Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

არდადეგები მომავალი დედებისთვის

არდადეგები მომავალი დედებისთვის



მოახლოვდა შვებულების დრო და ბევრი ოჯახი აგარაკზე ან კურორტზე წასასვლელად ემზადება. სად უნდა დაისვენოს ორსულმა? ამაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ სოფიო ჯაშს მივმართეთ. - სოფიო, სად და როგორ დაისვენოს ზაფხულში ორსულმა ისე, რომ არც საკუთარ თავს მიაყენოს ზიანი და არც ბავშვს?- ყველა ორსულს უნდა ახსოვდეს, რომ იგი ავად არ არის - ორსულადაა. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა. ორსულისთვის მთავარია დასასვენებელი ადგილის სწორი შერჩევა და ზოგიერთი შეზღუდვის დაცვა, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი და დასვენებისგან სიამოვნება მიიღოს. საუკუნეებმა ასეთი გამოცდილება დაგვიტოვა: დასასვენებლად უნდა ამოირჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც თქვენთვის ჩვეული კლიმატური პირობებია. თუ ორსულობა მიმდინარეობს მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის რისკის ფონზე, მაშინ არ ღირს იმ ადგილიდან მოშორებით დასვენება, სადაც მდებარეობს თქვენი კონსულტაცია და სამშობიარო სახლი, სადაც მშობიარობას აპირებთ. ასეთ დროს უმჯობესია გაემგზავროთ აგარაკზე ან სოფელში თქვენი მუდმივი საცხოვრებლის ახლოს, რათა მშობიარობის პირველი ნიშნებისთანავე სახლში დაბრუნდეთ. ყოველი შემთხვევისათვის, დაგეგმეთ ექსტრემალური დაბრუნების ვარიანტები - ეცადეთ, თქვენს გვერდით ყოველთვის იყოს გამართული მანქანა და მძღოლი. აგარაკზე ან სოფელში ნუ მიჰყოფთ ხელს ბაღ-ბოსტნის სამუშაოებს - ეს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვაა. ნუ დარჩებით აგარაკზე მარტო პატარა ბავშვით - მშობიარობა რომ დაგეწყოთ და ექსტრემალური ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ, მას ვერავის დაუტოვებთ. თუ ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს და თქვენი მდგომარეობა შედარებით ხანგრძლივი მგზავრობის საშუალებას იძლევა, არავინ გირჩევთ ხანგრძლივ ფრენას, დასვენებას შორეულ კუნძულებზე ან ეგზოტიკური ტურების მოწყობას აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ამ დროს დიდია რისკი, რომელიმე ინფექციური დაავადება შეგხვდეთ. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში გამგზავრებამდე უნდა გაიკეთოთ სხვადასხვა აცრა, ჩაიტაროთ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების პროფილაქტიკური კურსი. ორსულობის დროს კი, ბუნებრივია, ასეთი რამ არ არის სასურველი. ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში აცრები ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია. დანარჩენ შემთხვევებში აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. მომავალი დედა დასასვენებლად უმჯობესია ისეთ ქვეყანაში წავიდეს, სადაც კლიმატი მისი მუდმივი საცხოვრებლის კლიმატისგან შესამჩნევად არ განსხვავდება. აკლიმატიზაციის პერიოდში საათობრივი სარტყლის შეცვლამ, უჩვეულო საკვებმა და სასმელმა შესაძლოა ცუდად იმოქმედოს ნებისმიერი ადამიანის, პირველ რიგში კი ორსულის გუნება-განწყობაზე. ცნობისათვისსადაც არ უნდა ისვენებდეთ ორსულობის დროს, მუდამ თან უნდა გქონდეთ დოკუმენტები: პასპორტი; სამედიცინო დაზღვევის პოლისი; 28 კვირამდე - ამბულატორიული ბარათიდან ამონაწერი ანალიზებით, 28 კვირის შემდეგ - გაცვლა-გამოცვლის ბარათი. - როგორ უნდა დაისვენოს ორსულმა?- თუ ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარებულია, ექიმების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორსულისთვის დასასვენებლად და სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია ორსულობის მეორე ტრიმესტრი (14-27 კვირა). ამ პერიოდში ქალს "მეორე სუნთქვა" ეხსნება. იგი ენერგიით სავსეა, სურს, მიიღოს ახალი შთაბეჭდილებები. პირველ რიგში, უნდა დაისვენოს კურორტზე. გარემოს შეცვლა, ახალი შთაბეჭდილებები, მოგზაურობა და ექსკურსია, ბუნება - ამ ყველაფერს როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის კოლოსალური თერაპიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა ახალი შთაბეჭდილებებისკენ სწრაფვისას ორსულებმა უმჯობესია თავი შეიკავონ ექსტრემალური დასვენებისგან, მათ შორის - ჩვენში ასე პოპულარული რაფტინგისგან. არსებობს ბევრი სხვა სამკურნალო ფაქტორიც, რომლებიც ორსულს კურორტზე ელის: მინერალური წყალი და მარილის მღვიმეები, უბრალოდ ახალი შთაბეჭდილებები და კარგი განწყობილება. ზღვის ჰაერი ზღვის ჰაერი მდიდარია უარყოფითად დამუხტული იონებით. ასეთი ჰაერი უხდება ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, არტერიულ წნევას. ჰაერისა და სინათლის აბაზანები არაჩვეულებრივად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ზოგადად, ორგანიზმზე. ჰელიოთერაპია ორგანიზმზე მზის პირდაპირი სხივების სამკურნალო ზემოქმედებაა. მზის სხივები იწვევს ნივთიერებათა ცვლის ინტენსიფიკაციას, ზრდის ორგანიზმის თავდაცვით უნარს, აძლიერებს დ ვიტამინის გამომუშავებას. ჰელიოთერაპია მშობიარობამდელი რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნოკონფლიქტური დედებისთვის, აგრევე - მათთვის, ვისაც მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მზის დეფიციტი აქვს. - შეიძლება თუ არა ორსულისთვის გარუჯვა?- რასაკვირველია, ამ კუთხითაც აუცილებელია სიფრთხილე. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა განვითარდეს მზით დამწვრობა და გადახურება (სითბური დაკვრა). ორსულთათვის ერთნაირად არასასურველია მზის სხივების როგორც სიჭარბე, ისე უკმარისობა. ჩვენს და მით უმეტეს სამხრეთის ქვეყნების კურორტებზე მზე საკმაოდ აგრესიულია. ეს უფრო მეტად ტვირთავს ორსულის ისედაც გადატვირთულ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს. ამის შედეგად მოსალოდნელია მზეზე გადახურება და გულყრაც კი. მზეზე დიდხანს ყოფნამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს შინაგან სისხლდენას, გამოიწვიოს პიგმენტური ლაქების გაჩენა, რომლებთანაც ბრძოლა ძალიან ძნელია. ყოველივე ამის გამო ორსულებს მზეზე გარუჯვას არ ვურჩევთ. მეორე მხრივ, მზის სხივების ნაკლებობა იწვევს დ ვიტამინის დეფიციტს, რადგან ის უმთავრესად ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება კანში. მისი უკმარისობა იწვევს მომეტებულ დაღლილობას, კბილების დემინერალიზაციას, კარიესისა და ოსტეოპოროზის სწრაფ ჩამოყალიბებას, მენჯის ძვლებისა და კუნთების ტკივილს. ამიტომ მზე მაინც საჭიროა, მაგრამ აუცილებლად გარკვეული შეზღუდვით. როგორც გითხარით, გადახურება იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენას, გულყრას, შეგუბებით მოვლენებს ვენებში და პიგმენტაციას, ამიტომ მზისა და ჰაერის აბაზანების მიღებისას დაიცავით შემდეგი წესები: მზეზე გასვლა სასურველია დღის 10 საათამდე და საღამოს 17 საათის შემდეგ. შუალედში, როდესაც მზე ყველაზე მეტად აქტიურია, დარჩით შინ ან შეეფარეთ ჩრდილს. კანი ორსულობის დროს მზისადმი საკმაოდ მგრძნობიარეა, რუჯი შეიძლება არათანაბარი გამოვიდეს, განსაკუთრებით სახეზე, სადაც შესაძლოა გაჩნდეს პიგმენტური ლაქები. ამიტომ დაიხურეთ ჩალის ქუდი და გაიკეთეთ მუქი სათვალე. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, უმჯობესია, საბავშვო - დაცვის მაღალი ხარისხით. - ზღვაში ცურვა თუ შეიძლება?- ზღვაში ცურვა შეიძლება შეუზღუდავად, რადგან ამას გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვს. ამ დროს უმჯობესდება სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვანი სისტემის მუშაობა. ზღვის წყალში არსებული კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, ფთორის, ქლორის, ბრომის, იოდის იონები, აგრეთვე ზღვის წყალმცენარეების ცილები და ფიტონციდები მიკროდოზებით ხვდება ჩვენს ორგანიზმში და სხვადასხვაგვარად მოქმედებს მასზე. ზღვაში ცურვა ერთგვარი ჰიდრომასაჟის მაგივრობასაც გვიწევს, რითაც რეფლექსურად მოქმედებს ყველა სისტემაზე. წყლის წნევა ადამიანის სხეულზე მოქმედებისას ხელს უწყობს კანქვეშა ქსოვილიდან სითხის სისხლძარღვებში გადასვლას და ამრიგად ხელს უშლის შეშუპებებს, რაც ორსულთათვის ძალიან ხელსაყრელია. ცურვის წინ გაარკვიეთ წყლის ტემპერატურა. თუ სარწმუნო ინფორმაციას ვერ მიიღებთ, ენდეთ თქვენს შეგრძნებებს. წყალში მოძრაობა ადვილია, რადგან მომატებული წონის შეგრძნება იკარგება. გრილი წყალი, თბილი ჰაერი და ცხელი ქვიშა ქმნის ტემპერატურის ბუნებრივ კონტრასტს, რაც კარგია ორსულისთვის. ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოების მარტივ წესებს: ნუ შეცურავთ შორს, ნუ იბანავებთ მარტო და ნუ ჩაყვინთავთ. ითვლება, რომ ბრასის სტილით ცურვა უფრო ფიზიოლოგიურია, თუმცა ეს არ გახლავთ გადამწყვეტი. მთავარია, ცურვის პროცესი სიამოვნებას განიჭებდეთ. ამრიგად, ცურვა კარგია, მაგრამ ნუ გადაიღლებით. იცურეთ მშვიდად, დაუძაბავად. როგორც უკვე გითხარით, ერიდეთ ყვინთვასა და წყალში ხტომას - წყალმა შეიძლება უშუალოდ საშვილოსნოს ყელზე მოგაყენოთ დარტყმა. წყლის ატრაქციონების უმეტესობა კი ორსულთათვის უსაფრთხოა. ყურადღებით შეარჩიეთ საბანაო ადგილი. ერიდეთ წყალსატევებს, გუბურებს. მდინარეებსა და ტბებში ბანაობა შეიძლება, თუ ისინი ეკოლოგიურად სუფთა და შემოწმებულია. სიცხეში ძალიან სასარგებლოა თბილი ან გრილი შხაპი. ის გაგამხნევებთ და დაღლილობას გაგიქრობთ. მგზავრობა არასასურველია, თუ დაგისვეს შემდეგი დიაგოზი: პლაცენტის წინამდებარეობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პლაცენტა ძალიან დაბლა მდებარეობს, ამიტომ უმნიშვნელო დატვირთვასაც კი შეუძლია სისხლდენა გამოიწვიოს; ნაადრევი მშობიარობის ალბათობა; პრეეკლამფსია. - რომელი ტრანსპორტით ჯობს მგზავრობა? თვითმფრინავი - აფრენისა და დაფრენისას ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო ორსულებისთვის ფრენა არცთუ სასურველია - გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძლიერი დატვირთვა ადგება. თუ მაინც თვითმფრინავს ამჯობინებთ, ეცადეთ, ფრენა არ გრძელდებოდეს 3-4 საათზე მეტ ხანს. 28-30 კვირის შემდეგ კი, სასურველია, საერთოდ ერიდოთ ხანგრძლივ ფრენას. სხვათა შორის, ავიაკომპანიები ჩასხდომისას ორსულებს სთხოვენ საბუთს ორსულობის ვადის შესახებ. 36 კვირიდან ფრენა ყველა ავიაკომპანიის წესებით აკრძალულია. მატარებელი- მატარებელი ყველაზე მოხერხებული ტრანსპორტია ორსულისთვის: იქ შეგიძლიათ წამოწვეთ, დაჯდეთ და გაიარ-გამოიაროთ კიდეც. ამრიგად, თავიდან აიცილებთ ხანგრძლივ სტატიკურ მდგომარეობას. ავტომობილი- ავტომობილი არცთუ ისე ცუდი არჩევანია, ოღონდ ხშირ-ხშირად შეისვენეთ, გაიარ-გამოიარეთ, მუხლი გამართეთ. თუ მანქანით ხანგრძლივ მგზავრობას ცუდად იტანთ (გარყევთ, გული გერევათ, თავი გტკივდებათ), ტრანსპორტის ამ სახეობით სარგებლობისგან თავის შეკავება გიჯობთ. - რა მიირთვას ზაფხულში ორსულმა?- ზაფხულში ორსულმა რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოს ქორფა ხილი და ბოსტნეული - ისინი ხომ ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და თქვენი პაწიასათვისაც. უპირატესობა მიანიჭეთ იმ სახეობის ხილ-ბოსტნეულს, რომელიც თქვენს მშობლიურ რეგიონში მოდის. გარდა იმისა, რომ სასარგებლო ნივთიერებების საწყობია, ხილ-ბოსტნეული თავიდან აგაცილებთ არასასურველ კილოგრამებს და ნაწლავურ პრობლემებს. გაითვალისწინეთ: რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცხოველური წარმოშობის ცილოვანი საკვებიც (ხორცი, თევზი და რძის ნაწარმი). ზომიერად მიირთვით ციტრუსები. რაც შეეხება ზღვის პროდუქტებს, ერთი მხრივ, ისინი ორგანიზმს ამარაგებენ ცილებით, იოდით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, მეორე მხრივ, ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, ამიტომ თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, უმჯობესია ერიდოთ. თუ საკმარისად მიირთმევთ ქორფა ხილ-ბოსტნეულს, ვიტამინების დამატებით მიღება აუცილებელი არ არის. - როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას?- უწინარეს ყოვლისა, მიმართეთ ექიმს. აუცილებლად აკონტროლეთ არტერიული წნევა და ცილა შარდში. თუ ეს ორი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, უნდა დაიცვათ დიეტა. სითხის შეზღუდვა სიცხეში ძნელია და საშიშიც, ამიტომ სვით, მაგრამ ეცადეთ, 1,5 ლიტრს არ გადააჭარბოთ. გამორიცხეთ რაციონიდან ყველაფერი, რაც აკავებს სითხეს (მარილიანი, ცხარე საკვები, შაშხი, ტკბილი წვენები). სვით სუფთა უგაზო წყალი, მწვანე ჩაი, მიირთვით რძემჟავა პროდუქტები - ისინი წყურვილს კლავს, სვით მჟავე კენკრის მორსი. - რა ჩავიცვათ?- ორსულის საზაფხულო სამოსი (განსაკუთრებით - ქვედა საცვალი) აუცილებლად ნატურალური ქსოვილისა უნდა იყოს და ფართო, რომ მოძრაობა არ შეგიზღუდოთ. სიცხეში ბანდაჟის ტარება ძნელია, ამიტომ განიხილეთ მისი ტარების აუცილებლობა ექიმთან ერთად. მზეზე ყოველთვის გეხუროთ ქუდი ან თავსაფარი, რათა მზის დაკვრისგან თავი დაიცვათ.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :