრულ მოქმედებას. ეიფიტოლის შემადგენლობაში სხვა მნიშვნელოვან შენაერთებთან ერთად შედის ნივრიდან გამოყოფილი ალიცინის წარმოებულები. ნივრის დიეტური და სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. თუმცა ნივრის მედიკო-ბიოლოგიური შესწავლა ექსპერიმენტებით გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. მეცნიერთა ყურადღება თავდაპირველად მისმა ანტიბიოტიკისმაგვარმა თვისებებმა მიიპყრო. მოგვიანებით ექსპერიმენტების საშუალებით შესაძლებელი გახდა სისხლის თვისებებზე ნივრის ექსტრაქტის (გამონაწვლილის) მოქმედების კონსტანტირებაც. 1984 წელს ნივრის ექსტრაქტში აღმოაჩინეს შენაერთი სახელწოდებით აჯოენ-ალიცინი, რომელსაც გააჩნია ძლიერად გამოხატული ანტითრომბოზული მოქმედება. აჯოენ-ალიცინი ფლობს ანტიკანცეროგენულ, ანტიოქსიდანტურ, ფუნგიციდურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმუტაგენურ აქტივობას. საყურადღებოა, რომ ნიორი პირდაპირ არ შეიცავს აჯოენს. ეს უკანასკნელი ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში წარმოიქმნება. ეიფიტოლის საკვებ რაციონში ხანგრძლივად გამოყენება გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ხელს უწყობს სტენოკარდიის შეტევათა გაიშვიათებას, ნიტროგლიცერინის დღე-ღამური დოზის შემცირებას და ფიზიკურ დატვირთვაზე საპასუხო რეაქციის გაუმჯობესებას. გარდა ამისა უმჯობესდება მეხსიერება, ცნობიერება, მიიღწევა ემოციური სტაბილურობა, მცირდება თავბრუხვევისა და თავის ტკივილების სიხშირე, აგრეთვე ძილის დარღვევები. ქვეითდება თრომბოციტების აგრეგაცია პერიფერიულ სისხლში. ეიფიტოლის გავლენით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მომარაგება, ერითროციტების გამძლეობა ფილტრაციულ სისტემებში მაღლდება, პლაზმისა და ზოგადად სისხლის წებოვნება იკლებს, ანთებითი პროცესი სახსრებში ცხრება. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური მექანიზმით მიმდინარე ერთ-ერთი დაავადებაა, რომლის მკურნალობაშიც წარმატებით გამოიყენება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (ზღვის წარმოშობის) შემცველი პრეპარატები. ისინი ეფექტურად ანაცვლებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს. ეიფიტოლი ამცირებს ტკივილს და იმავდროულად ზრდის მოძრაობას სახსრებში. ის უსაფრთხოა, არატოქსიკური, არ იწვევს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას და არ გააჩნია სხვა გვერდითი ეფექტები. იმუნური სისტემის გარდაქმნა შესაძლოა 6-9 თვე მიმდინარეობდეს. კლინიკური გამოყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ათეროსკლეროზი, ათეროგენული დისლიპიდემია, მემკვიდრეობითი განწყობა ათეროსკლეროზისადმი, გულისა და ტვინის იშემიური დაავადებები (როგორც გამწვავების პერიოდში, ასევე ქრონიკული მიმდინარეობისას); სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია; ცერებროვასკულური დაავადებები, მეტეოდამოკიდებულება; არტერიული ჰიპერტენზია და თვალის დაავადებები; ქვედა კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი; პოსტოპერაციული გართულებები სისხლძარღვთა დაზიანებებით; რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი; ნერვული სისტემის პათოლოგიები, ოპერატიული მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანტიდეპრესანტი; ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; თირკმლის ანთებითი და მეტაბოლური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი, გლომერულონეფრიტი; ღვიძლის მეტაბოლური ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ციროზი; წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება; მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი; პროსტატიტი, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია; ორსულთა ტოქსიკოზი; ორგანიზმის ნაადრევი დაბერება; კანისა და ალერგიული დაავადებები, ფსორიაზი, ტროფიკული წყლულები, მორეციდივე სტომატიტი, კერატოზი. გამოყენების წესი: მოზრდილთა დოზა - 5-6 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა - 2-3 კაფსულა 3-ჯერ დღეში; ბავშვთა დოზა - 2 წლიდან ერთი კაფსულა დღეში. მიღების კურსი: ათეროსკლეროზი, სისტემური დაავადებები, ჰიპერტონია - 3-6 თვე; დერმატოლოგიური დაავადებები - 2 თვე; პროფილაქტიკა და გონებრივი შესაძლებლობების ამაღლება - 2 თვე. ეიფიტოლი განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ ზრდის სისხლძარღვთა ელასტიკურობასა და სახსრებში მოძრაობას და ხელს უშლის ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :