Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"არაერთხელ დავრწმუნდით თქვენს ვაივაჟკაცობაში, კეთილი ინებეთ და დაგვანებეთ თავი..."

2010-06-08 07:18:00

მწერალი რეზო მიშველაძე თავის აზრს ტრადიციულად მწვავედ გამოხატავს. ბოლო დროს ოპოზიციის უნიათობა აშფოთებს. ამბობს, რომ ერთ დროს მათ აქციებზე აქტიურად გამოდიოდა, რადგან რამდენიმე მათგანის სჯეროდა, ახლა კი, - "დროა წავიდნენ და თავი დაგვანებონ!.." მისი თქმით, ახლახან დაასრულა ახალი რომანი, რომელიც უკვე იბეჭდება ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში".- საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ილია ჭავჭავაძის დროინდელ ქვეყანას მაგონებს, როცა ორი ქვეყნის გზის გასაყარზე ვიდექით და საშინაო პოლიტიკაც აწეწილ-დაწეწილი გვქონდა... ასე იყო ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში, მუდამ ორი დიდი სახელმწიფოს აჩრდილი ადგა თავს და ორივე ჩაყლაპვას უპირებდა. ჩვენ ჭკვიან წინაპარს კი ქვეყნის გადასარჩენად მუდმივად უწევდა მათ შორის ლავირება, ლამის ყველა ეპოქაში, სხვადასხვა პრობლემასთან ერთად, მნიშვნელოვანი ის იყო, ორი უარესიდან შედარებით უკეთესის მხარე დაეჭირათ. იმპერიის თავკაცები კი იმდენად უგულოები და ცივსისხლიანები იყვნენ, არაფრად დაგიდევდნენ იმას, რომ საქართველო ცივილიზაციის ქვეყანაა, ქართველი ერი კი ერთ-ერთი უძველესია ძველ ერებს შორის. ხან ერთი გვექაჩებოდა თავისკენ, ხან მეორე და ასე გაუთავებელი ჯიჯგნა იყო... - ბოლო დროს საქართველომ დასავლური ორიენტაცია აირჩია, როგორც უფრო მომგებიანი და მისაღები ჩვენთვის...- დიახ, მაგრამ ისტორიული სიმართლე გვკარნახობს, რომ არც ეს არჩევანი ყოფილა ბრწყინვალე. დიდი იმედი გვქონდა, რომ საქართველოსთვის დასავლეთი თავს გამოიდებდა, თავისი დიპლომატიური, პოლიტიკური ინსტიტუტებით, ევროკავშირით, ეუთოთი და სხვა ორგანიზაციებით, ამერიკა შეძლებდა და რუსეთის ხელყოფისგან დაგვიცავდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. როცა დასჭირდა, რუსეთმა ჩაგვწიხლა, ისინი კი განზე გადგნენ და კარგა ხანს აღშფოთება-შეშფოთებას მოუნდნენ. ერთი სიტყვით, ჩვენ ისევ ვდგავართ ორიენტაციის გარკვევის წინაშე და კაცმა არ იცის, როდის და ვის სასარგებლოდ გავაკეთებთ არჩევანს... გვაქვს მეორე და ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაც - ეს არის საქართველოს დემოგრაფიული საკითხი. ერი ნელ-ნელა მცირდება და იმ ტემპით, რომელიც ახლა ერის შემცირების მხრივ მიმდინარეობს, მალე 35%-ღა დავრჩებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს ტერიტორიებს და შაგრენის ტყავივით ვპატარავდებით. რუსეთის მადა თანდათან მატულობს და ორასი წლის განმავლობაში მისი დაუოკებელი სურვილი, საქართველო დაესაჯა, კიდევ უფრო მძაფრდება... რაც შეეხება მესამე პრობლემას, - ეს არის საქართველოს გაყინული და გაპარტახებული მრეწველობა. დღემდე ევროპის გადაუხდელი ვალებით ვცხოვრობთ და ამაზე არავინ ზრუნავს. ისევ ვალებით ვაპირებთ ცხოვრებას. მეოთხე - ეს არის ქართველი ახალგაზრდების კულტურისა და გემოვნების დაბალი დონე, რაც უმნიშვნელო სულაც არ არის, რადგან ახალგაზრდობის სულიერ მხარეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი უჭირავს. - რას გულისხმობთ?- იმას, რომ როგორც კი ვინმე კუტუნიოს კონცერტი ჩატარდება თბილისში, მას მაშინვე მიაწყდება ასობით ათასი ქართველი ახალგაზრდა და ქართულ, ჭეშმარიტ მუსიკასა და ჩვენს სასიქადულო მომღერლებს, რომლ ის უკანაც დიდი სახელოვნებო ცხოვრება დგას, აღარც უსმენენ. - ბატონო რეზო, 30 მაისის არჩევნებით საქართველოს დემოკრატიის ტესტი უნდა ჩაებარებინა, თქვენი დამოკიდებულება როგორია მის შედეგებთან დაკავშირებით?- საქმე ის არის, რომ არჩევნები რომელ ქვეყანაშიც უნდა გაიმართოს, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთნაირად არასდროს შეაფასებს. ის იმარჯვებს, ვინც იტყვის, არჩევნები სამართლიანად ჩატარდაო... მე პირადად, უნდა ვაღიარო, რომ არასდროს არც ერთი დამკვირვებლის არ მჯეროდა და ახლაც მიმაჩნია, რომ დამკვირვებლის ინსტიტუტი არის მოძველებული პოლიტიკური აფერა და მეტი არაფერი. არ მესმის, რაში ვხარჯავთ ფულს და რაში გვჭირდება ეს ხალხი?! რისთვის არის საჭირო ორი ათასი მოქეიფე კაცის ჩამოყვანა ამ დამშეულ საქართველოში. რა უნდა შეატყოს დამკვირვებელმა, როცა ადამიანი შედის თავის უბანში და ბიულეტენს აგდებს, იქ თუ შეხლა-შემოხლა არ მოხდა და ერთმა მეორეს ცხვირზე არ უკბინა, ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებს... საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ საქეიფოდ მიჰყავთ, თან გზადაგზა ამბობენ, ყველაფერი კარგად იყოო. მასხრობაა ეს ყველაფერი. - ელოდით ასეთ შედეგს?- ველოდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდებოდა. გიგი უგულავამ თავის მოღვაწეობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ თავისი ქალაქის ღირსეული მერია და ამაში ეჭვი არავის უნდა შეჰპარვოდა.- როგორ დაამტკიცა?- ვისაც უნდა გაუკვირდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კაცი იმსახურებდა გამარჯვებას. ბევრი რამ გააკეთა - გზები დააგო, სახლები შეაკეთა, განსაკუთრებით ძველი თბილისის დანგრეულ უბნებში. ინტელიგენციას დაეხმარა და ყველაფრის დაუნახაობა არ შეიძლება. ინტელიგენციის იმ ნაწილზე, რომელსაც მე წარმოვადგენ, მწერლებზე მაქვს ლაპარაკი, დიდი ღვაწლი აქვს და უმადურობა იქნება, ვთქვა, არაფერს აკეთებს-მეთქი. როგორც მწერალთა კავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მადლიერებით უნდა ვთქვა, რომ გიგი უგულავამ და კულტურის სამინისტრომ ბოლო დროს საკუთარ თავზე აიღეს მწერალთა სახლის პრობლემა და ჩვენი კუთვნილება დაგვიბრუნეს. ახლახან ქართველ მწერლებს ძვირად ღირებული ფოტო და ვიდეოაპარატურაც უყიდეს, რომ ჩვენ ცოცხალი ქართველი მწერლების სახეები ფირზე აღვბეჭდოთ... თანამედროვე ქართველი კლასიკოსების ცხოვრების კადრების ჩვენება მომავალი თაობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა და ეს მათ უნდა დავუფასოთ.- ბატონო რეზო, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებასთან გამანადგურებელი ანგარიშით წააგო. ეს იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ სწორი პოზიცია აირჩია, თუ ოპოზიციამ დაუშვა საბედისწერო შეცდომები?- გააჩნია ოპოზიციაში ვის გულისხმობთ, ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ნოღაიდელს თუ სხვა დანარჩენს?!. ისინი სააკაშვილის ბუდეში არიან გამოჩეკილები, მერე იქ რაღაც არ მოეწონათ და უფრთო ანგელოზები გახდნენ... შარშანდელი ზაფხულის აქციებში მეც ერთგულად ვიდექი ოპოზიციის ე.წ. ბელადების გვერდით, მაგრამ ისინი დღეს სამუდამოდ გაკოტრებულები არიან. მაშინ მათ ვეუბნებოდი, გასაგებია, რომ სააკაშვილს ლანძღავთ, მაგრამ ასე ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებთ და სხვა პრობლემებზეც ისაუბრეთ-მეთქი. პრობლემების მეტი რა გვქონდა, მწერალთა კავშირის წართმევა, მეცნიერებათა აკადემიის გაცამტვერება და სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწასთან გასწორება, იმას ვუკიჟინებდი, რომელიმემ ამოიღეთ ამაზე ხმა, ის მაინც თქვით, რომ საქართველოში ქართველს პასპორტში ეროვნება არ უწერია-მეთქი, არავინ მომისმინა, იდგნენ და როგორც ხბოები რადიოს - ისე მომჩერებოდნენ. მაშინ ვთქვი, ესენი სააკაშვილზე უარესები არიან-მეთქი და მათი იმედი საბოლოოდ დავკარგე.- ბატონო რეზო, ოპოზიციაში ყველაზე მაღალი ავტორიტეტით ირაკლი ალასანია სარგებლობდა, თუმცა ვერც მან მიიღო მაღალი შედეგი. რით ახსნით ამას?- ირაკლი ალასანიას ისე ახლოს არ ვიცნობ, რომ მისი პოლიტიკური ბრძოლის შედეგებზე ვიმსჯელო, მაგრამ მისი გამოსვლებიდან შეიძლება დავასკვნა, რომ დანარჩენებმა, ვინც მის გარშემო იყვნენ, წლებისა და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად შეირცხვინეს თავი, რომ ალასანიასაც მათი ელფერი აქვს უკვე... ამ ადამიანებმა ქართულ საზოგადოებას ნამდვილი სახე დაანახვეს, - მათი ე.წ. ბრძოლის შედეგი იყო ტყუილი, გაუბედაობა და მშიშრობა. ხალხის დაუსრულებლად მოტყუების გამო, პოლიტკურ ჯანდაბაში კი არა, იმის იქითაც გაუშვა ისინი... რამდენი ხანი იქადნებოდნენ, ნახავთ 26 მაისს სააკაშვილს აღლუმს თუ ჩავატარებინებთო... მე ქუჩაში გამომსვლელი არ ვარ, იმიტომ, რომ მათ მიმართ ყოველგვარი ნდობა დავკარგე და მართალი გითხრათ, მეღიმება იმ "დაიცავი საქართველოზე", რომელიც სინამდვილეში საქართველოს დაცვაზე არც კი ფიქრობს... რამდენჯერ იყვირეს ყველაფერს გავაკეთებთ სააკშვილის მოსაშორებლად, ტანკებს გადავუდგებით, მანქანებს შევუვარდებით და აგერ ნახავთ, თუ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩავატარებინოთო, - ისე კარგად და ხავერდოვნად ჩაიარა ყველაფერმა, მიშას მოწონებული... დამარცხებული ჯარის აღლუმს ვეთანხმები თუ არა, სხვა საკითხია, ისე კი, მას შემდეგ, რაც ჩვენი სიმწრით შეკოწიწებული სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთმა რამდენიმე დღეში გაგვინადგურა, მაინც როგორღაც გავიჭირვეთ, ზოგი ვიყიდეთ, ზოგი ამერიკამ გვაჩუქა და ალბათ წინააღმდეგობის გასაწევად ერთი დღე გვეყოფა. ვის აშინებ ამით, ამაზე 30-ჯერ მეტი იარაღი რომ გქონდეს, რუსეთს ომს მოუგებ?!.. იყავი შენთვის წყნარად, რას აჟღარუნებ იარაღს, რა სამხედრო აღლუმი აგიტყდა, დაეტიე რა შენს კვერცხებზე... ჩვენ რომ ღირსეული ხელისუფლება და ოპოზიცია გვყავდეს, 26 მაისს აღლუმზე უნდა გამოსულიყო საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, არ შეიძლება ამ დღეს ერი ორად იყოს გაყოფილი... ხომ შეიძლება ქვეყანა ერთი დღით მაინც გაერთიანდეს. - იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ ისევ ქუჩაში გამოსვლა გადაწყვიტა, როგორ ფიქრობთ, გაჰყვება საზოგადოება?- თუნდაც ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი ვყოფილიყავი, ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად გაკოტრებული ოპოზიციის გამო თავს არც კი შევიწუხებდი. მამაჩემს აქვს ცხონება, სანამ ქუჩაში პანღურის ამორტყმას დაუწყებენ, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ, დაგვანებონ თავი... ქუჩაში კი არა, ტელევიზორში არ შემიძლია უკვე მათი დანახვა. სულ ტყუილს ამბობენ და მივხვდით ამას ბატონებო, არაერთხელ დავრწმუნდით თქვენს ვაივაჟკაცობაში, კეთილი ინებეთ და დაგვანებეთ თავი...- ბატონო რეზო, ცოტა რამ თქვენზეც გვითხარით, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?- მთელი ცხოვრება ქართულ ლიტერატურას ვემსახურები, უსაქმოდ არასდროს ვყოფილვარ. ახლა კი შემიძლია თქვენს მკითხველს ვუთხრა, რომ დავასრულე საკმაოდ სქელკანიანი, 800-გვერდიანი რომანი, რომელსაც ჰქვია, "ჩურჩულს გადაჩვეული კაცი".- რაზეა ეს ნაწარმოები?- ადამიანზე, რომელიც იმდენი აჯანჯღარა ამ მუხთალმა წუთისოფელმა, იმდენი განსაცდელი შეხვდა, რომ ჩურჩულს გადაეჩვია... ამ ნაწარმოების გმირს XX საუკუნის ბოლო და XXI საუკუნის პირველი ნახევარი აქვს დანახული. გადატანილი აქვს ამ პერიოდში მომხდარი ომები, მაგრამ ამასთან ერთად დანახული აქვს სიყვარული, ადამიანობა, მეგობრობა... ნაწარმოები უკვე იბეჭდება ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა". მარიამ ლაღიძეჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ მსგავსი სიახლეები :