Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

შარდკენჭოვანი დაავადება

შარდკენჭოვანი დაავადება



შარდკენჭოვანი დაავადება თირკმელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ის გვხვდება ყველა ასაკში, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. სადღეისოდ უროლითიაზით დაავადებულები იმ პაციენტთა თითქმის ნახევარს შეადგენენ, რომლებიც უროლოგიური დახმარებისთვის მიმართავენ ექიმს. ამ დაავადების მკურნალობა მოითხოვს თანამედროვე დიაგნოსტიკის, შარდკენჭოვანი დაავადების რაციონალური მკურნალობის მეთოდებისა და ქვების მოცილების თანამედროვე პრინციპების ფართო ცოდნას. მიზეზებიშარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი მიზეზი თანდაყოლილია - ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელსაც უხსნადი მარილების წარმოქმნა მოსდევს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აქვს შარდკენჭოვანი დაავადებისადმი თანდაყოლილი განწყობა, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე დაავადება არ ვითარდება. ასეთი ფაქტორებია: კლიმატი. ცხელ სარტყლებში ადამიანი გაცილებით მეტ ოფლს გამოყოფს, ვიდრე საშუალო კლიმატის რეგიონებში. შედეგად ორგანიზმში იზრდება ზოგიერთი მარილის კონცენტრაცია და შესაძლოა, ქვების წარმოქმნა დაიწყოს; გეოგრაფიული ფაქტორი. აქ მთავარ როლს ასრულებს წყლის შემადგენლობა (კალციუმის მარილებით მდიდარი ხისტი წყალი უროლითიაზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს) და საკვები (მწარე და მჟავე საკვები შარდის მჟავიანობას ზრდის, რის გამოც ქვები გაცილებით ადვილად წარმოიქმნება); ულტრაიისფერი სხივებისა და საკვებში ვიტამინების ნაკლებობაც ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს, ისევე როგორც ტრავმები და ძვლის დაავადებები - ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი; კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, წყლულოვანი დაავადება; ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება, რომელიც მოწამვლას ან ინფექციურ დაავადებას შეიძლება მოჰყვეს; თირკმელებისა და შარდსასქესო სისტემის ორგანოთა დაავადებები - პიელონეფრიტი, ჰიდრონეფროზი, ნეფროპტოზი (თირკმლის დაწვა), ცისტიტი, პროსტატის ადენომა, პროსტატიტი და სხვა. სიმპტომებიშარდკენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტების ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და ლოკალიზაციაზე. წამყვან სიმპტომებად მიიჩნევა ტკივილი და შარდში სისხლის მინარევის არსებობა. ტკივილი - იწყება წელის ან მუცლის არეში, შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ, პერიოდული ან მუდმივი. შარდსაწვეთის ქვები იწვევს ტკივილის მწვავე შეტევებს (თირკმლის კოლიკა) საზარდულის მიდამოში, სასქესო ორგანოებსა და ბარძაყში ირადიაციით (გადაცემით). ბოქვენის მიდამოში ტკივილის მიზეზი შესაძლოა შარდის ბუშტში არსებული ქვები იყოს. ჰემატურია (სისხლი შარდში) დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნება. ძლიერდება სიარულის დროს. უძლიერესი ტკივილების გარდა, შარდკენჭოვანი დაავადება იშვიათად მიმდინარეობს გართულებების გარეშე. შედარებით ხშირად გვხვდება ქრონიკული პიელონეფრიტის გამწვავება. შარდის გამოყოფის დარღვევის გამო ვითარდება ჰიდრონეფროზი, რაც მკვეთრად არღვევს თირკმლის ფუნქციას. ყველაზე საშიშ გართულებად თირკმლის უკმარისობა ითვლება. თირკმელებში ქვების ხანგრძლივი არსებობით გამოწვეული ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების შედეგად წარმოიშობა თირკმელისმიერი არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება). შარდკენჭოვანი დაავადების კიდევ ერთი სიმპტომი - მოშარდვის მკვეთრი უმიზეზო მოთხოვნა - თავს იჩენს სიარულის, ფიზიკური დატვირთვის, რყევის დროს. შარდვისას შეინიშნება ერთგვარი ჩავარდნის სიმპტომი - მოულოდნელად შარდის ნაკადი წყდება, თუმცაღა ავადმყოფი გრძნობს, რომ შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი, და შარდვის პროცესი მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ახლდება. მძიმე შემთხვევებში, როცა ქვა მეტისმეტად დიდია, ავადმყოფს შარდვა მხოლოდ წოლისას ძალუძს. შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასასმელად, საშარდე სისტემის ორგანოებში ანატომიური და ფუნქციური ცვლილებების გამოსავლენად აუცილებელია ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევა ქვების ლოკალიზაციის, რაოდენობისა და ზომების გარკვევის მიზნით, ასევე - გართულებებისა და თანამდევი დაავადებების დასადგენად, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევას. დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებად მიიჩნევა სისხლისა და შარდის კომპლექსური გამოკვლევა, სხივური მეთოდები (ექოსკოპია, რენტგენოლოგიური მეთოდები, კომპიუტერული ტომოგრაფია) და თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა. შარდის ბუშტის ქვებიეს შედარებით გავრცელებული დაავადება უმეტესად ბიჭუნებსა და მოხუცებულ მამაკაცებს ემართებათ. ქვები ან თირკმელებიდან ჩამოდის შარდის ბუშტში, ან მასშივე ჩნდება. შარდის ბუშტში ქვების წარმოქმნას ან შეჩერებას ის ფაქტორები იწვევს, რომელთა გამოც გაძნელებულია შარდის გამოყოფა. მათ რიცხვს მიეკუთვნება პროსტატის ადენომა ან კიბო, შარდგამომყოფი არხის სტრიქტურა, შარდის ბუშტის დივერტიკული, სიმსივნე, ტრავმა და უცხო სხეული. ბავშვებში შარდის ბუშტის კენჭების წარმოქმნას არცთუ იშვიათად ხელს უწყობს ფიმოზი, ბალანოპოსტიტი, გარეთა ხვრელის შევიწროება. შარდის ბუშტის ქვებს სხვადასხვა ფორმა, ზომა და წონა აქვს. ისინი ერთეულიც შეიძლება იყოს და მრავლობითიც. მათი ქიმიური შემადგენლობა, კონსისტენცია და ფერი ისეთივეა, როგორიც თირკმლის კენჭებისა. შარდსაწვეთის ქვებიშარდსაწვეთში მცირე ზომის (5-6 მმ-ზე ნაკლები) კონკრემენტების არსებობისას კონსერვატიული ანუ მედიკამენტური მკურნალობით შესაძლებელია მათი 80%-ის გამოძევება. თუ ქვები დიდი ზომისაა (7-დან 20 მმ-მდე), ნაჩვენებია დისტანციური ლითოტრიფსია, რომლის ეფექტურობა ქვების ლოკალიზაციაზე, მათ ზომასა და სიმკვრივეზეა დამოკიდებული. შარდსაწვეთის ქვების მკურნალობის არანაკლებ ეფექტური მეთოდებია ურეთროსკოპია და კონტაქტური ლითოტრიფსია. ზოგადი ნარკოზის თანხლებით შარდსაწვეთში შეჰყავთ ურეთროსკოპი, რომლის საშუალებით ათვალიერებენ შიდა სივრცეს. შემდეგ პნევმატური, ულტრაბგერითი ან ლაზერული ლითოტრიპტორით კონკრემენტს ნაწილებად შლიან. მსხვილი ნაწილები სპეციალური იარაღით გამოაქვთ, დანარჩენი თავისით გამოდის. ამ ოპერაციის ეფექტიანობა 60-95%-ია. რაც უფრო მაღლაა შარდსაწვეთში ქვა, მით უფრო ნაკლებეფექტურია კონტაქტური ურეთროლითოტრიფსია. დისტანციური და კონტაქტური ლითოტრიფსიის შემთხვევაში, როცა გამოვლენილია დიდი ზომის (2 სანტიმეტრი და მეტი) ქვა, მიმართავენ ლაპაროსკოპიულ ოპერაციას, რომელიც სადღეისოდ ღია წესით ჩატარებული ოპერაციის ალტერნატივად ითვლება, ხოლო როცა რაიმე მიზეზით (გამოხატული ანთებითი პროცესი ან შეხორცებები საოპერაციო ადგილზე) ამ მეთოდსაც ვერ იყენებენ, კეთდება ღია ოპერაცია - ურეთროლითოტომია. თირკმლის ქვებიდიდი რაოდენობით ცხოველური ცილის (ხორცი, თევზი) მიღება ხელს უწყობს კალციუმის კარგვას, რომელიც ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ეს კი ნიშნავს შარდში კალციუმის რაოდენობის მომატებას, რაც შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ასეთი ეფექტი ნაწილობრივ მცირდება, როდესაც რაციონში ბევრია კალიუმი და ვიტამინი ბ6, რომლებიც აუცილებელია მჟაუნმჟავას გასახლეჩად. თუ გაქვთ გენეტიკური განწყობა ქვების წარმოქმნის მიმართ, ეცადეთ, ჭარბად არ მიიღოთ ცილოვანი საკვები. მცენარეული წარმოშობის სურსათი არ შეიცავს ყველა საჭირო ამინმჟავას, მაგრამ სოიის ცილა ამ მოთხოვნას ნამდვილად შეესაბამება. თუ ვეგეტარიანელობას გადაწყვეტთ, - შარდკენჭოვანი დაავადების ხშირმა რეციდივმა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილებაც მიგაღებინოთ,  - აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეუცვლელი ამინმჟავების ყოველდღიურ მოთხოვნას დაგიკმაყოფილებთ. მცენარეული საკვები, უფრო სწორად, მცენარეული ბოჭკოვანი ნივთიერება, ყოველდღიურად 40-50 გრამი, აქვეითებს კალციუმის შეთვისების ინტენსივობას და ხელს უწყობს დაავადების განვითარების თავიდან აცილებას. 2-2,5 ლიტრი სითხის რეგულარული მიღება თირკმელებისა და საშარდე გზების მუდმივ გამორეცხვას უზრუნველყოფს. დიდი რაოდენობით ნატრიუმის მიღება (პირველ რიგში, სუფრის მარილის სახით) შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფას უწყობს ხელს, შარდში კალციუმის მაღალმა შემცველობამ კი შესაძლოა თირკმელებში კალციუმშემცველი ქვების ჩამოყალიბება გამოიწვიოს. თუ ამ დაავადებასთან უკვე გქონდათ შეხება, ნუ გადაამლაშებთ საკვებს და ერიდეთ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, დამარილებული ხორცი, თევზი და მჟავე კომბოსტო. ოქსალატებით მდიდარი პროდუქტები კალციუმთან შეერთებისას ქმნიან მყარ ნალექებს - ქვებს. შეზღუდეთ პარკოსნების, კაკაოს, ხსნადი ყავის, ოხრახუშის, რევანდის, ისპანახის, ჩაის, სტაფილოს, ჭარხლის, შოკოლადის, ქაშაყის, კიტრის, გრეიპფრუტის, კომბოსტოს, ტკბილი კარტოფილის, ბარდის, წიწაკის ოდენობა - ყველა ეს პროდუქტი ოქსალატებით არის მდიდარი. შაქრით მდიდარი რაციონი (ჩვეულებრივი შაქარი, სიმინდის ბადაგი, მაღალი რაოდენობის ფრუქტოზის შეცველი სიროფი) ასევე ხელს უწყობს შარდში კალციუმის დონის მომატებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის თირკმელში ქვების ჩამოყალიბებისთვის. გარდა ამისა, შაქარი ასტიმულირებს ოქსალატებისა და შარდმჟავას (კიდევ ერთი ტიპის ქვების კომპონენტი) შემცველობის მომატებას. კოფეინისა და ალკოჰოლის გავლენით სტიმულირდება შარდით კალციუმის დაკარგვის პროცესი, რაც ზრდის კალციუმშემცველი ქვების წარმოქმნის შესაძლებლობას. კალციუმის შარდით დაკარგვა იმატებს ქალებში, რომლებიც ესტროგენებს იღებენ. რადგან ც ვიტამინის გახლეჩის დროს ორგანიზმში ოქსალატი ან მჟაუნმჟავა წარმოიქმნება, ამიტომ ამ ვიტამინის მაღალმა დონემაც შეიძლება კალციუმის ოქსალატის შემცველი ქვების წარმოქმნას შეუწყოს ხელი. თუმცა რამდენიმე გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შარდში ოქსალატების შემცველობა დიდად არ იმატებს, თუ ც ვიტამინის ოდენობამ დღეში 6 გრამს არ გადააჭარბა და ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, საფრთხე უმთავრესად მათ ემუქრებათ, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადებისადმი წინასწარი განწყობა აქვს. სხვათა შორის, ვიტამინ ბ6-ის მიღებით შარდში ოქსალატების შესამჩნევი მომატება შეიძლება თავიდან აიცილოთ. დაბოლოს, უთუოდ უნდა ითქვას, რომ საშარდე სისტემიდან ქვების მოშორება არ არის გამოჯანმრთელების კრიტერიუმი, რადგან ქვები უმეტესად ისევ წარმოიქმნება. ოპერაციული ჩარევით შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა არ მთავრდება. წყალმარილოვანი ცვლის კორექციისა და ქვების ხელახალი წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია საკმაოდ ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობით.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :