Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

აბორტი - რას გვიქადის იგი?

აბორტი - რას გვიქადის იგი?



იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი ოფიციალურად აკრძალული არ არის, მის შედეგად ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქალი იღუპება. წლის განმავლობაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 70 ათასს აღწევს. 24 წლამდე ასაკის ყოველ მე-3 და 30-დან 44 წლამდე ასაკის ყოველ მე-8 ქალს ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული აბორტი. ადრეულ ასაკში გაკეთებული აბორტი ასიდან 25-30 შემთხვევაში - დედის, ხოლო 20-25 შემთხვევაში - ნაყოფის სიკვდილის მიზეზია. გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი ქეთევან ადამია. - ქალბატონო ქეთევან, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ქალის ორგანიზმს აბორტმა? - აბორტი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაა. კონტრაცეფციისგან განსხვავებით, რომლის მიზანი ორსულობისგან თავის დაზღვევაა, აბორტი არის უკვე ჩასახული ნაყოფის მოცილება და განურჩევლად ორსულობის ვადისა, აბორტის მეთოდისა (მედიკამენტური, ინსტრუმენტული, ვაკუუმური და სხვა) თუ ზომისა (მინი თუ დიდი), სულიერი არსების მკვლელობას წარმოადგენს. თუმცა ამჯერად აბორტის ეთიკურ მხარეზე არ შევჩერდები, მხოლოდ მის ფიზიკურ შედეგებს განვიხილავ. თუ კონტრაცეფცია ყოველთვის არ ეწინააღმდეგება ბუნებას (ქალის ორგანიზმში ჩასახვა მხოლოდ გარკვეულ დღეებშია შესაძლებელი), უკვე შემდგარი ორსულობის შეწყვეტა ბუნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია და, გარდა იმისა, რომ სპობს უკვე ჩასახულ სიცოცხლეს, თავად ქალის ორგანიზმსაც აყენებს ზიანს. შედეგი პირველიჩანასახი საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული. მისი ძალისმიერი მოცილება იწვევს სისხლდენას. თუ აბორტი განხორციელდა სამედიცინო დაწესებულების გარეთ (კრიმინალური აბორტი), სისხლდენას შესაძლოა ქალის სიცოცხლეც კი შეეწიროს. თუ სისხლდენა აბორტის შემდეგაც გაგრძელდა, ეს ჩანასახის ნაწილის საშვილოსნოში დარჩენის ან საშვილოსნოს დაზიანების ნიშანია. ამ შემთხვევაში სისხლდენის საკუთარი ძალით შეჩერება კი არ უნდა ვცადით, არამედ აუცილებლად მივმართოთ ექიმს. შედეგი მეორეემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში რჩება ზედაპირული ჭრილობები და იქმნება მიკრობთა დასახლებისთვის ხელსაყრელი პირობები, ამიტომ აბორტის ყველაზე ხშირი გართულებებია ინფექცია და საშვილოსნოს ანთება (ენდომეტრიტი). ანთება ჯერ მწვავეა, შემდეგ კი ქრონიკულდება. არასტაციონარულ პირობებში გაკეთებული აბორტი შეიძლება სეფსისით (სისხლის მოწამვლით) დასრულდეს, რაც მეტად სახიფათოა. აბორტის ერთ-ერთი გართულებაა საშვილოსნოს ყელის შიგნითა პირის სპაზმი, ამიტომ აბორტის შემდეგ სისხლიანი გამონადენის არარსებობა, ისევე როგორც ჭარბი გამონადენი, არის პოტენციურად საშიში სიმპტომი, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს. ქრონიკული ენდომეტრიტი ცვლის საშვილოსნოს შიგნითა გარსს, კერძოდ, თრგუნავს მის მიერ ემბრიონის მიღების უნარს, ანუ იწვევს უშვილობას. ეს არის აბორტის შორეული გართულება, რომელიც, მართალია, არასასურველი ორსულობისგან თავის დაზღვევისას აქტუალური არ გვეჩვენება, მაგრამ გადის დრო, იცვლება ვითარება, ფასეულობები, ადამიანში მძლავრობს გვარის გაგრძელების ინსტინქტი, ექიმები კი უძლურნი არიან... უნდა გვახსოვდეს, რომ ქრონიკული დაავადებები შეიძლება თავიდან ავიცილოთ, მათგან განკურნება კი თითქმის შეუძლებელია. ქრონიკული ენდომეტრიტის ყველაზე "უწყინარი" სიმპტომებია პერიოდული ან მუდმივი ტკივილი წელის არეში და მუცლის ქვედა მიდამოში და მენსტრუაციის ხასიათის ცვლილება. ყოველივე ეს ძნელად ექვემდებარება ტრადიციულ მედიკამენტურ მკურნალობას. შედეგი მესამეორსულობის პირველსავე დღეს იწყება მთელი ორგანიზმის და, პირველ რიგში, მარეგულირებელი (ნერვული და ჰორმონული) სისტემების გადაწყობა. ზოგი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგისა იკლებს. ეს პროცესი მიმდინარეობს მთელი ორსულობის განმავლობაში ქალის დნმ-ს გენეტიკურ პროგრამაში ჩადებული კანონზომიერების შესაბამისად. აბორტი იწვევს ამ პროცესების მკვეთრ შეწყვეტას, ძლიერ ნერვულ და ჰორმონულ ცვლილებებს, რამაც, ბუნებრივია, არ შეიძლება ცუდი შედეგი არ გამოიღოს. ჰორმონული ცვლილებები განაპირობებს შინაგანი სეკრეციის ყველა ორგანოს, მათ შორის - საკვერცხეების, დისფუნქციას, რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევით იჩენს თავს. აბორტის შედეგად ზიანი ადგება: ფარისებრ ჯირკვალს, რამაც შეიძლება მისი დაავადების აღმოცენებამდე ან გამწვავებამდე მიგვიყვანოს; თირკმელზედა ჯირკვალს (როგორც ნებისმიერი სტრესის დროს), რაც არღვევს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის მამაკაცის სასქესო ჰორმონების რაოდენობას (რასაც მოჰყვება ჭარბთმიანობა და სხვა კოსმეტიკური პრობლემები) და ამცირებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას; ჰიპოფიზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი სახის სასქესო ფუნქციის მოშლა და ცენტრალური (და არა ანთებითი) ხასიათის უშვილობა. საზოგადოდ, ნერვულ-ჰორმონული პროცესების მკვეთრი შეწყვეტა, ისევე როგორც ძლიერი სტრესი, ჯანმრთელობის პრობლემების პროვოცირებას და უკვე არსებულთა გართულებას იწვევს. ამიტომ არის, რომ აბორტმა შეიძლება ნებისმიერი დაავადების გამომჟღავნებას მისცეს ბიძგი. გაურთულებელი აბორტი არ არსებობს. მართალია, ფიზიკურად ჯანმრთელი, ფსიქიკურად ძლიერი და კარგი გენეტიკის ადამიანი ამ ცვლილებებს გარკვეულ დრომდე ვერ გრძნობს, მაგრამ აბორტის შედეგები მოგვიანებით აუცილებლად იჩენს თავს. - გავრცელებული შეხედულებით, პირველი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ხშირად უშვილობით სრულდება...- საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკისას შესაძლოა დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი და განვითარდეს ენდომეტრიტი, რაც საშვილოსნოში ისეთ ცვლილებებს გამოიწვევს, რომ შემდგომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება შეუძლებელი გახდება. ასეთი რამ შეიძლება მოჰყვეს როგორც პირველი, ისე მომდევნო ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, უბრალოდ, ის, ვისაც შვილები უკვე ჰყავს, ამ ფაქტს ასე მტკივნეულად არ განიცდის. - მოდი, ორიოდე სიტყვით შევეხოთ აბორტის წარმოების მეთოდებსაც...- არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რამდენიმე მეთოდი: ინსტრუმენტული (საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა); ვაკუუმასპირაცია (მინიაბორტი); მედიკამენტოზური, ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა. ინსტრუმენტული აბორტიინსტრუმენტული აბორტი ხელოვნური აბორტის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნარკოზითაც (ძირითადად - ვენურით ან ეპიდურალურით). სპეციალური ინსტრუმენტით აფართოებენ საშვილოსნოს ყელს, შეჰყავთ კიურეტი და ფხეკენ საშვილოსნოს კედელს. ეს პროცედურა შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ ექიმმა სტაციონარში. ამ მეთოდის გამოყენებისას ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა მინიმალურია, თუმცა მას ბევრი ნაკლიც აქვს. მაგალითად, აბორტის საწარმოებელი ინსტრუმენტი საშვილოსნოში მიკრობებით დასახლებული ქვედა სასქესო გზებიდან შეჰყავთ, ამიტომ დიდია ინფექციის შეჭრის რისკი. ორსულობისას საშვილოსნოს კედელი შედარებით სათუთია, განსაკუთრებით - ემბრიონის მიმაგრების ადგილას, ამიტომ არსებობს მისი დაზიანების (პერფორაციის) ალბათობა. ეს გართულება იშვიათია, მაგრამ ძალზე საშიში. პერფორაციის შემთხვევაში ქალის გადარჩენა ზოგჯერ მხოლოდ საშვილოსნოს ამოკვეთითაა შესაძლებელი. ინსტრუმენტული აბორტი ბრმა მანიპულაციაა, ამიტომ ემბრიონის ნაწილის ჩარჩენა მაინც არ არის გამორიცხული. ამ შემთხვევაში აუცილებელია ხელმეორე გამოფხეკა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექოსკოპიური კვლევის ჩატარება პროცედურის წინ და მის შემდეგ. ინფექციური გართულების პროფილაქტიკისთვის აბორტის შემდეგ აუცილებელია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თერაპიის კურსის ჩატარება და ფიზიოთერაპია. ვაკუუმასპირაცია (მინიაბორტი)სიტყვა "მინი" მიუთითებს არა ჩარევის  მოცულობაზე, არამედ ორსულობის ვადაზე, უფრო სწორად, ჩანასახიანი კვერცხის დიამეტრზე. თუ ნაყოფიანი კვერცხი გადის ვაკუუმასპირატორის არხში, მაშინ მინიაბორტი შესაძლებელია. ეს მხოლოდ ექოსკოპიური გამოკვლევით განისაზღვრება. ვაკუუმასპირატორი არის დიდი შპრიცი გრძელი საცმით, რომელიც საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ. ამ შემთხვევაში ნაყოფის მთლიანად მოცილების ალბათობა ინსტრუმენტულ აბორტთან შედარებით მცირეა, ამიტომ მაღალია ნაყოფიანი კვერცხის ნაწილის ჩარჩენის რისკი - მინიაბორტის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს გამოფხეკაც. მედიკამენტური აბორტიამ დროს ქალი იღებს სპეციალურ პრეპარატს (გასაგები მიზეზის გამო, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებთ). ეს პრეპარატი პროგესტერონის, ორსულობის ჰორმონის, ანტაგონისტია. პროგესტერონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს და მის მოწყვეტას ენდომეტრიუმთან ერთად. დამოუკიდებლად, ექიმის ჩაურევლად, მუცლის მოწყვეტის მიზნით მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. მედიკამენტურ აბორტს აქვს იგივე გართულებები, რაც სხვა ტიპისას, გარდა ინფექციურისა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შესაძლოა ჰორმონული ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს. ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანაზოგჯერ აუცილებელი ხდება ორსულობის შეწყვეტა იმ დროს, როცა გამოფხეკა უკვე შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ამნიონის ბუშტში (სანაყოფე გარსში) შეჰყავთ ჰიპერტონული ხსნარი. ეს იწვევს ნაყოფის სიკვდილს, ორსულობის შეწყვეტას და ხელოვნურ მშობიარობას.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :