Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ბრაზილია VS ხორვატია - იწყება თავდავიწყება!

ბრაზილია VS ხორვატია - იწყება თავდავიწყება!

2014-06-12 11:40:00

12 ივნისიდან მთელი მსოფლიო საფეხბურთო ცხოვრების რეჟიმში გადადის. ვულოცავთ ყველას, ვისაც უყვარს ფეხბურთი, რადგან ეს ერთი თვე ფეხბურთის მოყვარულისთვის ნეტარების მწვერვალს ნიშნავს და ვიზიარებთ ისეთების მწუხარებას, ვისაც ფეხბურთი არ უყვარს, რადგან ამ ერთი თვის განმავლობაში მათ გარშემო ყველა ფეხბურთით იცხოვრებს, ისინი კი, ვინც სპორტის ამ გენიალური სახეობის მიმართ გულგრილნი არიან, თამაშგარე მდგომარეობაში იქნებიან. თუმცა თქვენ, ჰო თქვენ, რაკი გაზეთ "ლელოს" და მით უმეტეს, კონკრეტულად ამ სტატიას კითხულობთ, ესე იგი ფეხბურთი გიყვართ და მაშასადამე, თამაშგარეში არ ხართ. ჰოდა, გილოცავთ! დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი, ანუ, უდიდესი საფეხბურთო ზეიმი იწყება!ჯერ გახსნის ოფიციალური ცერემონიით ვისიამოვნებთ, მერე კი, ჩვენი დროით ზუსტად შუაღამეს, 2014 წლის მუნდიალი თავისი პირველი მატჩით დაგვატკბობს: სან პაულუში, არენაზე, რომელიც 68 000 მაყურებელს იტევს, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.ბრაზილიელების მისიას საშინაო მუნდიალზე დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება: "სელესაო" მსოფლიოს რიგით მეექვსე ჩემპიონობას უმიზნებს. ნებისმიერი სხვა შედეგი ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდს წარუმატებლობაში ჩაეთვლება და ამდენად, ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ბრაზილია ამ დღეს და ამ თვეს 2007 წლიდან ელოდა და იოლი წარმოსადგენია, როგორი განწყობა იქნება "არენა დე სან პაულუს" ტრიბუნებზე და ზოგადად მთელს ბრაზილიაში.მსოფლიოს ეს ჩემპიონატი მასპინძელი გუნდის ქომაგობის მხრივ სამაგალითო უნდა იყოს - განსხვავებით წინა მუნდიალისგან, როცა სამხრეთ აფრიკამ თავი მხოლოდ ყურთასმენის წამღები, ნერვების დამაწყვეტარი "ვუვუზელათი" დაგვამახსოვრა. ბრაზილიაში "ვუვუზელები" და ხელოვნურად შექმნილი საფეხბურთო გარემო გამორიცხულია - ბრაზილიას ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარს, ბრაზილიელები ფეხბურთს ყველაზე დიდი ვნებით თამაშობენ და ქომაგობენ. ფეხბურთის გულშემატკივრებს ამის გამოც მოსალოცად გვაქვს საქმე.სკოლარიმ "სელესაო" 2012 წელს ჩაიბარა, თავიდან პრობლემები ჰქონდა, მერე კი გუნდი ნელ-ნელა ისე აათამაშა, როგორც ამ ქვეყანას და ამ ნაკრებს ეკადრება. ბრაზილიის ნაკრებს გასაგები მიზეზების გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე არ უთამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არ ჩავთვლით კონფედერაციათა თასს, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ტესტ-მატჩებს ატარებდა. თუმცა "სელესაომ" კონფედერაციათა თასზე მშვენივრად ითამაშა - ფინალში გავიდა და იქ ესპანეთი 3:0 დაამარცხა. ამ ტურნირის შემდეგ კი ბრაზილიელები მხოლოდ ტესტ-მატჩებს მართავდნენ და შვეიცარიასთან შეხვედრის გარდა (0:1), ყველა ამხანაგური თამაში მოიგეს.ხორვატიის ნაკრები ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი და უდავოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. ხორვატი ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ წინა მუნდიალზე ვერ გააღწიეს, ამ გუნდისადმი ზერელე დამოკიდებულება თვით ბრაზილიის ნაკრებსაც ვერ ექნება - ყველას გვახსოვს 1998 წელი და დავორ შუკერის, ზვონიმირ ბობანისა და სხვა ბრწყინვალე "მეომრების" სენსაციური ხორვატია, რომელმაც მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. აქვე გაგახსენებთ, რომ ნიკო კოვაჩის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა (ბელგიას ჩამორჩა), პლეი ოფში კი ისლანდია დაჯაბნა (0:0, 2:0).ვინ შეაჩერებს ნეიმარ-ოსკარ-ჰალკის ტრიოს?მიუხედავად ხორვატიის ნაკრებისადმი უდიდესი პატივისცემისა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ფავორიტად ბრაზილიის ნაკრები უნდა შეირაცხოს. ევროპელებისთვის რთულად შესაგუებელი კლიმატი, ფანატიკოსი გულშემატკივრები და ინდივიდუალური კლასი - აი, მთავარი მიზეზები იმისა, თუ რატომაა "სელესაო" ამ მატჩის აშკარა ფავორიტი. სკოლარის ყველა პოზიციაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავს, გუნდის უმთავრესი იმედი კი ნეიმარია, რომელთან ერთადაც, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში შემტევი ნახევარმცველების სამეულს ოსკარი და ჰალკი აკომპლექტებენ.ამრიგად, კოვაჩის და მისი შეგირდების უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ ტრიოსთვის ფეხბურთის თამაშით მისაღები სიამოვნების გაქრობა უნდა იყოს. ამ მისიაში მთავარი როლი უდავოდ ხორვატთა მთავად იმედს, ლუკა მოდრიჩს დაეკისრება, რომელიც მადრიდის "რეალის" ლეგიონერია და თამაშის ინტელიგენტური სტილით ბრაზილიელებთან ტოლ-სწორად პაექრობა ხელეწიფება. ხორვატიის ნაკრებისთვის დადებითი ფაქტორია ისიც, რომ კოვაჩის გუნდს ამ შეხვედრაში დასაკარგი არაფერი აქვს და შეუძლია, თავისუფლად ითამაშოს.ბრაზილიელებს ეს მსაჯი არ უყვართ!მუნდიალის პირველ მატჩს იუიჩი ნიშიმურა განსჯის - 42 წლის იაპონელი არბიტრი, რომელიც ბრაზილიელებს გულზე არ ეხატებათ. ეს ის კაცია, ვინც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელთა უკანასკნელი მატჩი იმსაჯა და გაგახსენებთ, რომ "სელესაომ" ის მეოთხედფინალური შეხვედრა ჰოლანდიასთან 1:2 დათმო. იმ თამაშში იაპონელ რეფერის ბევრი საქმე ჰქონდა და ბრაზილიელები პირველ რიგში იმის გამო ვერ იტანენ, რომ არიენ რობენთან უხეშობის გამო ფელიპე მელო მოედნიდან გააძევა...ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :