Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა

ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა



მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ანუ ამენორეა პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. ამენორეა პირველადია, როდესაც 16 წლისთვის მენსტრუალური ციკლი არ არის დაწყებული. მეორეული ამენორეის შესახებ მაშინ საუბრობენ, როდესაც წყდება უკვე დაწყებული მენსტრუაცია ზედიზედ სამი ციკლის განმავლობაში ან არ აღინიშნება, საერთო ჯამში, 6 თვეზე მეტ ხანს. მენსტრუალურ ციკლზე სხვადასხვა შინაგანი ფაქტორი ახდენს გავლენას: ჰორმონული დონის გარდამავალი ცვლილება, სტრესი, დაავადებები... გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარეგანი თუ საყოფაცხოვრებო ფაქტორების ზემოქმედებაც. ერთი ციკლის გამოტოვება ან შეცვლა სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იშვიათად არის და არც გამოკვლევის ჩვენებად მიიჩნევა, მაგრამ თუ მენსტრუაცია სამი-ექვსი თვით შეწყდა, ექიმთან მისვლა აუცილებელია. რა შეიძლება იყოს ამენორეის მიზეზი?ნორმალური მენსტრუალური ციკლის არსებობა საკვერცხის ჰორმონების დონის ცვლილებაზეა დამოკიდებული. საკვერცხეები, თავის მხრივ, თავის ტვინში არსებული ენდოკრინული ორგანოს, ჰიპოფიზის, მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე რეაგირებენ. ჰიპოფიზის რეგულატორი ჰიპოთალამუსია. ამ ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დარღვევა შეიძლება ამენორეის მიზეზად იქცეს. უცხოურ ლიტერატურაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ახალგაზრდა ქალებში ამენორეის მიზეზი ყველაზე ხშირად არადიაგნოსტირებული ორსულობაა. ორსულობისას ამენორეა ნორმალური, ფიზიოლოგიური მოვლენაა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ამენორეას სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვს. ჰიპოთალამუსის პრობლემები უკვე ვახსენეთ; გარდა ამისა, ჭარბმა ვარჯიშმა და ანორექსიამაც კი შეიძლება მენსტრუაციის შეწყვეტამდე მიგვიყვანოს. პირველადი ამენორეაპირველადი ამენორეა, ჩვეულებრივ, 16 წლამდე ასაკის გოგონების გენეტიკურ თუ ანატომიურ ანომალიებთან არის დაკავშირებული. რასაკვირველია, უნდა გამოირიცხოს ორსულობა. მრავალი გენეტიკური ანომალიისას, რომელსაც ამენორეა ახასიათებს, დარღვეულია შიგნითა სასქესო ორგანოების (საკვერცხის, საშვილოსნოს) განვითარება და ფუნქცია. პირველადი ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზისა თუ ჰიპოთალამუსის დაავადება, რაც დაკავშირებულია ამ ენდოკრინული ორგანოების მნიშვნელოვან მარეგულირებელ როლსა და საკვერცხეზე ზემოქმედებასთან. საკვერცხეების დისგენეზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც საკვერცხეებში ნაადრევად მცირდება ფოლიკულების რიცხვი - ამას საკვერცხეების ნაადრევ უკმარისობამდე მივყავართ. ეს მდგომარეობა პირველადი ამენორეის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. კიდევ ერთი გენეტიკური მიზეზია ტერნერის სინდრომი. ამ დროს გენომს აკლია ერთი X ქრომოსომა ან მისი ნაწილი. საკვერცხეებს შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება, შესაბამისად, ესტროგენების (საკვერცხის ჰორმონების) პროდუქციაც მინიმალურია, შედეგად კი ამენორეა ვითარდება. გარდა ამისა, ტერნერის სინდრომის დროს დარღვეულია გარეთა სასქესო ორგანოების მომწიფება, რომელსაც ესტროგენები ასტიმულირებს, და სათანადოდ არ არის გამოხატული სასქესო ნიშნები. პირველადი ამენორეის კიდევ ერთი მიზეზია ანდროგენებისადმი (მამაკაცის სასქესო ჰორმონებისადმი) უგრძნობლობა. ამ დროს ქალს აქვს ქრომოსომების მამაკაცური ნაკრები, მაგრამ ტესტოსტერონზე პასუხის არარსებობის გამო მამაკაცებისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები არ უვითარდება. ამენორეას იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომიც. მეორეული ამენორეაროცა ორსულობა გამორიცხულია, მეორეული ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხის, საშვილოსნოს, ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაავადება. ჰიპოთალამურ ამენორეაზე მაშინ საუბრობენ, როცა დარღვეულია ამ ორგანოს მიერ ჰორმონების პროდუქცია. ეს ჰორმონული დარღვევა ჰიპოფიზზე ახდენს გავლენას. სწორედ ჰიპოფიზმა უნდა გამოიმუშაოს საკვერცხეზე მოქმედი ჰორმონები. ჰიპოთალამური ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს: წონის მნიშვნელოვანი კარგვა; ემოციური ან ფიზიკური სტრესი; ძლიერი, ენერგიული ვარჯიში; მძიმე დაავადება. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსის ფუნქციაზე. გარდა ამისა, მეორეული ამენორეის მიზეზებია: ჰიპოფიზის სიმსივნე ან სხვა დაავადება, რომელსაც შეუძლია, პროლაქტინის მატება გამოიწვიოს. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც განაპირობებს რძის პროდუქციას; ჰიპოთირეოიდიზმი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება; ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) დონის მატება. მიზეზი შეიძლება იყოს აღნიშნული ჰორმონების მიღება ან მათი ჭარბი პროდუქცია ორგანიზმში; საკვერცხეების უკმარისობა (ნაადრევი მენოპაუზა); პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი; აშერმანის სინდრომი - ეს არის მაგალითი საშვილოსნოს დაავადებისა, რომელიც ამენორეას იწვევს. მისი მიზეზია საშვილოსნოსშიდა სინექიები (შეხორცებები), რაც უმეტესად ხშირი და/ან უხეში კიურეტაჟის (გამოფხეკის) შედეგია. კონტრაცეფციის შემდგომი ამენორეადღეს ქალების დიდი ნაწილი ოჯახის დაგეგმვის მიზნით ჰორმონულ კონტრაცეფციას, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებს. მათი შეწყვეტიდან სამი თვის განმავლობაში მენსტრუალური ციკლი უნდა აღდგეს. წინათ მიაჩნდათ, რომ ჰორმონული კონტრაცეფცია ზრდიდა ამენორეის რისკს. დღეს ეს შეხედულება უარყოფილია. თუ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში ციკლი არ აღდგა, უნდა მიმართოთ ექიმს მეორეული ამენორეის მიზეზის დასადგენად. ამენორეის სიმპტომებიპირველადი ამენორეის სიმპტომია მენსტრუაციის არარსებობა 16 წლისთვის. მეორეული ამენორეის სიმპტომებია არსებული ციკლის შეწყვეტა, სულ ცოტა, სამი თვის განმავლობაში ზედიზედ ან საერთო ჯამში, მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში. არსებობს სხვა სიმპტომებიც. ისინი სხვადასხვა ხასიათისაა და ამენორეის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, შესაძლოა თავი იჩინოს ჰორმონული დარღვევებისა და მამაკაცური ჰორმონების სიჭარბის ნიშნებმა - ციკლის რეგულარულობის დარღვევამ, ჭარბთმიანობამ, ხმის დაბოხებამ, გამონაყარმა - აკნემ. პროლაქტინის მომატებით გამოწვეული ამენორეა სარძევე ჯირკვლიდან გამონადენით ვლინდება. როდის მივმართოთ ექიმს?ამენორეის დროს ექიმთან ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამენორეა ციკლის რეგულარული დარღვევაა და არა ერთჯერადი. ერთჯერადად დარღვევა ხშირად ემოციასთან, ავადმყოფობასთან ან სტრესთან არის დაკავშირებული და არ მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, მით უფრო - ძვირად ღირებული გამოკვლევების ჩატარებას. როგორ ტარდება დიაგნოსტიკა ამენორეის დროს? ამენორეის დიაგნოსტიკისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მენსტრუაციის დღიური. შეგიძლიათ, მენსტრუაციის დღეები პატარა კალენდარზე მონიშნოთ. ასეთი ჩანაწერის მეშვეობით ექიმი ადვილად მიხვდება, ჭეშმარიტად ამენორეასთან აქვს საქმე თუ უბრალოდ ციკლის რეგულარულობის დარღვევასთან. ამასთან ერთად ექიმი პაციენტს სრულყოფილად სინჯავს. ამგვარად მიღებული მონაცემების საფუძველზე იგეგმება შემდგომი კვლევები. სისხლის ჰორმონული გამოკვლევით ადგენენ საკვერცხის, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს პროლაქტინის, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის, ესტროგენის, თირეოტროპული ჰორმონის,  დიჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის, ტესტოსტერონის გამოკვლევა. განსაზღვრულ შემთხვევებში პირველ რიგში ტარდება ტესტი ორსულობაზე. ზოგჯერ იგეგმება ექოსკოპიური კვლევა, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. როგორ მკურნალობენ?ამენორეის ორივე სახის მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მკურნალობის მიზანია ჰორმონული დისბალანსის სიმპტომების შემსუბუქება, მენსტრუაციის აღდგენა, ამენორეასთან დაკავშირებული გართულებების პროფილაქტიკა და/ან უნაყოფობის ლიკვიდაცია. სამწუხაროდ, ყველა ამ მიზნის მიღწევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. როცა ამენორეის მიზეზია გენეტიკური ან ანატომიური დარღვევა (ჩვეულებრივ, პირველადი ამენორეის დროს), შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ანომალიების კორექციისთვის. ჰიპოთალამური ამენორეა,  რომელიც შესაძლოა წონის კარგვასთან, ჭარბ ვარჯიშთან, დაავადებებთან, ემოციურ დარღვევებთან იყოს დაკავშირებული, მიზეზის კორექციის შემდეგ უმეტესად აღმოიფხვრება. მაგალითად, წონის ნორმალური მაჩვენებლის მიღწევა ან ვარჯიშის ინტენსივობის შემცირება, თუ ამენორეის სხვა მიზეზები არ არსებობს, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ციკლის მოსაწესრიგებლად. ზოგჯერ საკმარისია კვების რეჟიმის შეცვლა, სრულფასოვანი კვების აღდგენა, ზედმეტად მკაცრ დიეტაზე უარის თქმა. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის დროს შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიონ ჰორმონული მკურნალობა, რაც შეამცირებს ესტროგენების შემცველობის დაქვეითებასთან დაკავშირებულ შემაწუხებელ სიმპტომებს და თავიდან აგვაცილებს ამავე მიზეზით გამოწვეულ გართულებებს, მაგალითად, ოსტეოპოროზს. ჰორმონული მკურნალობისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი საშუალებები. ამ პრეპარატების ნაწილს პაციენტები იცნობენ როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მეცნიერული გამოკვლევების შედეგების თანახმად, ასეთი მკურნალობა ასაკოვან ქალებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ერთგვარ რისკთან არის ასოცირებული, თუმცა ახალგაზრდა ქალებში, რომელთაც საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა აქვთ, ამ გზით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ძვლების დაზიანება. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს მკურნალობის მიზანია მამაკაცური ჰორმონების აქტივობის დაქვეითება. ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული ამენორეისას გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც პროლაქტინის დონეს ამცირებს. თუ ორსულობა იგეგმება, შეიძლება გონადოტროპული მედიკამენტების (საკვერცხეებში ფოლიკულის მომწიფების მასტიმულირებელი საშუალებების) გამოყენება. ფიტოთერაპიის როლიდღეს ბევრი ცალკეული მეწარმე თუ კომპანია გვთავაზობს ამენორეის სამკურნალო მცენარეულ საშუალებებს. მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო კვლევებით არ არის დადასტურებული. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ეს საშუალებები შემოწმებული არ არის, მათი ხარისხი უცნობია. ამიტომ ჯობს, მცენარეული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე დავრწმუნდეთ პრეპარატის ხარისხიანობაში, მივიღოთ გარანტია, რომ მცენარე ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოპოვებული. აუცილებლად უნდა შევუთანხმოთ ასეთი მკურნალობა ექიმს და გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ფიტოპრეპარატებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს და ვერ ცვლის სხვა ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს. რა გართულება მოჰყვება ამენორეას?ამენორეის უმნიშვნელოვანესი შედეგი უნაყოფობაა. ეს სერიოზული გართულებაა მათთვის, ვინც შვილის გაჩენას აპირებს. ესტროგენების დაბალი შემცველობა კი შესაძლოა ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის მიზეზად იქცეს. სხვა გართულებები ამენორეის გამომწვევ დაავადებებზეა დამოკიდებული. შეიძლება თუ არა, თავიდან ავიცილოთ ამენორეა?ამენორეა სიმპტომია და არა დაავადება. შესაბამისად, მისი პროფილაქტიკა გამომწვევი დაავადების პროფილაქტიკას გულისხმობს. გენეტიკურ ან თანდაყოლილ დაავადებებთან დაკავშირებული ამენორეის პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ ზედმეტ ვარჯიშსა თუ ტოპმოდელების აღნაგობის მიღწევის სურვილით განპირობებულ მკაცრ დიეტებთან დაკავშირებული ამენორეა ნამდვილად შეიძლება ავიცილოთ თავიდან. ამისთვის საკმარისია ნორმალური კვება, ფიზიკური დატვირთვა და დასვენება.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :