Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

სტეფან ბანდერა – საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია

სტეფან ბანდერა – საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია

2012-07-13 00:16:00

საქართველოში მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" საკონფერენციო დარბაზში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილმა კანადელმა ჟურნალისტმა სტეფან ბანდერამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნოდ მედიის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად "ღია დემოკრატიის კომიტეტის" მოწვევით ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ისე ჟურნალისტებთან. "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხრივ, თუმცა, თავისუფალი მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების მისამართით ხორციელდება. ჟურნალისტები, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის დაძაბულ სიტუაციაში არიან, თუმცა როდესაც საქმე ეხება მათ მიმართ ძალადობასა და დაშინებას, რაც გუშინ კარალეთში მოხდა, ეს სულ სხვა საკითხია",- განაცხადა სტეფან ბანდერამ. მისივე ინფორმაციით, "ღია დემოკრატიის კომიტეტის" დამკვირვებლები გუშინდელი ინციდენტისას დაშავებულ სამ ჟურნალისტსა და 10 მოქალაქეს შეხვდნენ და შეკითხვებიც დაუსვეს. "ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი დაშავდნენ არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად, მათი პროფესიის გამო. ერთ შემთხვევაში ჟურნალისტს თავს დაესხა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც სამაგიეროს გადახდა იყო იმისთვის, რომ ჟურნალისტს დაწერილი ჰქონდა სტატიები ამ პირის შესახებ. მეორე შემთხვევაში ჟურნალისტმა და ოპერატორმა განაცხადეს, რომ მათ თავს დაესხა რამდენიმე ათეული მამაკაცი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი "ინფო 9"-ში უშაობენ. ერთ-ერთს სასტიკად გაუსწორდნენ, მიწაზე დაცემულს ფეხით სცემდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთ დამკვირვებელს "რეალ ტივის" ჟურნალისტმა უთხრა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ", - აღნიშნა სტეფან ბანდერამ. მისივე განმარტებით, "ღია დემოკრატიის კომიტეტი" ამგვარ ფაქტებზე დაკვირვებას მომავალშიც განაგრძობს. თუმცა როგორც სტეფან ბანდერამ აღნიშნა, ამ ეტაპზე თვალში მოხვდა ჟურნალისტებს შორის სოლიდარობის ნაკლებობა. "მათ ერთად უნდა დაგმონ მსგავსი ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომელ არხზე მუშაობენ ისინი ან ვის მიმართ არიან სიმპათიით განწყობილი. ისეთ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩა არსებობს, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაშვებული არ უნდა იყო", - აღნიშნა სტეფან ბანდერამ.მისივე ინფორმაციით, "ღია დემოკრატიის კომიტეტი" საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დაკვირვებას არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდშიც განაგრძობს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :